31 მარტი, 2022

გენიოსი თინათინ მღვდლიაშვილი

პოეტმა თინათიან მღვდლიაშვილმა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში – 1995 წელს – ქართულ ანბანს გენიალური ლექსი “ოცდაცამეტი ოქროს მტევანი” მიუძღვნა:

ოცდაცამეტი ოქროს მტევანი

(ა ნ ბ ა ნ თ ქ ე ბ ა)

“ანი მეფეა ასოთა, –
აპრილი, ალი, არაგვი…
ანის გარეშე ვერ გაძლებს
ზღაპარია თუ არაკი.
ბანი ასოა ბრიალა,
ანბანში არ ჰყავს ბადალი.
ბანის გარეშე, ბავშვებო,
ობლად დაგვრჩება ანბანი.
განი ანბანის განძია, –
გიორგი, გული, გელათი…
განი გვიყვარდეს, ბავშვებო,
ანბანის ჯაჭვის პერანგი.
დონი უსაზღვროდ თბილია, –
დედა, დაიკო, დიდედა…
დონმა ადიდა ანბანი, –
ცოდნის ლამპარი იბერთა.
ენი ასოა ელვარე
და ენით აღუწერელი…
ანბანის ერთი ფესვია
და წყარო დაულეველი.
ვინი ვაზია ივერთა,
ვარდობის თვეში გაზრდილი,
ვინი, ვით ველთა ყვავილი,
ანბანში არის ჩაზრდილი.
ზენი ანბანის ზარია, –
ზეცა, ზღვაა და ზღაპარი…
ზენი ასოა მზისფერი,
ზაფხულია და ზამთარი.
თანი გულთეთრა ასოა
და თავად თინათინია…
თანი – ქათქათა თბილისი,
თანი – თოვლი და თრთვილია.
ინი ანბანის იაა,
ივნისია და ივლისი,
ინი ისეთი ნაზია,
ისე საოცრად ფაქიზი.
კანი ასოა კეთილი
და ნაკადული კრიალა…
კანმა ანბანის მინდორზე
კისკისით ჩაიკრიალა.
ლასი ანბანის გულია,
ვით სალოცავი სამება…
ანბანის დიდმა შემქმნელმა
ლასი ზეცამდე ამეფა.
მანი მორცხვია ძალიან,
მაგრამ ლომივით მამაცი,
თავდახრილ ასოებს შორის,
მანია მათი თავკაცი.
ნარი ნათელი ასოა,
ნებიერი და ნარნარი,
ონის მეზობლად ბინადრობს,
მეგობარია მთავარი.
ონი ისეთი კარგია,
ისეთი მოსაფერები…
ორივ მხრივ შემკობილია
მარცვლებით ოქროსფერებით.
პარი ასოა პრანჭია
და ნაზი, როგორც პეპელა…
ანბანის ფერად მინდორზე,
ფრთებს აპარპაშებს ნელ-ნელა.
ჟანი ჟღარუნა ასოა,
ჟუჟუნა წვიმით ნაპკური,
ანბანის მწიფე ვენახის
ტკბილი მარცვლების ნაჟური.
რაე რაინდთა ასოა,
თუმცა, წააგავს მერცხალსაც…
ანბანში თუ გაგვიბრაზდა,
მრისხანეა და მკვეხარაც.
სანი სიცოცხლის ასოა,
სრულქმნილი, სრულფასოვანი…
და საროს ტანზე აცვია
სამოსი – ფერი სოსანის.
ტარი ტანსრული ასოა,
ჩაცმული ოქროს პერანგში,
ჩატკბილებული მტევანი
ანბანის ტურფა ვენახში.
უნი ასოა უმანკო,
ურჩი და გაუტეხელი…
და თუ ანბანმა ინება
ციხეა აუღებელი.
ფარი ანბანის ფარია,
ფარი – ფიქრი და ფერია…
რვეულის სუფთა ფურცელზე
ფარი ზის, როგორც ფერია.
ქანი ანბანის ქებაა,
ქარბუქია და ქნარია…
მფარველობს ქართულ ასოებს
და დაქრის, როგორც ქარია.
ღანი ასოა ღვთიური,
ღანი ხომ ერთადერთია…
დაბლა – მღელვარე ზღვაა და,
მაღლა – მაღალი ღმერთია.
ყარი ყოჩაღი ასოა,
წელზე სარტყელი არტყია,
ყელი აქვს ყაყაჩოსფერი,
მაგრამ ენა აქვს ავყია.
შინი ანბანის შუქია,
შარავანდედით შემკული,
წმინდა გიორგის შუბია,
მტერთან უშიშრად შებმული.
ჩინი მჩქეფარე ასოა,
ხან ჩუმი, ხან კი – ჩხრიალა.
ჩინმა ანბანის ჩანჩქერში
ჩუხჩუხით ჩაიჩხრიალა.
ცანი ციმციმა ასოა,
ცისფერია და ცქრიალა,
ცანმა ანბანის ცარგვალზე
სიცილით გაიცქრიალა.
ძილი ფუძეა ანბანის,
ძილი ასოა ძირძველი,
ზოგჯერ ძალიან მძაფრია,
ზოგჯერ – ძალიან ძლიერი.
წილი ანბანის წყაროა,
წმინდა და მიუწვდომელი,
წვიმის წვეთივით წკრიალა
და მწარე წუთისოფელი.
ჭარი ანბანის ჭა არის,
ჭკვიანია და ჭრიჭინა…
ჭარმა ანბანის ჭალაში
ჭრიალით გაიჭრიჭინა.
ხანი ბერმუხა ხეა და,
ხანი ხატი და ხმალია!..
ხანდახან – სახრე ანბანის,
ხანდახან, თვითონ ხარია!..
ჯანი ანბანის ჯვარია,
სამშობლოს წარსულს გვახსენებს…
ჯვარი ეწეროთ ანბანის
უძველეს, ქართულ ასოებს.
ჰაე ანბანის სუნთქვაა,
ჰაერია და ხმელეთი…
ჰაეს რომ იტყვით, ბავშვებო,
არ დაგავიწყდეთ – ჰერეთი!..”