8 დეკემბერი, 2021

ზვიად გამსახურდიას გენიალური სიტყვა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შეხვედრაზე წარმოთქმული სიტყვას ოპოზიციის, მათ შორის ინტელიგენციის ნაწილთან, ჩვენ გენიალურს ვუწოდებთ.

შეხვედრა 1991 წლის სექტემბერში თბილისში შედგა და ის ეკა წამალაშვილის “დამოუკიდებლობის გაკვეთილებშია” შეტანილი:

“ზვიად გამსახურდია: გამობრძანდით და თქვით. იმისთვის მოგიწვიეთ, რომ თქვათ. ადგილიდან შეძახილები არ გეკადრებათ, სოლიდური ხალხი ხართ, აქ გამობრძანდით ტრიბუნაზე, დაასაბუთეთ თქვენი აზრი და ჩვენც გაგცემთ პასუხს. ვისწავლოთ პარლამენტური გზით მოქმედება, გვეყოფა ექსცესები.. ეს ხალხი ქადაგებდა, რომ პარლამენტური გზა სისულელეა, კრემლის აგენტების მოგონილი. რომ ლანდსბერგისი კრემლის აგენტია, გამსახურდია კრემლის აგენტია, ესენი ამ გზით ვერასდროს მიაღწევენ დამოუკიდებლობასო. გავიდა თუ არა ლიტვა? ყოფილან ესენი წინასწარმეტყველები და პოლიტიკოსები? როგორ შეიძლება საბჭოთა არჩევნებიო, ხომ გაიძახოდნენ? ლანდსბერგისი ლამის კრიუჩკოვის თანამოაზრედ გამოიყვანეს. ეს იმისთვის გააკეთა რომ ლიტვაში ჩაახშოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა და სამოკავშირეო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელიო. მე რომ ამირჩიეს მაშინ თქვეს, თითქოს, იმისთვის ვარ არჩეული, რომ მეც სამოკავშირეო ხელშეკრულებას მოვაწერო ხელი. როგორ მოვაწერ აგერ ნახავთ თქვენ. მე არ მოვაწერ, სხვა პრეზიდენტი მოიყვანეთ და იმან მოაწეროს ხელი.

დარბაზიდან შეძახილები – შენ მოიყვანე, შენ!!

ზვიად გამსახურდია: უფროსი კაცი ხართ (ვგონებ, ჭაბუა ამირეჯიბს მიმართავს) თუ არ გინდათ აქ ყოფნა, მაშინ გაბრძანდით. ახლა ერთსაც გეტყვით და ესეც დაიმახსოვრეთ, ყველას საყურადღებოდ ვამბობ: თქვენ გგონიათ მე ძალიან მსიამოვნებს და ფიქრობთ ეს ჩემთვის შესაფერისი მდგომარეობაა? გეუბნებით პირდაპირ, მე რომ ახლა წავიდე, საქართველოში დამყარდება ისეთი ანარქია, რომ მერე ყველა თქვენგანი ისევ ძალით მომიყვანს და დამსვამს ამ სკამზე. არ იცით თქვენ რა არის ეს. ამიტომ არ ვამბობ, რომ მეხვეწოთ – არიქა, არ მიგვატოვოო, მე თვითონ, გეფიცებით, საშინლად მომბეზრდა ეს ყველაფერი, არ მინდა დანახვა ამის, მაგრამ რა ვქნა? მისული ვართ კარიბჭემდე, მივიყვან ამ უბედურ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებამდე და მერე კარგად ბრძანდებდეთ. აღარ შეიძლება ამდენი უგნურის და თავზეხელაღებულის გაძლება. ისინი ვერაფრით ეგუებიან ჩემს ძალაუფლებას, არც ერთ ქვეყანაში ასე არ ხდება, სირცხვილია, ერი სოლიდარულია, როდესაც საქმე ეხება დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ერის გადარჩენას. არავის დასჯა არ მინდა, არ არის ეს ჩემი საქმე, გაიგეთ, მეგობრებო, საზოგადოებამ, ხალხმა უნდა მოკიდოს ამას ხელი. ცოტა ხნით მოითმინონ ჩემდამი სიძულვილი და როცა გავა საქართველო სამშვიდობოს და გახდება გაეროს წევრი, ნამდვილად აღარ შეგაწუხებთ და დავანებებ ყველაფერს თავს…”