ტარიელ ხარხელაურის უძვირფასესი მიმართვა

ტარიელ ხარხელაურის უძვირფასესი მიმართვაპოეტ ტარიელ ხარხელაურს ათასობით ერთგული მკითხველი ჰყავს. ახალი წლის დადგომისთავაზე მან ქართველებს ძალიან მნიშვნელოვანი წერილით მიმართა:

“ვიდრე ჩემი ქვეყნის პოლიტიკური სივრცე ასე დაბინდულია, ვიდრე ერის გონება ზიზღისა და სიძულვილის მდინარით ირწყვება, რაიმე დიდის მოლოდინით, ამ ახალ წელს ნუ ჩავაგდებთ უხერხულ მდგომარეობაში…

ვიდრე ჩვენი თავი ჩვენ არ გვეკუთვნის, ჩვენი მომავლის მხოლოდ ახალი წლის ანაბარად დატოვება, გულგამორეცხილობის თუ არა, უხერხულობის განცდა მაინცაა.

აი, ამ მდგომარეობაში მყოფსა და ასეთი ფიქრებით დამძიმებულს არ გამომივა ბედნიერი ახალი წლის მოლოცვა, რადგან ბედნიერებასა და მოსალოცზეც სულ სხვანაირი წარმოდგენა მაქვს.

განა ბედნიერი შეიძლება ეწოდოს ერს, რომელსაც უამრავი ყოფითი სირთულეებისთვის თავი ვერ გაურთმევია?!. სწორედ ამ მიზეზთა გამო, რაც ზემოთ მოგახსენეთ, როცა ყოველდღიურად მსოფლიოს დღევანდელობის სენით ამდენი ადამიანი იხოცება, როცა იცი რამდენ ცრემლიან თვალს აშრობს ზამთრის ქარი და სიცივე – შემიძლია ბედნიერი ახალი წელი მოგილოცოთ?!

ნაკლული ბედნიერება არც თქვენთვისაა კარგი და, მით უმეტეს, არც ჩემთვის იოლი გამოსაგზავნი. არადა, როგორ მოუხდებოდა ჩემს ხალხსა და ჩემს ქვეყანას ბედნიერი ცხოვრება და ბედნიერი ახალი წელი, რადგან მწამს ღირსეულად შეძლებს ატაროს ერთიცა და მეორეც, და, არც არავის ისე დაამშვენებს – როგორც ჩემს ხალხსა და ჩემს სამშობლოს…

ნათელი მომავლის იმედით თხემით ტერფამდე თქვენზე უზომოდ შეყვარებული ტარიელ ხარხელაური.”