23 იანვარი, 2022

გია მურღულია სულხან-საბა ორბელიანზე

ფილოლოგი გია მურღულია სულხან-საბა ორბელიანზე ძალიან კარგ წერილს გვთავაზობს:

“რატომ არის სულხან-საბა ორბელიანი ძალიან თანამედროვე მწერალი? – ჩემს პასუხს ნახავთ ამ წერილში.

თანამედროვე სულხან-საბა

შეიძლება, თითქმის 300 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანი თანამედროვე იყოს და მისი ნააზრევი მნიშვნელობას არ კარგავდეს? მგონი, ეს მართლაც, შესაძლებელია და ახლა ვეცდები, თქვენც, მკითხველებიც, დაგარწმუნოთ.

დიახ, სულხან-საბა ორბელიანი, რომელიც 1658 წელს დაიბადა და 1725 წელს წავიდა ამქვეყნიდან, ისე ფიქრობდა და წერდა, რომ 21-ე საუკუნესაც თამამად უსწორებს თვალს და შესაძლოა უსწრებს კიდეც.

რით დავიწყოთ?

მოდით, გავიხსენოთ, რომ არსებობს ე.წ. „დიადი უცნაურობანი“, რომლებიც, ერთი შეხედვით, არანაირ ადამიანურ ლოგიკას არ ექვემდებარება და მხოლოდ განცვიფრების შეგრძნებას ბადებს.

რამ დააფიქრა ლეონარდო და ვინჩი (1452-1519) შვეულმფრენისა და ტანკის იდეაზე? – განა ეს დროის კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილი დაფიქრება არ არის?

როგორ მიაღწიეს აღმოსავლელმა სუფიებმა შუასაუკუნეებში სოციალური ფარდობითობის თეორიის გააზრებას – განა მაშინ ამის გაკეთება აბსოლუტურად წარმოუდგენელი არ იყო?

როგორ შეძლო ბლეზ პასკალმა (1623-1662) რიშელიეს ეპოქაში პირველი მოწყობილობის შექმნა, რომელსაც შეიძლება გამომთვლელი მანქანა და კომპიუტერის პირველი წინაპარი ვუწოდოთ – ნუთუ ეს ადამიანური ლოგიკის რომელიმე ცნობილ გამოვლინებას შეესაბამება?

ამ კითხვებზე ერთადერთი პასუხი არსებობს:

გენიოსებს დროთი შეზღუდული საზღვრები ვერავინ და ვერაფერმა დაუწესა – უნივერსალური ცნობიერება მათ არ სცნობს. ამ განზომილებაში სიტყვა „შეუძლებელი“ ერთი დღეც კი ვერ ცოცხლობს.
ჩვენ, ქართველებს, გვყავს ასეთი მოაზროვნე, დროის საზღვრებს რომ არ ემოჩილება?
დიახ. გამაოგნებელი შოთა რუსთველი რომ არ ვახსენოთ, ასეთი ნამდვილად დიდი ადამიანია სულხან-საბა ორბელიანი, რომელსაც, ერთი ფრანგი მისიონერის, ჟან რიშარის, თქმის არ იყოს, მთელი საქართველო „მამას“ უწოდებდა.

მაინც რატომ ვუწოდებ მას მოღვაწეს, რომელმაც საკუთარ დროს გაასწრო – საუბრობდა ისეთ თემებზე და წყვეტდა ისეთ სააზროვნო ამოცანებს, რომლებიც მასზე გაცილებით გვიან გახდა აქტუალური?

სამ ასეთ საფიქრალს ვახსენებ:
1. გაუცხოების თემა
2. სტერეოტიპების მსხვრევა
3. აბსურდის ფენომენი

პირველ რიგში, შევეხოთ გაუცხოების თემას.

