17 თებერვალი, 2022

მარია კალასის გასაოცარი წერილები სიჩუმიდან

“წერილები სიჩუმიდან” გენიალური მარია კალასის ცხოვრების შესახებ მარია ვარდენგამ გამოსცა.

წიგნში არაჩვეულებრივი ხელოვანის მიერ არისტოტელე ონასისისთვის მიძღვნილი წერილებია აკინძული, სადაც გულწრფელად საუბრობს თავის ტკივილზე, მარტოობაზე, დაუბადებელ შვილზე, საყვარელი მამაკაცისთვის გაღებულ მსხვერპლზე…

“არტიფნო” მცირე ამონარიდს გთავაზობთ:

“არი, დედამიწაზე არაფერია იმ წამზე მშვენიერი, როდესაც სიმღერა უნდა დამეწყო – ხალხის მწველი ვედრების წუთზე ხმის დაბადებისას. ვფიცავ, ეს ეგეოსის ზღვაში გიჟურ სიყვარულზე ბევრად მეტია, რადგან მათთვის, მათთვის, არი, – სასურველი ვიყავი მაშინაც, როცა შენ უარი თქვი ჩემზე და შენ რომ რაიმე წარმოდგენა გქონდეს უდიდეს ცნებაზე – “თეატრზე”, მიხვდებოდი, რას ნიშნავს ერთ საღამოს 25 ათასი მაყურებელი ჭკუიდან შეშალო. ისინი ჩემს “ნორმაზე” გიჟდებოდნენ და ვერც კი ხვდებოდნენ, რომ საკუთარ თავზე ვმღერი. ხანდახან მეჩვენებოდა, რომ მის უბედურ ცხოვრებას ვიმეორებდი. არი, მე როგორც ის, კი არ ვცხოვრობდი, არამედ დიადს ვემსახურებოდი და მის მსგავსად შევწირე მსხვერპლად ყველაფერი. ვერ გიტან, არი. შენ მაიძულე ჩემში ჩასახული იმედი ჩამეკლა. ის რომ დაბადებულიყო, ჟაკლინთან არ წახვიდოდი. თუნდაც წასულიყავი, ჩვენ ორნი დავრჩებოდით…

შენს გარდა ვერავინ გაიგებდა, თუ როგორი წარმოუდგენელი სიმარტოვეა მწვერვალზე. შესაძლოა, ჩემი მხოლოდ მამას ესმოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ის ცოცხალი აღარ არის. ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ ერთად – დედამ დაუფიქრებლად მიატოვა ის და ჩვენთან ერთად ამერიკიდან საბერძნეთში დაბრუნდა. ახლა ამ პარიზულ ბინაში მარტო ვცხოვრობ, ჩემი და კი ასეთ ბანალურ რამეებს მწერს: “დედა ბერდება”. რა თქმა უნდა, ის ბერდება. მეც ვბერდები. სხვადასხვა სახლებში ვცხოვრობთ და ასეთ არაფრისმთქმელ წერილებს ვუგზავნით ერთმანეთს. უმჯობესი იქნებოდა, შენსავით ისინიც დამცინოდნენ. ყოველ შემთხვევაში, შენ გულგრილი მაინც არ იყავი…

არი, მე 12 წლიდან ცხენივით ვმუშაობდი მათ გამოსაკვებად და დედის უკიდეგანო ამპარტავნობის დასაკმაყოფილებლად. ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც მათ სურდათ. არც დედას და არც დას უკვე აღარ ახსოვთ, ომის დროს სამხედრო კომენდატურებში კონცერტებს როგორ ვმართავდი და ვფლანგავდი ხმას გაუგებარ რამეებზე, მათთვის ლუკმა-პურის მოსაპოვებლად. 15 წლისას მთელი საბერძნეთი მიცნობდა, უკვე 17 წლის ასაკში მითხრეს, რომ ვარსკვლავი ვარ, შემდეგ კი მხოლოდ ვმუშაობდი, ვმუშაობდი, ვმუშაობდი – ამისათვის ყველაფერი გავიღე, არავინ მყვარებია, მხოლოდ მუსიკას ვემსახურებოდი… გამუდმებით ვფიქრობ: ყველაფერი ასე რთულად რატომ მქონდა მოსაპოვებელი? ჩემი სილამაზე. ჩემი ხმა. ჩემი ხანმოკლე ბედნიერება… რომ იცოდე, როგორ გამიჭირდა შენს მერე სიმღერას მივბრუნებოდი… კეთილი კრიტიკოსები ცდილობენ მხარი დამიჭირონ, ბოროტები გაჰკივიან, რომ ხმა დავკარგე შენს ლოგინში. მიმიფურთხებია. მიმიფურთხებია, არი, მე ისეთი ბედნიერი ვიყავი შენს გვერდით… არი, კალასი საკუთარ თავს მხოლოდ კალასით განსაზღვრავს. და მე მშვენივრად მესმის, რომ ამ განსაზღვრებით დღევანდელი მე არარაობაა…”