19 იანვარი, 2022

კონსტანტინე გამსახურდიას წერილი ელენე ბაქრაძეს (დარიანს)

კლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას წერილი ელენე ბაქრაძის (დარიანისადმი) პროფესორ სოსო სიგუას წიგნშია დაბეჭდილი. წერილს მწერლის შვილიშვილი უმცროსი კონსტანტინე გამსახურდია გვიზიარებს:

“ეს წერილი ელენე დარიანისადმი პროფ. სოსო სიგუას წიგნშია დაბეჭდილი. იგი კონსტანტინე გამსახურდიას დაუწერია სოლოვკის არქიპელაგიდან, (თეთრ ზღვაში) 1926 წელს, სადაც მოსკოვის ბუტირკის ციხიდან მოხვდა – აქ კი გაამწესეს გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით – ჩეკამ საქმე აღძრა გერმანიის კონსულთან, აღმოსავლეთმცოდნესთან, ისტორიკოსთან, ქართველი მეცნიერების მეგობართან, პროფესორ ოტტო გიუნტერ ფონ ვეზენდონკთან მწერლის მეგობრობის გამო.

მოკლედ, ელენე დარიანი ქართული მწერლობის ლუ სალომე იყო. (ფრ. ნიცშეს და რ. მარია რილკეს მეგობარი იგულისხმება)

“13 .XI. 26. ძვირფასო ელენე, რასაკვირველია, მე არ შემიძლია ისეთი მშვენიერი ბარათის დაწერა, როგორიც შენ მომწერე. შენ პოეტი ხარ და იცი, როცა ადამიანი ბევრს განიცდის, გამოხატვა არ შეუძლია. თანაც მე ავად ვარ. ფიზიკურად, სულიერად დაშლილი. ეს წელი ჩემთვის იყო ყველაზე კოშმარული, ჩემს ცხოვრებაში ბევრჯერ გავედი საზღვარგარეთ და სიკვდილის გემო შევიგრძენი… ჯერაც საავადმყოფოში ვარ. რამდენჯერმე მოწმე გავხდი საშინელი გაორებისა. ასეთი მდგომარეობა ჩემი წარმოსახვით აღვწერე ჩემს მოთხრობაში “ტაბუ”. მოსკოვში მე გადავიტანე ძლიერი სულისშემხუთველი შემთხვევები.

მე ვაგრძელებ შემოქმედებით მუშაობას, მაგრამ სიკვდილი სანატრელი გამიხდა. ეს მარტო ფრაზა არაა, – ზუსტად ამას განვიცდი… მინდოდა საქართველოდან სრულიად წასვლა, სრულიად დაუმსახურებლად, იმდენ სიძულვილს ვგრძნობდი, რომ მე ვიყავი მოწამლული და გადაწამლული. მე ასეთმა ცხოვრებამ მიწია, როგორც მაჩაბელს და ბარათაშვილს, შეიძლება უარესმაც.

მე მიკვირს, როცა ახალ რომანზე მწერ – არა მგონია, როდესმე დავუბრუნდე ქართულ ლიტერატურას. საერთოდ არა ღირს, როცა ხალხი გპასუხობს ყველაზე დიდი სიძულვილით. (მწერალი აქ გულისხმობს არა ჭეშმარიტ “ქართველებს”, არამედ კომუნისტურ-ბოლშევიკურ “ბიდლოს”, კ.გ.)

სოლევეცკი გუმბათზე შლის თავის ნაბადს. მარჯვენა მხარეს არ შემიძლია წოლა, ტკივილები გულში, რევმატიზმი სახსრებში… გახსოვს, მე მარჯვენა ხელზე ვმკურნალობდი თბილისში… აქაური ნესტისგან შეიძლება, წამერთვას ხელი – ყოველდღიური თავის ტკივილები…

ჩვენ ვცხოვრობთ ერთად, ზოგჯერ მწუხრობისას ვიკრიბებით და ვმღერით, თანაც თანამემამულეთა გარდა, ვერავის ვხვდები, საინტერესო ხალხი არ არის. წავიკითხე ალექსანდრე ფირმანი, მომეწონა.

ველოდები შენს სონეტებს. მხოლოდ, თუ შეიძლება, მიეცი კარგი სათაურები, მე ვფიქრობ, შენ ისეთი გამბედავი ხარ, რომ დამფუძნებელი იქნები ქალური ლირიკისა… ვნახოთ…

მე წავიკითხე ქართული ჟურნალები, მხოლოდ მომეწონა აბაშელის ლექსები და ქიაჩელის მოთხრობები. აბაშელი ახალ სტადიაში შედის, ივანეს ავადმყოფობამ (ჯავახიშვილი) ძლიერ შემაწუხა. ვკოცნი სიმონიკოს (ჯანაშია), უთხარი მას, რომ უნივერსიტეტის გამოცემები შემახვედროს.

შენ ნუ ბრაზობ…” (წერილი წყდება)

P.S. ბუტირკის ციხეში გამოძიებელმა (ფ. ძერჟინსკის ერთ-ერთმა მოადგილემ) კონსტანტინეს დედა შეაგინა, რისთვისაც პატიმრისგან სილა მიიღო. აი, აქედან უკვე ასახლებენ სოლოვკიში. ციხის საავადმყოფოშიც იყო და იქაურ შთაბეჭდილებაზეა დაწერილი მოთხრობა “ჯამუ” გააბრაგებულ მეგრელ კაცზე. აი, ამ მდგომარეობაში წერს წერილს.

ფოტოზე კონსტანტინე მაღლაა, მარცხნივ, ელენე კი ზის, ჯოხით ხელში.”