18 თებერვალი, 2022

გურამ ქართველიშვილი მშობლიურ ლიტერატურაზე

ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი მშობლიურ ლიტერატურაზე ძალიან საინტერესო წერილს გვთავაზობს:
“მშობლიური ლიტერატურა”

“ქართული მადლიანი, ძველისძველი, უმდიდრესი და მრავალფეროვანი მხატვრული ლიტერატურიდან ქართველებმა (როგორც შედეგებმა აჩვენა) აზრი ნაკლებად, ან ცუდად გამოვიტანეთ.

საქმე ის გახლავთ, რომ ქართველობა მასობრივად დაემსგავსა უარყოფით ლიტერატურულ პერსონაჟებს. ძალიან გამრავლდნენ ,,კვაჭები”, ,,ყანდურები”, ,,სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილები” და ,,ყვარყვარეები”. მეტიც, მათი ცხოვრების წესი და მორალი სამაგალითოდაც კი იქცა ხალხისთვის. ყვარყვარე-ყანდურობის გაფურჩქვნას საქართველოში ლიბერ-პროპაგანდა და სოროსული განათლების სისტემაც დიდად უწყობს ხელს. ახალგაზრდობისთვის კი წარმატებულობის ხილულ მაგალითებად სწორედ ყვარყვარე-ყანდურები დგანან.

მედროვეობა, ღალატი, მლიქვნელობა, ფარისევლობა, კორუმპირებულობა, გაუმაძღრობა, შური, დაუნდობლობა და შუმი უწიგნურობა ხომ უკვე ზეაღსვლის აუცილებელ ნორმადაა დამკვიდრებული ქართველ საზოგადოებაში.

იშვიათად, ან საერთოდ ვერსად წააწყდებით, ,,კონსტანტინე არსუკიძეს”, ,,ოთარაანთ ქვრივს”, ,,გრიგოლ ხანცთელს”, ან ,,უსახელო უფლისციხელს”. ჩვენი ლიტერატურის დადებითი გმირები დღევანდელი ქართული რეალობიდან გაძევებულნი არიან. ეს ყველაფერი კი უწიგნურობის, საკუთარი კულტურიდან გაუცხოების და მიზანმიმართული დეგრადაციის ბრალია.

ვინც ამ მცირე წერილში საკუთარ თავს ხედავთ ნუ გეწყინებათ, რადგან ეს სრული სიმართლეა, ხოლო თუ მაინც გეწყინებათ ცივი წყალი დალიეთ. საქართველო წყალუხვი ქვეყანაა.”