4 იანვარი, 2022

ტერენტი გრანელის მისტიკური სამყაროს საიდუმლო

პოეტ ტერენტი გრანელის მისტიკურმა სამყარომ არაერთ მკითხველზე მოახდინა დაუვიწყარი შთაბეჭდილება.

გამონაკლისი არც თორნიკე ღვინიაშვილია, რომელმაც ტერენტი გრანელს და მის შემოქმედებას საინტერესო წერილი “განვლილი გზა” მიუძღვნა:

“პირველ ყოვლისა, სანამ იმის თხრობას დავიწყებ, თუ რა გზები გავიარე იმისათვის, რომ ტერენტი გრანელი იოტისოდენად მაინც გასცნობოდა საზოგადოებას, მანამდე მინდა აქვე მოგითხროთ, თუ როგორ „შემოიჭრა“ იგი ჩემს ცხოვრებაში.

მაშინ, როდესაც ლიტერატურითა და, მეტადრე – პოეზიით დაინტერესებული არც კი ვიყავი, გადავაწყდი მის ახლა უკვე ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ლექსს – „მემენტო მორის“, რომელმაც ჩემზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ წამსვე შევუდექი მისი ლექსების კითხვას და რაც ყველაზე მთავარია – ბიოგრაფიის ასე თუ ისე საფუძვლიანად შესწავლას. როგორც კი მცირეოდენი თანხა ჩამივარდა ხელთ, უმალ გრანელის მკვლევარის ლერი ალიმონაკის წიგნების – „კვირის წირვების“ და „გრანელის ლანდის“ საყიდლად გავეშურე, რომელთა შეძენის შემდგომადაც აგერ უკვე მესამე წელია ვერ ამომიდგამს ფეხი გრანელის მისტიკური სამყაროდან.

შევუდექი კითხვას; ვისაც კი ვიცნობდი მათში მისი ლექსების გავრცელებას და მალე მეორე სახელი გამიჩნდა – ტერენტი. მალე, ამანაც რომ არ დამაკმაყოფილა, ტერენტის ლექსების, ისტორიების, მოგონებებისა და მის შესახებ ყოველგვარი ინფორმაციის დადება სხვადასხვა ლიტერატურულ ჯგუფებში დავიწყე, რასაც ჩემთვის გასაკვირი შედეგი მოჰყვა – ხალხმა მომბაძა და მალე ისე მოხდა, რომ სახალხო პოეტ გალაკტიონ ტაბიძესთან დაიწყო ხალხმა ტერენტის შედარება, რაც წარმოუდგენელი კომპრომისი და საქციელი იყო მათი მხირდან. მერე მე სოცილაურ ქსელებს თავი მივანებე და გამოვიდა ისე, რომ ამ საქმის მემკვიდრეებად ისინი დავტოვე.
ერთი წლის შემდგომ, როდესაც გამომცემლობა „ინტელექტმა“ ზემოთ ხსენებული ორი წიგნის თავის მოყრა ერთ წიგნში გადაწყვიტა, მოხდა ისე, რომ ასე, უბრალოდ, სანამ წიგნი გაყიდვაში ჩაეშვებოდა, მე მქონდა შემოდებული თაროზე. რაოდენ საამაყოა, თვითონ განსაჯოს მკითხველმა.

მერე ის იყო, ბოლო ზარი რომ მოახლოვდა სკოლაში ტერენტის ფოტო ჩემს პერანგზე რომ აღმოჩნდა. ამას იმიტომ გიამბობთ, რომ ჩემი აღფრთოვანება კიდევ ერთხელ გამოვხატო შემდეგზე – არცერთი გაკვირვებული ადამიანი იქ არ ყოფილა, რომ მოსულიყო და ვინაობა ეკითხა; ყველამ იმთავითვე იცოდა, იქ მდგომმაც და გამვლელმაც, ჩემს პერანგზე გამოსახული ფიგურის ვინაობა; მაგრამ ის არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ, რომ თავი თავისუფლად მივიჩნიე; საერთოდაც არა. ეროვნულ გამოცდებამდე ერთი თვე იყო დარჩენილი, რომ სამ ივნისს, ტერენტის დაბადების დღეს, (რაც მოგვიანებით გამახსენდა) დავჯექი და საბეჭდ მან ქანაზე განცხადების წერა დავიწყე. განცხადება სამინისტროშივე დარჩა, ამიტომაც ერთ სიტყვა ამონარიდსაც კი ვერ მოვიყვან აქ. ზუსტად იმავე დღეს ეს ჩანაწერი გავაკეთე:

„ტერენტი გრანელის შემოქმედების სასკოლო პროგრამაში შეტანის შესახებ მიმაქვს განცხადება განათლებისა და მეცნიერების სამინისტოში; ჩანთა ცალ მხარზე მაქვს გადაკიდული და ისეთი სიმძიმე აქვს, თითქოს მის მნიშვნელობას მახსენებს.