ალბათ ყველას ახსოვს „ოთხი ყრუ“. ყოველთვის, როცა ამ იგავზე ვსაუბრობ, ღიმილს ვერ ვიკავებ. იგავის შინაარსი: ერთმა კაცმა დაკარგა ძროხა. ეძება და ვერ პოულობს. მინდორში შეხვდა კაცი, რომელმაც ვირი იპოვა. ორივე კაცი ყრუ აღმოჩნდა. ლამის ჩხუბამდე მივიდა საქმე. გზად გამოჩნდა კიდევ ერთი ცხენოსანი, რომელსაც უკან ცხენზე ქალი ეჯდა. ერთმა ვირის ამბავი უთხრა, მეორემ – ძროხის. ეს ცხენოსანიც ყრუ აღმოჩნდა და ეგონა, რომ ქალზე ესაუბრებოდნენ. ამ დროს ჩავიდნენ მოსამართლესთან ქალაქში. ყადი სიბერით დაყრუებულიყო. როცა ეს კაცები დაინახა, ეგონა, რომ მუსლიმური დღესასწაულის აღსანიშნავად მივიდნენ. გასძახა, დაფდაფებს დაჰკარითო.

განა ეს ტექსტი, ყოვლად მარტივი და ადვილად გასაგები სახით, დღევანდელი კაცობრიობის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას არ ეხება?

რა არის თანამედროვე სამყაროს გამორჩეულად მნიშვნელოვანი და ჯერჯერობით გადაუწყვეტელი პრობლემა? ეს არის ადამიანებს შორის გაუცხოვება – ერთმანეთს ელაპარაკებიან, თუმცა ვერაფერს აგებინებენ. კომუნიკაციის შედეგი არ ჩანს. სულხან-საბამ ეს გამოხატა ძალიან უბრალო იგავით. სულ მცირე აღწერილობა და მოკლე დიალოგები ვითარებასაც გვიჩვენებს და ადამიანთა დაშორებისა თუ გაუგებარი და ბუნდოვანი ურთიერთობს სიმწვავესაც თვალსაჩინოს ხდის – სიტყვები თითქოს ისმის, მაგრამ არც პასუხები და არც შემდგომი მოქმედება მათი შესატყვისი და შესაფერისი არ არის.

ახლა მეორე თემაზე – სტერეოტიპების მსხვრევაზე ვისაუბროთ.

თავის დროზე, მე მასწავლეს სულხან-საბას ერთი იგავი, „იხვი და მყვარი“. პატარა გუბურაში ცხოვრობენ მეგობრები, იხვი და მყვარი (დიდი გომბეშო). გვალვა იყო და გუბურამ დაშრობა დაიწყო. იხვმა შესთავაზა მყვარს, აქაურობა დავტოვოთ და უფრო დიდი გუბურა ვიპოვოთო. მყვარმა უპასუხა: შენ აქა-იქ თრევას ჩვეულხარ, მე სამკვიდროს ვერ დავტოვებო. ცოტა ხნის შემდეგ იხვი დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ გუბურა გაშრა, მყვარი კი მოკვდა.

მე მასწავლეს, რომ ეს არის პატრიოტობის ყველაზე დიდი გაკვეთილი – შეიძლება შენი ცხოვრების რომელიმე მონაკვეთში გაგიჭირდეს და გამოსავალს ვერც კი ხედავდე, თუმცა სამშობლო არ უნდა მიატოვო. მართალი არ არის ის, რაც და როგორც მასწავლეს. საქმე სულ სხვა რაღაცას ეხება. მე მგონია, რომ ამ იგავში ლაპარაკი აზროვნებაზეა, რომელიც, ერთი მხრივ, შეიძლება იყოს ისეთი, მუდმივად რომ ვითარდება, მეორე მხრივ კი, შეიძლება სულ უძრავად, გაშეშებულად და განუვითარებლად წარმოგვიდგეს. ცხოვრება სულ ახალ გამოწვევებს გვთავაზობს ადამიანებს, სულხან-საბა კი ამბობს, რომ სტერეოტიპებს ცოცხალი აზროვნება არასდროს უნდა შეეწიროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი ჩერდება და კვდება. მას მხოლოდ დინამიკური, მოქნილი აზროვნება, ფიქრი და მოქმედება გადაარჩენს და არა ისეთი ცხოვრების წესი, რომელიც მხოლოდ შეგუებასა და ერთ ადგილას უწყინარ დგომას გულისხმობს. როგორც ბობ დილანი, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი პოპ-მუსიკოსი ამბობს: „თუ ყოველდღე არ იბადები, ესე იგი, მთელი ცხოვრება კვდები.“

გავიხსენოთ კიდევ ერთი-ორი ძველი თუ ახალი თემა, რომ ეს მსჯელობა უკეთესად გავშალოთ.

