10 მარტი, 2022

ჯემალ ქარჩხაძე ყველაზე მთავარზე

ყველასთვის სხვადასხვა რამ არის ამ ცხოვრებაში მთავარი. მწერალ ჯემალ ქარჩხაძისთვის ყველაზე მთავარი მომავალი თაობა იყო:

“დღეს მოქმედ თაობებს, მე ვფიქრობ, აღარაფერი ეშველება (ცხადია, გამონაკლისებს არ ვგულისხმობ). ისინი განწირული თაობებია. ხსნის ერთადერთი იმედი კი ისაა, რომ ჩვენი მრავალწახნაგოვანი სენი გენეტიკურ კოდში – ჯერჯერობით მაინც – არაა ჩადებული და მემკვიდრეობით არ გადაეცემა. ამიტომ ჩვენი ბავშვები – ვთქვათ ათი წლის ასაკამდე – სუფთა და ჯანმრთელნი არიან და მათი დასნეულება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია. ჩვენვე შეგვიძლია – ოღონდ ეს ძნელია – დასნეულებისაგან დაცვა. ასე რომ, თუ განწირული თაობები იპოვიან ძალას, თავგანწირულ თაობებად იქცნენ, საქართველო ოც-ოცდაათ წელიწადში ისეთი გახდება, როგორიც საუკეთესო ოცნებებში გვიხილავს.

მაგრამ ვიპოვით ძალას, რომ საკუთარი თავი უარვყოთ? თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, როგორც ვმალავთ ცოდვებს, როგორ ,,ვიუმჯობესებთ” ბიოგრაფიებს და როგორ ვაყრით მიწას საკუთარ წარსულს, საფიქრებელია, ძალიან გვიჭირს თვალთმაქცობაზე უარის თქმა, ძალიან გვეშინია თავისუფლების ნემსის და შესაბამისად, ქვეყნის ხვალინდელ დღესაც თავზე დიდი და ეჭვიანი კითხვის ნიშანი ჰკიდია.

არადა, სხვა საშველი არ არის. ერთადერთი საშველი ისაა, მომავალ თაობას ვუშველოთ. მათ ბევრი არაფერი სჭირდებათ ჩვენგან, მხოლოდ ის, რომ ჩვენი მოწამლული ფსიქიკა არ გადავდოთ და ჩვენი მღვრიე სული არ ჩავუდგათ. დანარჩენს თვითონ იზამენ, ვინაიდან მრავალი ძარღვი (მათ შორის ნიჭი) ჯერ კიდევ ცოცხალი და ჯანსაღი გვაქვს. მაგრამ ვიპოვით კია ჩვენ – ძალიან ხარბები, ძალიან ფარისევლები, ძალიან უგუნურები და ძალიან მორჩილები – საჭირო ძალას? არ ვიცი…”