ამ საქმის შესახებ, სიმართლე რომ ვთქვა, მეც, ცოტა არ იყოს, უიმედოდ ვარ, მაგრამ მწამს იმისიც, რომ „მოვიდა მისი გაგების დროც“ და იმდენად შეიცნო ხალხმა მისი ხალასი ნიჭი და გენია, რომ, აბა, როგორ შეიძლება პასუხი უარყოფითი იყოს? გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, სამინისტროს გეგმაში ჰქონდა ყოველივე ამის გაკეთება და გამოდის, რომ ჩემი მიმართვა შეხსენება იქნება ერთგვარი. ეს არის იმ მცირე საქმეების ჩამონათვალი, რაც ტერენტი გრანელის მიმართ უნდა გაკეთდეს და რომელზეც მარტო მე კი არ უნდა ვხარჯავდე დროს, არამედ თვით თაობას უნდა სჭირდებოდეს ამის გაკეთება.

გასაოცარი მათი უინტერესობა კი არ არის ამა თუ იმ საკითხის მიმართ, არამედ ის ურაპატრიოტული გამოსვლები, რომელსაც ამდენი უსაქმურობის შემდგომ ბედავენ, რომელთა შემთხვევაშც, მე პირადად, სარკაზმის უკიდურესი სტადიის მსხვერპლი გავხდებოდი, (რაც ჩემს ნამუსიანობას ადასტურებს).

ყოველივე ამ მიზეზს რომ დავანებოთ თავი, სამინისტომ მხოლოდ იმიტომ უნდა მიიჩნიოს თავის პირდაპირ ვალდებულებად ამ მოთხოვნის შესრულება, რომ ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ახალგაზრდათა ჯგუფი, რომელთაც ანაღვლებთ საქართველო და, შესაბამისად, მისი ყველა მცხოვრები, პოეტი, მწერალი თუ მხატვარი, რომელიც ერთიათად დასაფასებელი უნდა იყოს მათ თვალში, რაც მოტივაციის გარდა, დაადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს რაღაც ისეთი, რომლის იმედიც, როგორც ადამიანის, ისე ექნებათ ახალგაზრდებს.
რეალურად ერთი რამ ხდება უარის შემთხვევაში მხოლოდ – ამით ისინი მხოლოდ თავიანთ უსუსურობას და ქვეყნის უმომავლიანობას ადასტურებენ. იმას აღარ აღვნიშნავ, ჩვენი საბეჭდი მანქანის მელნითა და ჩვენი ხარჯებით რომ უნდა შევცვალოთ მომავალი, ხარჯებით, რომელიც 18-19 წლის ასაკში უნდა გაგვაჩნდეს…

3 ივლისი, 2021“

უარს თავიდანვე მოველოდი, რაც ამ ჩანაწერშიც კარგად ჩანს. გარდა ამისა, ამის ფიქრის საბაბს ორი გარემოებაც მაძლევდა – მე-9 კლასიდან ამოღებული მისი ლექსი – „გაზაფხულის საღამოა მშვიდი“, რომლის მიზეზიც არავინ იცის და ის, რომ დღესაც ისეთი აქტიურობით ებრძვიან მას, როგორც ადრე. მაინც მოუთმენლად ველოდი პასუხს და ამ მოუთმენლად ლოდინში საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს გიორგი კეკელიძეს მივწერე, რომლის ჩანაწერსაც გთავაზობთ:

„გიორგი კეკელიძეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს მივწერე ტერენტი გრანელთან დაკავშირებით და ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ სიამოვნებით დამთანხმდებოდა და მართლაც, პასუხი ასეთი იყო: „სიამოვნებით“.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად ჩემი განცხადებისა განათლების მინისტრისადმი, და, ასევე, გიორგის შედარებით „დაბალი თანამდებობისა“, ჩვენ, ცალ-ცალკეც და ერთადაც უფრო ბევრ და სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ ქვეყნისა და განათლებისადმი, (რასაც გრანელის შემოქმედების არაპროგრამულობაც ადასტურებს), ვიდრე „მაღალი თანამდებობის“ პირები და პირი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მოვალეობაში არ შედის ყოველივე ეს. მე კი მწამს ჩემი და მისი კოლაბორაციისა არა მარტო ამ საქმეში, არამედ ჩემი უნივერსიტეტში მოხვედრის შემდეგაც.
2021 წელი…“