ვფიქრობ, რომ ქართველისთვის უფრო მარტივია აწყენინოს საქმეს, ვიდრე – ადამიანს. მეორე სტერეოტიპი ისეთია, რომ კაცი ფულის საშოვნელად აუცილებლად სახელმწიფო სამსახურში ან მთავრობაში უნდა წავიდეს. ის ადამიანები, რომლებმაც მიაღწიეს თავის ოცნებას, ხშირ შემთხვევაში არიან კლასიკური განსახიერებანი ამ ჩვეულებრივი ადამიანური ვნებისა – პირადი სარგებლის დაუცხრომელი ძიებისა. ადამიანი ისე ლაპარაკობს, ისე იქცევა, რომ ეჭვს არ ტოვებს – მისთვის საზოგადოების მსახურება მესამე ან მეოთხე პლანზეა – მეორეზეც კი არა.
ვისაუბროთ იმაზე, რომ ასეთი სტერეოტიპები ჩვენს განათლების სისტემასაც ჭამს. მაგალითად, როგორ ვასწავლით ისტორიას ჩვენს ბავშვებს? ხანდახან არ გვერიდება, ტყუილები ვუთხრათ, თითქოს ტყუილით შეიძლება, ნორმალური და კარგი თაობა გავზარდოთ. ეს სხვისი არ მოგვწონს, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე.

მაგალითად, გავიხსენოთ ცოტნე დადიანის ამბავი. ის თავის ტანჯულ მეგობრებს ნებაყოფლობით შეუერთდა და მათი ხვედრი გაიზიარა. რა უთხრა ამით ცოტნემ ქართველთა დამმონებელ და კოხტასთავის შეთქმულების (დაახლ. 1245 წელი) მონაწილეთა დამატყვევებელ მონღოლებს? ალბათ, არსებითად – ასეთი რამ:
შენ მე მომერიე, ჩემზე ძლიერი ხარ, თუმცა, მე შენზე მეტი ღირსება მაქვს. არ მეშინია სიკვდილის და ამიტომ ჩემი და ჩემიანების, ისევე როგორც ჩემი ქვეყნის ღირსების დასაცავად მზად ვარ საკუთარი სიცოცხლე გავწირო.
მონღოლებმა ამის საპასუხოდ ყველა გაათავისუფლეს და ამით უპასუხეს: ჩვენ თქვენზე ძლიერნიც ვართ და არანაკლები ღირსებაც გვაქვსო. ცხადია, მათ ზუსტად იცოდნენ, რომ კოხტასთავის შეთქმულნი მათ წინააღმდეგ პირდაპირ და ღიად მოქმედებდნენ, მაგრამ მაინც მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს, ცოტნეს კი უთხრეს, შენი პატივისცემის გამო ვპატიობთ შენს ამხანაგებსო. სამწუხაროდ, როგორი „ამხანაგებიც“ აღმოჩდნენ შეთქმულები სულ ცოტა ხანში გამოჩნდა – ისინი ლამის სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და საქართველოს ხსნის იდეა, პირადი ინტერესების, გამორჩენისა თუ სარგებლის გამო დიდი ხნით (თუ არა სამუდამოდ) მიივიწყეს.

არც ერთი აქ ნახსენები სიტყვა (ცოტნესი თუ მონღოლთა) ვინმეს გასაგონად არ წარმოთქმულა, მაგრამ ხანდახან სიტყვები კი არა საქციელები ესაუბრებიან ერთმანეთს.

სტერეოტიპი სადღაა?

