7 დეკემბერი, 2021

თამაზ ჩხენკელის მიძღვნა თამაზ ტყემალაძეს

პოეტმა თამაზ ჩხენკელმა ჯერ კიდევ 1989 წელს თავის მეგობარს თამაზ ტყემალაძეს ორიგინალური ლექსი მიუძღვნა:

“სურათი
თამაზ ტყემალაძეს

თოთხმეტი წლის ილიას სურათი თუ გინახავთ?
დგას თავის თანატოლებთან,
თითქოს ნაღვლიანი, თითქოს დაფიქრებული
რაღაცნაირი გაუხარელი გამომეტყველებით,
თითქოს წინასწარ იცოდეს
იმ ტვირთის სიმძიმე,
რომელსაც ზურგზე მოიკიდებს შემდეგ.
მაგრამ ჯერ არ იცის,
ჯერ არ შეიძლება იცოდეს, რომ ეს ჯვარი იქნება,
ჯერ ყმაწვილია და არ იცის,
თოთხმეტი წლისაა, მეტის არა…
მაგრამ თუ კარგად დააკვირდები მის სახეს,
უფრო კი მის გამოხედვას, – შეგძრავს:
გეგონება გული უგრძნობს უკვე, რომ
ჯვარი უნდა ზიდოს, –
ისეთი სახე აქვს, ისეთი გამომეტყველება.
მაგრამ ჯერ ხომ ყმაწვილია
და შეუძლებელია გრძნობდეს,
რომ ამ ჯვარზე თვითონ უნდა აცვან,
რომ გადაგვარებული და უმადური შვილები
სწორედ ასე მოექცევიან…
შეუძლებელია-მეთქი, შეუძლებელია გრძნობდეს!
მაგრამ ვაი ჩვენ, თუ ამასაც წინასწარ გრძნობდა
თოთხმეტი წლის ილია ჭავჭავაძე…”