14 მარტი, 2022

დათო ტურაშვილის ძალიან კარგი წერილი

მწერალი დათო ტურაშვილი ძალიან კარგ წერილს გვთავაზობს რუსული აგრესიისა და უკრაინელების გმირობის შესახებ:

“ნამდვილად ვერ ვიქნები განსაკუთრებული ამ მოვლენების შეფასებისას, რადგან ნებისმიერი კეთილი ადამიანისთვის ცხადია, რომ ამ ბოროტი იმპერიის პირისპირ დარჩენილი უკრაინელი ხალხის ბრძოლა არის არა მხოლოდ მათი დამოუკიდებლობის დაცვა, არამედ მთელი კაცობრიობისთვის იმის შეხსენებაც, რომ თურმე ამ პრაგმატულ და მატერიალისტური საზრუნავით სავსე სამყაროში არსებობს სხვა ღირებულებაც და ის სხვა არის მთავარი და ყველაზე ტკბილი და ძვირფასი — თავისუფლება.

ხშირად მესმის ადამიანებისგან, რომ ისინი არ ელოდნენ ასეთი ღია ომის დაწყებას ოცდამეერთე საუკუნეში, მე კი, სამწუხაროდ, დარწმუნებით ვიცოდი, რომ რუსეთი ისეთივე აგრესორია ახლა, როგორიც იყო ორასი ან ასი წლის წინ და ამ მხრივ რუსეთის იმპერია არ იცვლება.

რამდენიმე თვის წინ მოვისმინე პუტინის ერთი ფრაზა, სადაც ის საქართველოს წარსულზე ლაპარაკობდა ინტერვიუში და ერთ წინადადებაში იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ ისტორიაში მის მრჩეველს ჩემი მასწავლებელი ეთერ ქუთათელაძე სამიანსაც კი არ აღირსებდა. ხოლო თუ პუტინს მართლა ჰგონია, რომ უკრაინა არ არსებობს, სიამოვნებით შევახსენებ ყველას, რომ უკრაინელები უკრაინის დამოუკიდებლობის აღსადგენად მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგაც კი იბრძოდნენ მთელი თერთმეტი წლის განმავლობაში. მეტიც, რამდენიმე მებრძოლი მხოლოდ 1991 წელს, უკრაინის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გამოვიდა უკრაინის ტყეებიდან, სადაც არალეგალურად გაატარეს ათეულობით წელი, მაგრამ არ აღიარეს რუსული ოკუპაცია.

ვინც არ იცის უკრაინის ისტორია და უკრაინელების თავისუფლებისმოყვარე ხასიათის თავისებურებები, ალბათ გულწრფელად უკვირს, როგორ უწევენ ამგვარ წინააღმდეგობას უკრაინელები ასეთ სასტიკ დამპყრობლებს, მაგრამ ვინც ერთხელ მაინც ყოფილა დასავლეთ უკრაინაში, დაიჯერებს რომ ამ ხალხის დამარცხება (სულ რომც ამოწყვიტონ) მაინც შეუძლებელია.

სხვათაშორის, პუტინის უტვინო პოლიტიკის გამო, ანტირუსული განწყობილებები არა მხოლოდ დასავლეთ, არამედ უკვე მთელ უკრაინაშია და მან იმდენი მოახერხა, რომ ახლა მთელი უკრაინა ებრძვის რუსეთის საოკუპაციო ჯარებს (დიდიან-პატარიანად). არადა, სულ რამდენიმე წლის წინ კიევშიც კი იშვიათად შეხვდებოდით უკრაინულად მოსაუბრე უკრაინელებს და უკრაინელი მწერლების საკმაოდ დიდი ნაწილიც რუსულად წერდა წიგნებს და არა უკრაინულად, როგორც ახლა.

ყველაზე სამწუხარო არის ფასი, რომელსაც უკრაინა იხდის ადამიანური მსხვერპლის სახით ამ ომში, თორემ, მე რომ მკითხოთ, მათ უკვე გაიმარჯვეს, რადგან იმ ხალხს, ვისაც თავისუფლების გამო ასეთი ბრძოლა შეუძლია, ვერავინ ვერასოდეს დაამარცხებს…“