კონსტანტინე გამსახურდიას დიდებული ჩანაწერი

კონსტანტინე გამსახურდიას დიდებული ჩანაწერიმწერალ კონსტანტინე გამსახურდიას მთელი შემოქმედება კლასიკაა და ამიტომაც უჭირს მკითხველს რჩეულთა შორის რჩეულის დასახელება.

“არტინფო” გთავაზობთ ამონარიდს “დიონისოს ღიმილიდან”, რომელიც ქრისტეშობას ეძღვნება:

“ბედნიერი დღეები იყო! შობის მხიარული მეალილოების სიმღერა დაბნელებულ სოფელში. მამაჩემის სახლში მივიყვანდი ალილოს პირველად და მიხაროდა, მამის ნაჩუქარ თეთრ უზალთუნებს ჩემს ძიძიშვილებს რომ გავუყოფდი. კალანდის ღამეს ჩიჩილაკიანი მორდუ წინ გაგვიძღვებოდა; ნალიას, მარანს, ხეებს, ცხოველებს და ფრინველებს – ყველას ფეხქვეშ უყრიდა მეფეხური ნაკურთხ ფეტვის მარცვლებს და შესძახებდა: ”მშვიდობა თქვენდა!”

შემდეგ დახურულ კარებთან იძახოდა ხელმწიფე მეკვლე:
”კარ გამიღე!”
ხმა შიგნიდან: ”რა მოგაქვს?”
”ღვთისა და კაცის წყალობა. წმინდა ბასილი მობრძანდება. კარ გამიღე!”
”რა მოგაქვს?”
”წმინდა თაფლის სანთელი, ოქრო და ვეცხლი, წმინდა ბასილი მობრძანდება. კარ გამიღე!”

როცა მესამედ დაკაკუნების შემდეგ ძიძა კარებს გაგვიღებდა და სათითაოდ მკერდში ჩაგვიხუტებდა, ჩემი გული სიხარულისგან ფრთხიალებდა, როგორც ხოხობი ჩირგვებში.

ახლაც, ყოველ ახალ წელს, ასე მგონია – ჩემი ცხოვრების ბნელ გზებზე ანთებული ჩიჩილაკით ხელში ახალი ცხოვრებისაკენ წინ მიმიძღვოდეს ტაია შელია.”