ჩვენს სკოლებში ხშირად ასწავლიან ამ ისტორიას, რომელიც მე-14 საუკუნის ისტორიკოსმა ჟამთააღმწერელმა (მისი არც სახელა ვიცით და არც გვარი) შემოგვინახა და გვაუწყა, მაგრამ… იქ ჩერდებიან, მონღოლებმა რომ ქართველები გაათავისუფლეს. ამის შემდეგ რაც მოხდა (შეთქმულებმა რომ ერთმანეთის საპირისპიროდ დაიწყეს აგრესიული მოქმედება), იმაზე მაინცდამაინც აღარ ლაპარაკობენ – თითქოს ისტორიული ჭეშმარიტება ვინმეს შეურაცხყოფას აყენებდეს. ადამიანის აღზრდა მხოლოდ სიმართლით შეიძლება. მისი დაფარვა არც ქვეყანას არგებს და არც კონკრეტულ კაცს.

გავიხსენოთ დავით ულუს (1216-1270) მაგალითიც.

ის მონღოლებთან ერთად იბრძოდა და მტერს შეხვდა, რომელიც ძალიან ძლიერი იყო და წარმატების შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობდა. მონღოლმა სარდალმა კეთილგონივრულად უკან დახევა დააპირა, თუმცა დავითი მას არ შეეპუა და მოურიდებლად უთხრა, ქართველთა წესი არ არის მათზე მომავალი მტერი იხილონ და მას ზურგი უჩვენონო.

ყველაფერ ამას, როგორც ღირსებისა და გაბედულების გამოხატულებას, დიდი ხალისით ასწავლიან ბავშვებს, მაგრამ ორ რამეს გვერდს უვლიან და მთლიანი სურათი დაუნახავი რჩება:

1. ასეთი სიტყვები დავითისგან ძალიან ეუცხოებოდა მონღოლ სარდალს, რადგან მისიანებს საკმარისად ბევრჯერ დაუმარცხებიათ ქართველები;

2. ჟამთააღმწერელი პირდაპირ გვამცნობს, რომ მონღოლთა უფროსს თავისი გადაწყვეტილება არ შეუცვლია და ბრძოლის ველს დავითთან ერთად გარიდებია. შესაბამისი სიტყვებიც წარმოუთქვამს: თქვენ, ქართველებმა, საქმე არ იცითო.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მთლად კარგი და სასიამოვნო მოსასმენი თუ წასაკითხი არ არის, მაგრამ ეს სიმართლეა. სიმართლე კი ყველაფერზე მაღლა დგას და არც ერთ სტერეოტიპულ აზრს (მაგალითად, ასეთს: „რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“) არ უნდა ეწირებოდეს.

სწორედ ამიტომ სულხან-საბას იხვს მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მყვარს, რადგან პირველი განვითარებად აზროვნებას განასახიერებს, მეორე კი – გახევებულს.

მესამე თემა აბსურდის ფენომენია.

მსოფლიო იცნობს ე.წ. „აბსურდის თეატრს“, რომელიც მე-20 საუკუნის 50-იან წლებში დაიბადა საფრანგეთში და სწრაფი ტემპით განვითარდა. ვერ ვიტყვით, რომ თავიდან მას მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ, ალბათ – უფრო სიფრთხილითა და გაკვირვებით, რადგან უჩვეულო სანახაობას წარმოადგენდა. პიესებში, რომლებიც წარმოდგენებს საფუძვლად ედებოდა, ადამიანი ნაკლებად ხედავდა ჩვეულებრივ ლოგიკას, რომელიც თითქოს ყველგან მიზანმიმართულად იყო დარღვეული. აბსურდის ანუ სისულელის, ბუნდოვანი რეალობის, გაურკვევლობის თეატრის ისეთი „მამები“, როგორნიც იყვნენ, მაგალითად, ნობელის პრემიის ლაურეატი სამუელ ბეკეტი (1906-1989) და ეჟენ იონესკო (1909-1994) განასახიერებდნენ ასეთ სიმართლეს:

თავად ადამიანთა ცხოვრებაა აბსურდული, ანტილოგიკის, ანტირაციონალურობისა და პირდაპირი უაზრობის უწყვეტი დემონსტრირება, რომლის ასახვასაც შესაფერისი ფორმა სჭირდება – ისეთივე გონიერებას მოკლებული რეალობა, როგორიც თავად ცხოვრებაა. სწორედ ასეთი ხედვით იწერებოდა ისეთი პიესები, როგორიცაა, მაგალითად, ბეკეტის „გოდოს მოლოდინში“. ამ ტექსტში ვეცნობით ორ მთავარ პერსონაჟს – ვლადიმერსა და ესტრაგონს, რომლებიც ელოდებიან გოდოს. ვინ არის ეს გოდო, რატომ ან რისთვის უნდა მოვიდეს, მოვა თუ არა საერთოდ – ეს არავინ, მათ შორის, არც ვლადიმერმა და ესტრაგონმა არ იციან. სიტუაცია აბსურდულია და აქედან გამომდინარე სრული უაზრობაა განვითარებული მოქმედებაც, დიალოგებიც – დასაწყისიც და ფინალიც. თუმცა, ცხადია, მკითხველსაც და მაყურებელსაც გარკვეული ფიქრი, განცდა და განწყობა ებადება, რომლებიც მას ნათლად შეაგრძნობინებენ ადამიანის ყოფიერების მთელ სირთულეს, სიმარტივეს, სიხარულსაც და ნაღველსაც. აბსურდის თეატრი გვიჩვენებს, როგორ ცვლის ლოგიკას ანტილოგიკა, მიზეზ-შედეგობრიობას – განუკითხაობა, მოვლენათა ანალიზის სინათლესა და მკაფიოობას, გაურკვევლობის დახშულობა გარდაუვალი ფინალით, რომელსაც ერთადერთი სახელი აქვს – უსახელო სიბრიყვე.

სად იყო ეს ყველაფერი მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში?

როგორ უნდა დაენახა, განეჭვრიტა, შეეფასებინა და დაეწერა სულხან-საბა ორბელიანს ისეთი ამბები, რომლებიც აბსურდის თეატრის ელემენტებს უკიდურესად თვალსაჩინოდ დაგვანახვებდნენ?

მოდით, ერთი ძალიან ნათელი მაგალითით ვიმსჯელოთ:

„ვირად ნამყოფი ყადი“ სულხან-საბას ნაკლებად ცნობილი იგავია. მოხუცი ცოლ-ქმარია და ვირი ჰყავთ. ეს ვირი წავიდა და არ გამოჩენილა. მას ძალიან გაუმართლა, რადგან მარტოხელა ვირები ღია სივრცეში, ჩვეულებრივ, ცუდად ამთავრებენ სიცოცხლეს. მოკლედ, ყველა შესაძლო ხიფათს უვნებლად გადაურჩა, პატრონებთან საღ-სალამათი და კარგად მოსუქებული დაბრუნდა. ესენი განცვიფრდნენ და თქვეს, ასეთი ჭკვიანი თუ გვყავდა, აქამდე რატომ არ ვიცოდითო? კაცმა დაუდო საფქვავი და გადაწყვიტა, მეწისქვილესთან წასულიყო და სიმინდი დაეფქვა. ცოლმა უთხრა, ეს ვირი ისეთი ჭკვიანია, შენი გაყოლა საერთოდ არ სჭირდებაო. ასეც გადაწყვიტეს – მარტო გაუშვეს. წავიდა ვირი და აღარც დაბრუნებულა. მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გაიხსენა ცოლ-ქმარმა ვირი. ესეც ძალიან საინტერესოა და მათზე ბევრ რამეს გვეუბნება. კაცი წავიდა ვირის მოსაკითხად. მეწისქვილე ჩაეძია, ვისთან ერთად გამოუშვითო. კაცმა უპასუხა, ჭკვიანი ვირია და გამოყოლა არ სჭირდებოდაო. მეწისქვილე მიხვდა, საქმე ვისთანაც ჰქონდა და ის კაცი ცოტა ზემოთ, მეორე მეწისქვილესთან გაუშვა, რომელიც ჭკუამახვილი და ენაკვიმატი იყო. ამ მეწისქვილემ კაცს უთხრა, ძალიან ჭკვიანი ვირი იყო, დაფქვა საფქვავი, მერე ერთი კაცი მოდიოდა შავი ჯორით, რომელიც შეიძინა, ბოლოს ქალაქში წავიდა და ახლა ყადად მუშაობსო. წავიდა ეს გულუბრყვილო კაცი ქალაქში, დაინახა, რომ მოდის ყადი. წინ გადაუდგა. ყადს უყურებს კაცი და ეკითხება, შენ მე ვერ მცნობო? ვერაო, იმან უპასუხა, რადგან ცხოვრებაში პირველად ხედავდა. შენ ჩემი ვირი ხარ, როგორ ვერ მცნობო! შენი ვირი ვარო, ხომ? – ყადმა თავისი კაცები მიუსია და ჩვენი იგავის მთავრი გმირი ძალიან სცემეს. ამ ორგზის თავხედმა მათ უჩივლა. სასამართლოში ჰკითხეს, როგორ დაამტკიცებ, რომ ეს შენი ვირიაო. დუნდულზე მოვნიშნე და შეამოწმეთო. თავისდა საუბედუროდ, ამ ყადს, რაღაც ავადმყოფობის გამო, მართლაც, ჰქონდა მსგავსი ნიშანი. რაკი ვირის პატრონის ვერსია დადასტურდა, ქალაქის თავმა გამოაცხადა, რომ ყადი ამ პატიოსანი კაცის ვირია. გზად უთხრა ყადმა, თავი დამანებეო. ვერაფრით გათავისუფლდა, სანამ ჯორი არ აჩუქა და საფქვავის ფული არ გადაუხადა იმ, ერთი შეხედვით, ბრიყვ ადამიანს.

ახლა კითხვის დროა და გეკითხებით მე თქვენ – რა იგავია ეს?

განა რამით ჩამოუვარდება ბეკეტისა და იონესკოს კლასიკურ ტექსტებს? სულ მიკვირს, როგორ ერთი ფილმი მაინც არ გადაიღეს ამ ამბავზე. ის ხომ ჩვენი ცხოვრების აბსურდულობის ღია და კლასიკური გამოხატულებაა?!

განა, მართლაც, დიდი აბსურდი არ არის, რომ შესაძლოა სასამართლომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც ადამიანს ვირად გამოაცხადებს? სულხან-საბამ დაინახა, რომ როდესაც სამართალი მხოლოდ ფორმალურ ნიშნებს ითვალისწინებს, შეიძლება კაცთა ცხოვრება აბსურდად იქცეს და მათ მოუწიოთ ისეთი რაღაცის მტკიცება, რაც, სასაცილოსთან ერთად, ტრაგიკულიც არის.

ჩვენი ეს წარმოსახვითი საუბარი მსურს ერთი ასეთი ამბით დავასრულო:

ზურაბ კიკნაძე წერდა თავის „ჩანაწერებში“ – იყო მოძღვარი ზუსია, რომელიც ამბობდა: იქ, ზეციურ სამსჯავროზე, რომ შემეკითხებიან, მოსე რატომ არ იყავიო, ვიცი, რა პასუხიც უნდა გავცე, ხოლო თუ მკითხეს, ზუსია რატომ არ იყავი, მე ვერაფერს ვუპასუხებო.

ყველას გირჩევთ, რომ ამაზე პასუხი სულ გქონდეთ – მუდმივად შეგეძლოთ, საკუთარ ცხოვრებას ნამდვილი სახელი დაარქვათ.

პასუხის მოძიებაში, პოვნასა და გააზრებაში კი აუცილებლად დაგეხმარებიან ისეთი ადამიანები, როგორიც იყო ჩვენი სულხან-საბა ორბელიანი – კაცი, რომელმაც საკუთარ დროს გაასწრო და, მგონი, ჩვენსასაც.”