8 იანვარი, 2022

ექვთიმე თაყაიშვილის გამორჩეული ამბავი

საქართველოს უძვირფასესი განძის მცველის ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებაში არის ერთი ისტორია, რომელიც უმრავლესობამ არ იცის.

ამბავი გიზო ჭელიძემ აღწერა ნაშრომში “ნამცვრევი ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებიდან“:

“შემოდგომა თავდებოდა, გამეტებულად უბერავდა. სულ გაეძარცვა ქარს ფოთლებისაგან გორმაღალას მთა. თოვლის ჭაღარა დამჩნეოდა აჭის მთა-გორებს. ბუხარში ცეცხლი მინავლებულიყო. ბუხრის თაროზე ქონის სანთელი მკრთალად იღვენთებოდა. ფანჯარასთან მიდგმულ ლოგინზე, ქალი ბორგავდა შესაბრალისად, დროდადრო თუ მიყუჩდებოდა მხოლოდ.
დუმილი მეფობდა ოთახში.

– დედა! – ამოილაპარაკა სულთმობრძავმა – სად ხარ, დედა?!
– აგერ, შვილო, აგერ ვარ, მე სასიკვდილე! – ბუხრის კუთხეში მიკუნჭული დედაბერი წამოიმართა და მკერდზე მჯიღების ცემით ლოგინისკენ გაეშურა.
– ხედავ, დედა, მამაჩემი შემოვაიდა ოთახში, გიტული ნაკაშიძე, შენი სანაქებო მზახალი.
– ჯვარი აქაურობას, ნუ ამბობ მაგას, ნინო!
– ა, დგას კარებში და გიყურებს… ჩემს წასაყვანად მოვიდა მაგი ახლა მაკვანეთიდან.
– ყბას რას უქცევ, შვილო, მამაშენი საღაა ამ ქვეყანაზე.
– კარებში დგას აგერ, ვერ ხედავ?
– მაგი ერდიშელია, შვილო, შენი მაზლი. შეშა შემოიტანა! – თქვა მოხუცმა და დამჭკნარი ხელი თავზე გადაუსვა მომაკვდავ რძალს.
– მაკა სადაა?
– მოვა მაკა, შვილო, შენს შვილებს ავახშმებს და მოვა.
– ერდიშელ! – ძლივსძლივობით ამოიძახა ნინომ.
ერდიშელმა, რომელსაც საწოლისათვის ზურგი შეექცია, მკლავზე დაწყობილი შეშა ბუხრის ახლოს მიაწყო და მომაკვდავი რძლის საწოლისკენ შებრუნდა.
– ვკვდები, ერდიშელ!
– არ თქვა მაგი, ნინო, სასიკვდილო არაფერი გჭირს!
– სიცრუე არ გშვენის, ერდიშელ, შენ… თქვი, გაბედე, რომ საამქვეყნო აღარ ვარ!
– არა, ნინო!
– ა, სიმონიც გამოჩნდა, აგრე კარებში, შენი უბედური ძმაი!
ერდიშელი შუბლით კედელს მიეყრდნო და თვალებში მოწოლილი ცრემლი მაჯებით ამოიმშრალა.
– ერდიშელ! – კიდევ ამოიძახა ნინომ და ხელით ანიშნა ახლოს მოსულიყო.
– ჰო, ნინო! – მიადგა საწოლს ერდიშელი.
– შენი ძმის, სიმონის სულს გაფიცებ, ჩემს თავსაც გაფიცებ,… შენ იცი ჩემი ობლები, შენ გაბარებ ჩემს პატარა ექვთ…

მარჯვენა ხელი გადმოუცურდა საწოლიდან ქალს.
– დამექცა ოჯახი! – წაიშინა თავ-პირში ხელები დედაბერმა – ახლა მომიკვდა სიმონიც ააახლააა!
კარები გაიღო. ჯერ „ვარდიას“ ყმუილი შემოისმა ოთახში, მერე – გაშმაგებული მაკა და ნესტორ მღვდელიც გამოჩნდნენ კარებში…
– აღარ ხართ საჭირო, მამაო, დაგაგვიანდათ! – თქვა კედელზე მიყუდებულმა ერდიშელმა.

