“ღამის სერენადები” „ქართული ბრენდის დღეზე” დაჯილდოვდა

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მევიოლინის ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებული საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ „ქართული ბრენდის დღეზე” დაჯილდოვდა.

დაჯილდოების ცერემონიალი სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ გაიმართა. „ქართული ბრენდის დღე“ 19 წელია ქართულ ბაზარზე მიმდინარე პროცესებს ასახავს და ნაციონალურ ბრენდებს განვითარების ყველა ეტაპზე წარმოაჩენს, მისი პრესტიჟული ჯილდო კი არაერთი კომპანიისთვის გახდა სტიმული. “ქართულმა ბრენდის დღემ“ ნაციონალური ბრენდები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა და გამარჯვებული კომპანიები დიპლომითა და მედლებით დააჯილდოვა.

ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელსაც ორგანიზებას კომპანია „არტ ალიანსი“ უწევს, გამარჯვებული გახდა ნომინაციაში “წარმატებული საერთაშორისო პროექტი”. ჯილდო ფესტივალის დირექტორსა და კომპანია „არტ ალიანსის“ დამფუძნებელს ნინა  ცაგარელს გადაეცა.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული  ბრენდის დღის„ დამფუძნებელს, ქალბატონ მანანა გეგიძეს. დღევანდელ პირობებში ასეთი ღონისძიების ჩატარება გმირობის ტოლფასია. მან გადალახა ეს სიძნელეები და თითოეულ ჩვენგანს მოგვიწყო ნამდვილი ზეიმი.

ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ლიანა ისაკაძეს – ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო, მადლობა ფესტივალის კრეატიულ სამხატვრო ხელმძღვანელს გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსს, გიორგი ისაკაძეს, ფესტივალის მთავარ დირიჟორს  მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანს, ჩვენს ორკესტრს „საქართველოს ვირტუოზები„, შემოქმედებით გუნდს, ჩვენ მხარდამჭერებს – სახელმწიფო სტრუქტურებს, საელჩოებს, კერძო კომპანიებს  და მედია საშუალებებს, რომელთა ძალისხმევის გარეშე ვერ შევძლებდით ფესტივალის ღირსეულად გამართვას. და,  რა თქმა უნდა, დიდი მადლობა  ჩვენს ერთულ მსმენელს.

დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტის წევრებმა. მათ დამსწრე საზოგადოებას სულხან ცინცაძის მინიატურები შეუსრულეს.

ფესტივალი “ღამის სერენადები” 1982 წელს ცნობილი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, განუმეორებელი მუსიკოსის ლიანა ისაკაძის ინიციატივით, საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა. მისი აღდგენა მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს გახდა შესაძლებელი – შავი ზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში.