25 იანვარი, 2022

ელენე დარიანის, იოსებ გრიშაშვილისა და მარიჯანის ისტორია

პოეტების ელენე ბაქრაძე (დარიანის), იოსებ გრიშაშვილისა და მარიჯანის შესახებ ლიტერატურის მუზეუმის წარმომადგენელი ნანა კობალაძე საინტერესო ისტორიას გვიზიარებს:

“1928 წლის აგვისტოში ელენე ბაქრაძე, მარიჯანი (მარიამ ალექსიძე-ტყემალაძე) და იოსებ გრიშაშვილი ანაპაში ისვენებდნენ, ლაღობდნენ და, როგორც ვხედავთ, საინტერესო პერფომანსებსაც მართავდნენ. ამ ფოტოზე მუხლზე დამხობილი მამაკაცი იოსებ გრიშაშვილია. უკანა პლანზე ჩანან ელენე ბაქრაძე და მისი მეგობარი მარიჯანი, რომელიც მას ანაპაში დახვდა. პერფომანსში მონაწილე სხვა პირთა ვინაობა, სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია.
გთავაზობთ ამონარიდებს ელენე ბაქრაძე-ქართველიშვილის მეუღლისადმი შალვა ქართველიშვილისადმი მიწერილი წერილებიდან:

“შალვა, ჩემო ძვირფასო, აი, უკვე ვზივარ მარიჯანთან. შემთხვევით დამხვდა სადგურზე. ოთახს მოვძებნი ხვალიდან. ცოტა გაძვირებულა. ანაპა მშვენიერია. ვნახავ ექიმს და შევუდგები თავის მოვლას… მარიჯანი მშვენივრათ არის მოწყობილი. მოუვლიათ რუსეთი ვოლგით. დასჯდომიათ ბლომათ. უკვე მოვიარე აქაურობა, თუმცა ჩამოველი დღეს… შალვა, ანაპა შენთვის არის საუცხოვო. ხალხი აუარებელი. სიცოცხლით და ჟრიამულით არის სავსე აქაურობა. ზღვა ზღაპარია. მწვანეც სავსებით საკმარისი, რომ მხოლოდ ციების კოღოები არ იყოს… აქ ყველაფერია. მეტად ბევრი გასართობი, ვიდრე სხვაგან ჩვენს კურორტებზე. საუცხოვო, იშვიათი ჯაზბანდი. და სხვა და სხვა…“.

„…Я тоже думаю, что Анапа принесет мне большую пользу. Я, Шалинька, живу на хорошем месте… Ходить на пляж здесь отовсюду далеко, что значит минут 15-20. Мне не трудно. Много смешного, напр., я все время с Алексидзе семьей хожу в кино зайчиком и ни разу не попалась, зато есть теперь над чем посмеяться. Сегодня поехали на лодке на Бимлюк. Это санаторий в 4 верстах. На лодке С. Гришашвили боялся, оттуда заставил идти пешком. Я измучилась, хотя ноги не болят и шла впереди всех…“.

2013 წელს ლიტერატურის მუზეუმში გამართულ გამოფენაზე „ქალი პაოლოს უკან“ ეს ფოტო და მრავალი სხვა საინტერესო ექსპონატი იყო წარმოდგენილი. დაიბეჭდა საგამოფენო კატალოგიც. უკანასკნელი მოვლენებიდან გამომდინარე ვწუხვარ, რომ ამ თემით დაინტერესებული საზოგადოების დიდმა ნაწილმა ვერ მოახერხა გამოფენის დათვალიერება.

იმედი მაქვს, რომ ამ და სხვა საინტერესო ფოტო და დოკუმენტურ მასალას იხილავთ ელენე ბაქრაძის წიგნში.
ამჟამად მუზეუმში მიმდინარეობს გალაკტიონის 130 წლისთავისადმი მიძღვნილი შესანიშნავი გამოფენა, რომელიც იანვრის ბოლოს დაიხურება. ვისაც არ დაგითვალიერებიათ, მერწმუნეთ, წინ დიდი სიამოვნება გელით.”