დღე და ღამე შეიყარნენ.
ოდის გვერდით პატარა ფაცხა იდგა. იქ ათევდა ღამეს მოხუცი მაკა (მაკა – ერქვა დედა-შვილს, ექვთიმეს ბებიასა და მამიდას). ოდაში სული მეხუთებაო, ამბობდა. შუაღამე იქნებოდა, აწიოკებული ობლები მიძებნ-მოძებნა, მოეფარა, დაუყვავა და თავისი ფაცხისკენ წაასხა დასაძინებლად…

…მაკა ბებია არ დაწოლილა,მთელი ღამე დადიოდა აქეთ-იქით, ხან ერდიშელის სახლში შევიდოდა, ხან სიმონის ჯარგვალში. უფრო მეტად ფაცხაში ტრიალებდა, ბაღნებს საბანს უკეცავდა… თან მოთქვამდა: „თქვენ მოგიკვდეთ ბებია, თქვენ მოგიკვდეთ ბებია! – გამთენიისას ჩამოჯდა ცეცხლის პირას და ჩაეძინა კიდეც.

… ალიონმა ფერა… მაკა-ბებიას გაეღვიძა. თავისი თავი დატუქსა – როგორ ჩამეძინაო. წამოდგა ჯორკოდან, ცეცხლი შეანთო, ბავშვების საწოლთან მივიდა. სამივე ერთად იწვა. ნიკოკიას საბანი გადმოეგდო, ის შეუსწორა, ვარლამის ბალიშს შეავლო ხელი…
ექვთიმე??!
ექვთიმე არ იყო ლოგინში…
– ვაიმე ექვთიმეეე?
ღმერთო! ჟრუანტელმა დაუარა დედაბერს თმების ძირებიდან ფეხის ფრჩხილებამდე. გარეთ გამოვარდა, ბნელოდა. ეზოში ვერავინ შეამჩნია, ერდიშელთან მიიჭრა…
– რას ამბობ დედა! – წამოვარდა ლოგინიდან მაკა-მამიდა.
– ნუ ასტეხავთ ახლა ვაი-უშველებელს, გარეთ გამოვიდოდა ბავშვი, ეზოში იქნება სადმე!.. თითქოს იმედით თქვა ერდიშელმა თუმცა თავადაც საშინლად აფოლიანცდა.
ოდის აივნიდან თაყაიშვილები ჩამოცვივდნენ, ღამის მათიერმა მეზობლემბაც შეიყარეს თავი…
– შორს ვერსად წავიდოდა – თქვა გიორგი თაყაიშვილის ცოლმა ეფემიამ, რომელიც ასეთ საქმეში მარჯვე ქალად ითვლებოდა საგვარეულოში.
– დავიღუპეთ – წრიალებდა მაკა-ბებია და აღარ იცოდა რა ექნა…
– დამეღუპა ოჯახი! – აღმოხდა აქამდე თითქოს ჩუმად მყოფს და ენაჩაგდებულ ერდიშელს – კაი არ მჭირს ნამდვილად…
– ერთი მდგომარეობა იმედს მაძლევს ერდიშელ ბატონო! – მიუახლოვდა გაფითრებულ ერდიშელს ქველია ლომჯარია. – აგერ ამდენი ხანია, მე თქვენი ოჯახის ყმა და ახლობელი ვარ, ყველა ნივთს და სულიერს ვიცნობ აქ, ვიცნობ კი არა, თითოეული სულიერის ხასიათი და ზნეი ვიცი კარგად. მაგალითად, მე რომ კაცმა მკითხოს…
– თქვი რა გინდა! – აღარ ეყო მოთმინება გიორგის.
– აგერ ვარდიას, რომ ვუყურებ, თქვენს ძაღლს, მიკვრის და გამკვირვებია რაფერაა ასე მოსვენებული. ვარდია ხმას რომ არ იღებს… ეს კაის ნიშანია.
ყველამ ვარდიას შეხედა. ვარდია კიბესთან ჩაცუცქულიყო, წინა ფეხები გაეშვირა და თვლემდა.
– თანაც ვარდია სულ ფეხდაფეხ დასდევდა ექვთიმეს, არ შორდებოდა.

