28 მარტი, 2022

გიორგი ლობჟანიძის გასაოცარი სიტყვები

პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე თავისი გულწრფელობით ხიბლავს მკითხველს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს მან საოცარი ლექსი მიუძღვნა, რომელიც რამდენიმე ენაზე უკვე ითარგმნა:

“ადამიანი, ოდესღაც… დაბომბვამდე
იქნებ, მართლა თეატრის ნანგრევებიდან იწყება სიცოცხლე,
როცა დამსხვრეული ნიღბების ქვეშ რაღაც შეირხევა,
რაც ოდესღაც ადამიანი იყო…
დაბომბვამდე…
ქვემოთ კი,
სარდაფში ბავშვები არიან.
გაუძლებს სარდაფი?.
სად არის მიწისქვეშეთის ანგელოზი?
არის კი მიწისქვეშეთში ანგელოზი?
თუ მიწისქვეშეთის ანგელოზი უკვე ეშმაკია?
დაბომბილი კორპუსის
ღია, ჩალეწილ ფანჯარაში
ფარდა კონწიალობს…
ოთახი ფარდის ენას უყოფს მოძალადეებს
და ეუბნება, რომ ამ ფარდის უკან
სულ სხვანაირი სპექტაკლი დაიწყება:
ხელფეხმოგლეჯილი,
თვალებამოთხრილი,
მუცელგაფატრული თოჯინების
მონაწილეობით….
ქუჩაში, ნანგრევებში მოაბიჯებს
მაღალი, ქერა, შეშლილი ქალი,
ხელში
ხელებმოწყვეტილი თოჯინა აუტატებია
და გაყინული თვალებით
გაციებული მზერით
უმღერის:
იავნანა, ვარდონანა,
ჩემო თოჯინაო,
აღარ არის ჩვენი თბილი,
და მყუდრო ბინაო.
ნუ გგონია, მეშინია,
დარდს ვერ ვერევიო,
განა მართლა მცირენი ვართ
მცირე ერებიო.
ცხრაჯერ გვკლავენ,
ცხრაჯერ ვცოცხლობთ,
როგორც კატებიო,
გარიჟრაზე
ცაზე სხივად
დაიხატებიო.
დედის მკერდში მიგიგნია
შენ მყუდრო ბინაო,
სხვა სამშობლო გელოდება,
სხვა უკრაინაო.
აქ ეს მღერის,
იქ კი სარდაფში,
ძველი ნიღბების ნატეხებში იშმუშნება
ახალი სიცოცხლე,
საღ, თოთო ხელებს იწვდის
მომავლისკენ
და ჰაერს ისე ებღაჭაუება,
თითქოს დედის მკერდი იყოს,
საიდანაც სიმართლე გადმოჩქეფს.
მიწისქვეშეთში ანგელოზები არ არიან.
მარიოპოლის თეატრის სარდაფში ყოფილხარ, ღმერთო!”