23 იანვარი, 2022

მურმან ლებანიძის არაჩვეულებრივი თარგმანი

პოეტი მურმან ლებანიძე პოეზიის მოყვარულთათვის ცნობილია არა მხოლოდ თავისი გამორჩეული ლექსებით, არამედ არაჩვეულებრივი თარგმანებითაც.

“არტინფო” გთავაზობთ რობერტ ბერნსის ლექსის “დაუსტვინე, ჩემო ბიჭო და გავჩნდები შენთან!” მურმან ლებანიძისეულ თარგმანს:

“დაუსტვინე, ჩემო ბიჭო,
და გავჩნდები შენთან!
დაუსტვინე, ჩემო გიჟო,
და გავჩნდები შენთან!
გაგიჟდება მამაჩემი,
შეიშლება დედა,
სულ ერთია, დაუსტვინე
და გავჩნდები შენთან!
მაგრამ ჭკუით მოიქეცი,
რაკი ქალთან მიხვალ:
კუტიკარის მხრიდან მოდი,
არ მოადგე ჭიშკარს,
თავს ნურავის დაანახებ,
არ გაგიგონ, ვინ ხარ,
ვითომც ჩემთან კი არა და,
ვითომც სხვასთან მიხვალ.
ვითომც ჩემთან კი არა და,
სულაც სხვასთან მიხვალ.
თუ ბაზარში შემხვდე უცბად,
ანუ საყდრის კარად,
უცხოსავით შემხვდი კუშტად,
ჩამიარე მწყრალად,
ერთხელაც რომ გადმომხედო,
დამიჯერე, კმარა,
ისიც, ვითომ სხვას უყურებ,
მართლა მე კი არა!
ისიც, ვითომ სხვას უყურებ,
მართლა მე კი არა!
გაჯიქდი და იუარე
და მზად გქონდეს ფიცი,
თქვი, რომ სულაც არ მოგწონვარ,
თქვი, რომ სხვისთვის იწვი,
ოღონდ ეს კი დაიხსომე,
არსად წაგცდეს ბიჯი,
გეშინოდეს, არ წამართვას
ვინმემ ჩემი ბიჭი,
ბიჭო, მართლა არ წამართვას
ვინმემ ჩემი ბიჭი!
დაუსტვინე, ჩემო ბიჭო,
და გავჩნდები შენთან!
დაუსტვინე, ჩემო გიჟო,
და გავჩნდები შენთან!
რომც გაცოფდეს მამაჩემი,
რომც გაგიჟდეს დედა,
სულ ერთია, დაუსტვინე
და გავჩნდები შენთან!”