ერდიშელს რახა-რუხად ეყურებოდა მეზობლების ნუგეში და დამშვიდება. გაქვავებული იდგა და ფიქრობდა – ნამდვილად მომპარა ვიღაცამ ბაღანა და დამიქცია ოჯახი…
…ამის გაფიქრებაზე შეტორტმანდა ერდიშელი, კოწია თაყაიშვილს და ნიტიფოს რომ არ ემარჯვათ დაასკდებოდა „ქვარნალს“ მთის ხელა კაცი…
ჭალა მისადგომებიც გადაჩხრიკეს. ტბებშიც ჩაყვინთეს. მთლად დადგა ფეხზე სოფელი. ვინ ცხენით, ვინ ქვეითად, ვინ თოფით, ვინ დამბაჩით, ვინ კიდევ – წალდითა და ხელკეტით მოედო ვაშტიალს, ოქროსმუხუროს, გაღმა-გამოღმა ნიაბაურს, ნაბადას, სასირეს, ციხისფერდს, კვაჭალათო მინდორს, ტყეს, ღრეს, გზას, ბილიკს, შარას, ყველა გასასვლელსა და შემოსასვლელს.

ცოტა ხანიც და ცხენებზე შესხდნენ, აჭისკენ ქნეს პირი. იმაზეც წუხდა ერდიშელი, რომ მისი ძმა კონსტანტინე სახლში არ იყო და ჭირის შემამსუბუქებელი „სისხლი და ხორცი“ გვერდით არ ჰყავდა.

ოჯახში მხოლოდ ნათესავი ქალები დარჩნენ, მაკა-ბებიასა და მაკა-მამიდას არ შორდებოდნენ, გამწარებულებს რამე არ შეემთხვიათ თავისთვის. სახლში დარჩნენ გიორგი, ალექსანდრე და ტარიელი, ხანში შესულებს მუხლები ვეღარ დაემორჩილებინათ.
– დაღუპულია საქმე… ბოვში ცოცხალი რომ იყოს სადმე ვნახავდით! – თქვა გიორგიმ თავისთვის და კიბის პირველ საფეხურცზე ჩამოისვენა. ფეხებთან ვარდია დაუწვა.
კარგა ხანი გავიდა.
იყვნენ ასე ერთხანს ვარდია და გიორგი, ერთი ორჯერ თავზეც კი გადაუსვა ხელი ვარდიას გიორგიმ:
– ე ბიჭო, ვარდია, იქნება მართლა იცი რამე და მიგვანიშნე!
აივანზე ეფემია გადმოდგა.
– გიორგი!
– ჰო!! – არ წამოწეულა ისე გასცა პასუხი ცოლს.
– ამოდი ზევით! – ჩუმად, დაძაბულად და ხელის ქნევით მიიხმო ეფემიამ ქმარი.
– ვერ ვინძრევი!
ეფემიამ ჩამოირბინა კიბეები, გიორგისთან მივიდა, დაიხარა და ყურში წასჩურჩულა.
– აღარავარ ჩემს ჭკუაზე…
– დიდად დალაგებული არასდროს ყოფილხარ!
– გადავირევი და შევიშლები მე ახლა, გიორგი!
– რააა???
– ნინო ცოცხალია ოჯო!
გიორგი წამოიწია. მუხლებმა არ აუშვეს.
– ნინო ცოცხალია, გეყურება? – გაიმეორა ეფემიამ.
გიორგიმ შემოატრიალა თავი და ცოლი შეათვალიერა, როცა ნახა რომ ადამიანს ნაცრისფრად ქონდა სახე, წამოდგა.
– შევიშლები მეთქი, ზეწარი შეანძრია, ხელი და ფეხი გააქანა, წამოიწია კიდეც!
– წმინდაო გიორგი შენ დამიფარე – თავის სიცოცხლეში პირველად გადაიწერა პირჯვარი ურწმუნო გიორგიმ.
– ადექი, ადამიანო!
– მოგეჩვენებოდა!
– დედის სული ნუ წამიწყდება არ მომჩვენებია, ადექი, ვერ მივნედე საწოლთან ცოცხალია ქალი.
– მაბრიყვებ, ხომ?

