22 იანვარი, 2022

წაგიკითხავთ ლადო ასათიანის აკრძალული ლექსი?

ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ პოეტ ლადო ასათიანის ლექსები იკრძალებოდა.

პოეტი თემო ჭახნაკია ლადო ასათიანის ლექსს გვიზიარებს დედაზე და აღნიშნავს, რომ ეს ლექსი პირველად ზვიად გამსახურდიამ გამოაქვეყნა თავის არალეგალურ ჟურნალში ,,ოქროს საწმისი”:

აკრძალული ლექსი ,,დედისადმი”

“ამქვეყნად როცა ავიდგი ენა,
პირველი სიტყვა იყავი დედა,
დედა სიზმრებმა არ მომასვენა
შენს ბნელ საკანში გადმომახედა.
გეძახდი, მინდა გაგესაუბრო
შუა აზიის ურწყულ მხარეში…
რა გენატრება – ქმარი თუ უფრო
დავაჟკაცებულ შვილის ალერსი.
მთვარეულივით დავდივარ ხმელეთს,
აგერ ეს ოცდასამი წელია
მაგრამ, ძვირფასო მშობელო შენზე
ერთი სიტყვაც არ დამიწერია.
ეს იმიტომ, რომ მიყვარხარ ძლიერ,
დამქონდი როგორც საუნჯე გულით
და სიყვარულის სიმღერის მიერ
ვიყავი დღემდე დამუნჯებული.
ახლა კი მეტი არ ძალმიძს, არა,
ტირილი მინდა და შეცხადება,
შავმა სიზმრებმა შავ ნიაღვარად
წარმომიდგინეს შენი ხატება.
ჩვენი სახლ-კარი ააწიოკეს
დაუბანელმა გლეხის კაცებმა,
ნეტავ შენსავით ბნელში ვტიროდე,
არ ვუყურებდე ქვეყნის დაქცევას.
ინგრევა შენი ნაამაგარი
და არ გახსენო, არ შემიძლია,
აღარ გაჰკივის რთველში მაყარი,
ვენახში თოფებს აღარ ისვრიან.
თონეში ცეცხლი აღარ ტკრციალებს,
მამამ ბეღელი ვალში გაყიდა
და ძველებურად არ მიფრიალებს
შუკაში თეთრი ბაშილაყითა.
ჩვენი მარანი და საწნახელი
უფრო ძლიერმა დაიგირავა,
მამა ბუხართან ზის თავდახრილი,
ცეცხლში აფურთხებს და იგინება.
რკინის ჭიშკრიდან ყვითელ გვალვაში
არ შემოვდივართ მე და ურემი
და გაზაფხულის ხმაზე თავლაში
არ ჭიხვინებენ ბედაურები.
დაიქცა ყველა დიდი ჯალაბი,
ნაგაზს ჯაჭვს არვინ არ აღრღნევინებს,
წინათ თუ ღვინოს დაგაძალებდნენ,
დღეს წყალსაც არვინ დაგალევინებს.
დანაცრებულან ციხე-კოშკები,
„მრავალჟამიერ“ არსად გუგუნებს,
მე კარგად ვიცი, მალე მოვკვდები,
მე ვერ გავუძლებ ამ საუკუნეს.
ო, ვიცი ეგ და ამიტომ მინდა,
უკანასკნელად მაინც გიხილო,
დედაო, ქრისტეს ხატივით წმინდავ,
და ეს ტანჯვები შენ გაგიმხილო…
და პირვანდელი ლუღლუღის მსგავსად
ხელებგაშლით და თვალებ გახელით,
დაუვიწყარო სიკვდილის ჟამსაც,
გავიმეორო შენი სახელი.”

ეს ლექსი პირველად ზვიად გამსახურდიამ გამოაქვეყნა თავის არალეგალურ ჟურნალ ,,ოქროს საწმისში”.

ლადოს დედა რუსული და ქართული ენებისა და ლიტერატურის, ასევე გეოგრაფიის მასწავლებელი იყო. ლიდა ცქიტიშვილი მავანთა დაბეზღებით „ხალხის მტრის“ ბრალდებით დააპატიმრეს და უზბეკეთში გადაასახლეს… 1937 წელს უზბეკეთში გადასახლებაში გარდაიცვალა.”