20 დეკემბერი, 2021

უსამართლოდ დაჩაგრული რეზო ინანიშვილი

მწერალი რეზო ინანიშვილი ნამდვილად ყველაზე უსამართლოდ დაჩაგრული ნოველისტია. წლების წინ მისი სახლ-მუზეუმის აღდგენის თაობაზე საუბარი დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა.

თემო ჭახნაკია, პოეტი:

“რეზო ინანიშვილი -95

არ ვთქვა?

პირველად გურამ ოდიშარიას ინიციატივით დაიძრა ეს თემა, მაშინ კულტურის მინისტრი გახლდათ და 2014 წელს ჩასული იყო სოფელ ხაშმში, მოინახულა რეზო ინანიშვილის 1995 წლიდან მიტოვებული და გაპარტახებული ეზო-კარმიდამო და სახლი, სადაც ჩვენი მწერალი გაიზარდა და 8 წლის მანძილზე ცხოვრობდა ცოლთან ერთად, შემდეგ მწერალთა კავშირმა ერთოთახიანი ბინა აჩუქა თბილისში, ცხოვრობდა ძალიან ხელმოკლედ.

სამწუხაროდ, ბატონ გურამს არ დასცალდა ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, საყდრისის ოქროს უ ძ ვ ე ლ ე ს მაღაროსთან დაკავშირებული ამბების გამო გურამ ოდიშარიამ პოსტი დატოვა. იმავე წელს კიტოვანის სიძე, გიორგაძე დაინიშნა მის პოსტზე, რომლის ხელმოწერის შემდეგ ააფეთქეს საქართველოს ისტორია.

საგარეჯოს კულტურული ობიექტების გაერთიანების დირექტორი ვინმე ბესო ღვინაშვილი 2014 წელს ამბობდა: რევაზ ინანიშვილის სახლს მალე სახლ-მუზეუმის სტატუსი მიენიჭება, რის შემდეგაც სახლ-მუზეუმზე კულტურის სამინისტრო იზრუნებსო.

5 წელი მიაჩუმათეს ეს თემა…

2019 წელს ახალი განცხადება გავრცელდა, სადაც ამბობდნენ, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, საგარეჯოს 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის პროექტირების თანხები და 2019-2020 წლებში რევაზ ინანიშვილის მემორიალური, სამუზეუმო სივრცის მოწყობა სოფელ ხაშმშიო.

სადაცაა 2022 წელი შემოაბიჯებს, სად წავიდა გამოყოფილი თანხა, დაწყებულია სახლ-მუზეუმის მოწყობა?

გამიხარდება თუ ოდესმე ვიხილავთ ამ მუზეუმს, ისე გამიხარდება, როგორც ჩოხელის შესანიშნავი სახლ-მუზეუმის აშენებამ გამახარა 2019 წელს (397 ათასი), ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმის აშენებამ 2020 წელს (300 ათასი).

უნდა დავაფასოთ ჩვენი დიდი მწერლები, ყველას სახლ-მუზეუმი უნდა მოეწყოს!

ცხონებული ალექსანდრე ელერდაშვილი, რომელიც იკვლევდა რეზო ინანიშვილის შემოქმედებას, თავმოყრილი აქვს ჩვენი სასიქადულო ნოველისტის ყველა მხატვრულ-პროზაული 778 ტექსტი, რომელიც 8 ტომში გაანაწილა, დააკაბადონა, დიდი შრომა.

არ უნდა გამოიცეს? არ უნდა დავაფასოთ სათანადოდ გამორჩეული ნოველისტი? მილიონები იხარჯება მავნე რაღაცებში. არ უნდა ჩაერთოს ამ საქმეში კულტურის სამინისტრო?!”