9 იანვარი, 2022

ზურა ყიფშიძე სერგო ფარაჯანოვზე

მსახიობმა ზურა ყიფშიძემ გენიალურ სეჟისორთან სერგო ფარაჯანოვთან ერთად მის ფილმზე “ამბავი სურამის ციხისა” იმუშავა.

როგორც მსახიობი იხსენებს, რეჟისორი ნამდვილი ადამიანი დღესასწაული იყო:

“ძაან “ნეაჟიდანი” კაცი იყო, თან ავანტიურისტიც იყო მაგარი და თამაშიც უყვარდა. ისეთი აურა ჰქონდა, ხოშიანად იყავი მასთან, სულ გავიწყდებოდა, რომ წასასვლელი ხარ, საქმეები გაქვს… ისე მოგიყვებოდა ამბავს, გაშტერებული უსმენდი.

საჭმელების კეთება იყო დღესასწაული – ჩვეულებრივ საჭმელს ისე გააკეთებდა ხის მაგიდაზე, თავისი დანით, რომ მოგინდებოდა გაგესინჯა.

ჭრა-კერვის დიდოსტატი იყო. თვითონ აკეთებდა სასწაულ კოლაჟებს, ფილმებშიც საოცარ დეკორაციებს ქმნიდა, რამხელა სამუშაოებს ატარებდა. მხატვრებს კი არ აძლევდა დავალებებს, თვითონაც იქ იყო და ქმნიდა და კერავდა და რაღაცეებს ღებავდა და იყო დასრულებელი ფუსფუსი.

მის სახლში ღია იყო ყველაფერი, კარები დაკეტეთ ან გააღეთ, ეგეთი რამ არ ხდებოდა. აივანზე რომ ამოხვიდოდი, ეგრევე მის სახლში შედიოდი. დიდი მაგიდა ედგა, სულ რაღაცას ჭრიდა, ან აწებებდა, თან სასწაულ ამბებს ყვებოდა, არ ჩერდებოდა. შენ გაშტერებული უსმენდი, მერე უცბად რაღაცას გაარტყამდა, მერე უცბად სხვა საკითხზე გადავიდოდა, მერე უცბად რიხტერს მოსთხოვდა რომ გინდა თუ არა დამიკარი ესა და ესო.

ისე გააგიჟა პლისეცკაია, რომ თავისი პუანტები აჩუქა. სად დავკიდოო და სადღაც იქვე მიაჭედა. ამას კი არ თამაშობდა, ბუნებრივად ხდებოდა – ასეთი იყო, ასე ცხოვრობდა – ადამიანი დღესასწაული.

ხომ ჰყავს ამ ქალაქს თავისი ვარდიც და იაც, მაგრამ სერგომ სულ სხვა ბუკეტი მისცა, საოცარი სურნელით, უჩვეულო ფორმით, თავისი ტიპობითაც და ყველაფრით. ამაზე მაგარი რეკლამა ქვეყანას და ქალაქს რაღა უნდა ჰქონდეს? აიღეს და არ გამოიყენეს.

რას ვეტყოდი სერგოს? კარგი კაცი იყო, კეთილი კაცი იყო, რომ დახატა ავტოპორტრეტი და თავზე რომ ნათელი დაიდგა, ალბათ ახლა აქვს თავზე ნათელი და ღმერთმა ნათელში ამყოფოს. როცა იქნება შევხვდებით და ვიჭორავებთ.”