… როცა ოთახში შევიდნენ, გიორგი მიაჩიჩინდა ცხედარს…
– მიდი, ჰო!
გიორგის გაუჭირდა ნაბიჯის წინ წადგმა, კი ეგონა, ურწმუნო და გულმაგარი იყო, მაგრამ გაფუჭდა ადამიანი.
– მიდი, კაცი არ ხარ?
„მართლაც რომ ცოცხალი იყოს?“
გიორგის შერცხვა და რაღა გზა ქონდა, მივიდა საწოლთან. წაიწია, ზეწრის კალთას ხელი შეავლო, თითბის კანკალით ოდნავ წამოსწია და შეჩერდა… მოიხედა, ეფემია ისევ მისჩერებოდა. ჯანდაბასო თქვა გულში და გამეტებულად წამოიქნია ზეწრის კალთა.
გიორგი გაშეშდა.
– ვაიმე! – იკივლა ეფემიამ.
– ღმერთო მიშველე, დიდებულო! – სლოკინით თქვა ბერიკაცმა და ხმა გაეპარა.
– ქალო, გააღე კარები! – გონს მოეგო გიორგი და იბღავლა – ცოცხალია, ვაიმე, მეზობლებო! – ატეხა ღრიალი და ვაი-უშველებელი გიორგიმ, ყმაწვილივით გამოვარდა გარეთ და ჩაირბინა კიბეები…
– მეზობლებო, მობრუნდით, მობრუნდით, ნუ ეძებთ! – აგერაა, დედამისს მისწოლია გვერდში, აგერაა! – დაიწყო ეზოში აქეთ-იქით სირბილი აწრიალებულმა ბერიკაცმა.

ვარდია კუდის ქიცინით დაედევნა გიორგის და შარვლის ტოტებზე დაუწყო კონწიალი.
– ვარდია, შენი ჭირიმე, ვარდია, რა ჭკვიანი ძაღლი ყოფილხარ, ძაღლი კი არა, კაციც შენა ყოფილხარ და ქუდიც შენ გხურებია. აი, თურმე რატომ არ სცილდებოდი კიბეს. აწი შენს ჭკუაზე ვივლით ყველა, შენს ჭკუაზე, ვარდიააა!
– ცოცხალია, აგერაა უვნებლად! – გადაირბინა გიორგის ხმამ ვაშტიალი, კვაჭალათი, ნიაბაური, ოქროსმუხურო, აჭი, ქრიშოული.

ეზო ხალხით გაივსო.

აივანზე გამოსული პატარა ექვთიმე გაკვირვებული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით.

მოგვიანებით, ცნობილ პედაგოგთან – გურგენ ვაშაყმაძესთან საუბრისას, ასე იგონებდა ექვთიმე ამ ამბავს:

– მახსოვს, ჯარგვალში მძინარეს გამეღვიძა, დედა გვერდით არ მყავდა, გარეთ გამოვცოცდი და დავუწყე ძებნა, სახლის კიბეებზე ავედი, ოთახის კარი ღრიჭოდ იყო, შევაღე, ლოგინს მივაშურე, ზეწარი ავსწიე და მკვდარ დედას გვერდით მივუწექი, მალე მიმეძინა… სხვა არაფერი მახსოვს.”