20 ივლისს მომივიდა პასუხი, რომ წიგნები უკვე დაბეჭდილია, თანაც აპირებენ პროგრამა შეამცირონ; საკვირველი ის არის სწორედ, როგორ წელს დაებადათ ეს იდეა. ბავშვიც კი იმთავითვე მიხვდებოდა, რომ პასუხი თავიდან მოშორების გამო უფრო იყო გამოგზავნილი, ვიდრე გულწრფელი პასუხის. ის კი უნდა ვაღიარო, როგორ ეწერა – „უპირველეს ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მისასალმებელია თქვენი დაინტერესება ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი პროგრამით“. გმადლობთ, მაგრამ ყოველივე იმის შემდეგომ, რაც მათ ამ თემასთან დაკავშირებით მოიმოქმედეს, არა მგონია, კიდევ დაინტერესდეს ვინმე რამით.

როდესაც ამ განვლილი გზის თხრობა გადავწყვიტე, ჩემი მიზანი მხოლოდ ის არ ყოფილა, ტერენტის „დევნილობა“ რომ კიდევ ერთხელ დამემტკიცებინა – ამით გავუსვი ხაზი იმას, თუ როგორ შეიძლება ადამიანს, მეტადრე ახალგაზრდას, რომელსაც თავისი ქვეყნისთვის კარგი სურს, ჩაეხშოს ყოველგვარი სურვილი რაიმეს კეთებისა.

მოკლედ, სამინისტროსგან კი მივიღე უარი, მაგრამ ეს ამ „გზის“ დასასრული როდია, მე ჩემის მხრივ კიდევ ვისაუბრებ ტერენტისა და მის პოეზიაზე, და აქვე უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ მისი პოპულარობა საზოგადოებაში „პირველი ეტაპის“ წარმატებით დასრულებას გულისხმობს.

ამასთან, იყო საზოგადოებაში დავა ლექსზე – „ეჭვიანობა ვნებაზე“, რომელსაც ხალხი ტერენტი გრანელს მიაკუთვნებდა. გადავწყვიტე ისევ მე მეღონა რამე და დავუკავშირდი ლერი ალიმონაკს, რომელმაც მითხრა, რომ ეს ლექსი არ ეკუთვნოდა ტერენტის, მაგრამ საქმე მხოლოდ ამით არ დასრულებულა – თურმე ტერენტიზე რამდენიმე ათწლეულით უმცროს ხალხს უნახავს, როგორ ჩამორბოდა ტერენტი გრანელი მთაწმინდიდან გახარებული „მემენტო მორის“ დაწერის შემდგომ, როგორ შეხვედრია გალაკტიონ ტაბიძე, როგორ გაუმეორებინებია ლექსი რამდენჯერმე და მეორე დღეს ზეპირად უთქვამს. ამის გამომგონებელსა თუ შემთხზველს უდაოდ დიდი ფანტაზიის უნარი აქვს და გულწრფელად ვურჩევდი – ბედი ფენტეზის ჟანრში სცადოს, რადგან, პირველ ყოვლისა, გრანელს იმის თავი ნამდვილად არა ჰქონდა, ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე ერბინა, რადგან საჭმელი თითქმის არასოდეს არა ჰქონდა (ამ მხრივ მასზე დიდ მზრუნველობას იჩენდა რესტორანში მომუშავე ახალგაზრდა ანა ღვინიაშვილი), გუნება-განწყობას კი მის ლექსებშიც შენიშნავდით ალბათ. მეორე კი არის ის, რომ არა მგონია ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტი არ აღეწერა ლერი ალიმონაკს თავის რომელსამე წიგნში.

მერე ისიც შევიტყვე – თავისი და ზოზია რომ ჰყვარებია ტერენტის; და-ძმურად არა, არამედ როგორც მეგობარი ქალი, სატრფო და მუზა; მუზა, რაღაც მხრივ, მართლაც იყო მისი, ოღონდ არა სიყვარულის, არამედ ერთადერთი მხსნელის, რომელსაც პეტრე კვარაცხელია წიგნში „მისტიციზმი ტერენტი გრანელის პოეზიაში“, ღვთისმშობელთანაც აიგივებს, მაგრამ იმის დაბრალება, რომ მისი და უყვარდა, საბჭოეთშიც კი არავის მოსვლია აზრად მისთვის ჩირქის მოსაცხობად.

ტერენტი გრანელი მარტო იმიტომ იყო დიდი პოეტი, რომ მან ამოწურა, მაქსიმალურად ბევრი ლექსი დაწერა და ისაუბრა იმ თემასა და „ჟანრში“, რომელსაც მისტიციზმი ეწოდება, და ძალიან ცოტა მოიპოვება ისეთი ადამიანი, ვინც რამდენიმე ასეთი ლექსის შემდგომ კალამს არ დადებდა და წერას განაგრძობდა.

