აკაკი ბაქრაძე სულის რევოლუციაზე

აკაკი ბაქრაძე გასული საუკუნის 80-იან წლებში საუბრობდა სულის რევოლუციაზე – ადამიანისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და საჭირო მდგომარეობაზე:

“ადამიანი იგონებს არაერთ საშუალებას მძიმე შრომის შესამსუბუქებლად, დოვლათის შესაქმნელად, მაგრამ განახლებისათვის, აღორძინებისათვის აუცილებელია სულის რევოლუცია. თუ ეს არ მოხდა, ქართველი ხალხი ვერ დაძლევს მანკიერებას.

რას ნიშნავს სულის რევოლუცია?

ეს კაცობრიობას თვალნათლივ უჩვენა ორმა ერმა – იაპონელებმა და ებრაელებმა. იაპონელებს არც სოციალური რევოლუცია მოუწყვიათ, არც პოლიტიკური გადატრიალება, ომშიც დამარცხდნენ, საუკუნის ყველაზე შემზარავი იარაღი, ატომური ბომბიც, მათ ქვეყანაში ააფეთქეს. მიუხედავად ამისა, იაპონელები ფეხზე წამოდგნენ და მსოფლიოს სათავეშიც მოექცნენ, ყველაფერი იაპონური ეტალონი და ნიმუში გახდა. აშშ, ევროპა, (ყოფილი) სსრკ, მოკრძალებითა და მორიდებით შესცქერის იაპონიას, იმდენად დიდია მისი მატერიალური და სულიერი ძალმოსილება. იაპონელებმა კი ეს მოახერხეს იმით, რომ თავიანთი ცხოვრების გზა წარმართეს სულისა და მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის გეზით. ერთი მხრივ, მათ უარყვეს და დაძლიეს აზიური კარჩაკეტილობა, შეზღუდულობა, მცონარობა და, მეორე მხრივ, აითვისეს თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნიკის ყველა მონაპოვარი. ეს გახდა მათი ეროვნული აღორძინების საფუძველი.

ებრაელებმა კი კაცობრიობას დაუმტკიცეს, რომ გაუტეხელია ერის სული, თუ ხალხმა იცის, რისთვის არსებობს. ორი ათასი წლის გაფანტვის, ტანჯვა-წამების, დამცირების, კარდაკარ ხეტიალის შემდეგ მათ ეროვნული სახელმწიფო შექმნეს, დავიწყებული ენაც აღიდგინეს და ეკონომიკურ-კულტურულ გამარჯვებასაც მიაღწიეს. ესეც სულის რევოლუციის ნაყოფი იყო.

ქართველი ხალხი თავისი ცხოვრებისა და ისტორიის ძირეული გარდატეხის, გარდუვალობის წინაშე დგას. აუცილებელია სულის რევოლუცია.”