უნდა აღინიშნოს ზურაბ ცხონდიას წიგნი – „გრანელის სევდა და სხვა“, რომელშიაც მას ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც კი გრანელის სამყაროს გაცნობა მოუნდება, ისე აქვს განმარტებული ყოველი სიტყვა, წიგნს კი არა, რომელიმე წიგნის რეცენზიას კითხულობდე თითქოს. გარდა ამისა, ერთი კარგი მოგონება მაკავშირებს ამ წიგნთან, რომელიც იმთავითვე კავშირში იყო გრანელის სამყაროს შეცნობის დაწყების ეტაპებთან. მახსოვს, წიგნების მაღაზიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მაღაზიაში ვიყავი, თუ არ ვცდები, გიორგი კეკელიძის ორ დეტექტივს ვყიდულობდი (ესეც სასწაულებრივი დამთხვევა იყო), როდესაც ამ თეთრ, საკმაოდ სქელტანიან წიგნს წავაწყდი, თვრამეტი ლარი იყო მისი ღირებულება, როგორც მახსოვს. ორ თუ სამ ლარამდე დამაკლდა მხოლოდ, მეტი არა. მას შემდეგ, რატომღაც, გულში ჩამრჩა ამ წიგნის უქონლობა. მერე რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ეს რაღაცის ქონის ფსიქოლოგიური მომენტი როდი იყო მხოლოდ, არამედ ეს იყო ნიშანი ერთგვარი, რომ მასთან მიმართებაში ყოველთვის „გულში ჩამრჩებოდა“ რაღაც მაინც, რომ პირველსავე ცდაზე არ გამოვიდოდა ყველაფერი, რაც აკი დადასტურდა სამინისტროს პასუხის შემთხვევაში.

დაახლოებით ასე დამემართა 1979 წელს „საბჭოთა საქართველოს“ მიერ გამოცემული რჩეულის ყიდვის დროს, როდესაც ბუკინისტისგან რუსთაველის მეტროსთან 5 ლარად შევიძინე იგი, მეტი ნამდვილად არა მქონდა, თორემ ათ ლარსაც მივცემდი უთუოდ, რის შემთხვევაშიც, ალბათ, იმ კაცს რამდენიმე პურის, შაქრისა და ჩაის გარდა, სხვა რაღაც მაინც მოუვიდოდა. რუსთაველის მეტროც მასთან დავაკავშირე – სწორედ ამ მიდამოებში, ახლანდელი პარლამენტის შენობასთან არ დადიოდა „ამღვრეული თვალებით“. მაგრამ ყველაზე დიდ კავშირად მაინც ის მიმაჩნია, ერთმა ახლობელმა 1926 წლის გამოცემის მიხედვით გამოცემული 1990 წლის გამოცემა რომ მაჩუქა, რომელიც ნახატივით მედო თაროზე და არ გეგონოთ, რომ მასზე ნაკლებად ამშვენებდა იქაურობას.

თავს ვალდებულად მივჩნევ, გიამბოთ იმის შესახებ, რომ იყო ისეთი დროც და ხალხიც, რომელნიც იცინოდნენ კიდეც ტერენტის სახელის ხსენებაზე; ისეთი ხალხიც ბევრი მოიძებნებოდა ჩემს ირგვლივ, რომელნიც სპეციალურად, ყოველგვარი ინტერესის გარეშე, იმისათვის, რომ გასცინებოდათ (ამის ძირითადი მიზეზი მისი სახელი და ფსევდონიმი იყო), მეკითხებოდნენ, თუ „როგორ მიდიოდა საქმე ტერენტის სამყაროში“, რომლის ერთადერთი პასუხიც, ჩემი მხრიდან, მხოლოდ მათი უცოდინრობა-გაუნათლებლობით მანიპულირება იყო.

რა თქმა უნდა, გავა დრო და ვიღაცები მიითვისებენ გრანელის სახელის უკვდავყოფისათვის ბრძოლის მონაწილის სახელს, მე კი მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ლერი ალიმონაკს, რომელიც ჭეშმარიტად გრანელის სახელისა და საფლავის ისეთი მცველია, ვით ჟოფრუა ბულონიელი – „მაცხოვრის საფლავის მცველი“. ამასთან, მადლიერი ვიქნები იმ ხალხისა, ვისაც ტერენტი გრანელის ხსენებაზე შორეულ ზმანებასავით მაინც გავახსენდები.”