16 დეკემბერი, 2021

ტარიელ ხარხელაურის შედევრები

პოეტ ტარიელ ხარხელაურს პოეზიაში აქვს ლექსები, რომლებსაც შედევრები შეიძლება ვუწოდოთ იმიტომ, რომ ისინი ყველაზე დიდი ტკივილის – შვილის გარდაცვალების შედეგად არის დაწერილი.

16 დეკემბერი პოეტის 23 წლის ასაკში მოკლული შვილის – ბექას დაბადების დღეა…

“არტინფო” გთავაზობთ ტარიელ ხარხელაურის ლექსებს, რომლებიც ბექას მიუძღვნა:

მაშ, დავიჯერო, არ გიჭირს ბიჭო?!
თოვლს
და ფიფქები ხეებს აცვივა…
არ მომერიდო, კარს ვტოვებ ღრიჭოდ,
და როცა გინდა მოდი, სახლში ვარ…
გრძელია ღამე, ბუხარი ბჟუტავს,
ხშირად ვიბერტყავ, მუხლებს ნაცრიანს,
ვუზივარ ვახშამს, არ ჩადის ლუკმა,
შენზედა ვჯავრობ, თხლად რომ გაცვია…
კარს უკან ძაღლი წკმუტუნებს, ოხრავს,
ვერ ფარავს სახეს წაჭრილი კუდით,
მგლის ნაკბილები აყრია ოხრად,
ბებერ ტორებზე მგლის სუნი უდის…
ღრუბლები მთებზე მოეწყვნენ ზანტად,
ცაზე ხანდახან გაჩნდება მთვარე,
მჩხავანა გახდა გულთეთრი კატა,
წეღანაც ჯოხით გავაგდე გარეთ…
უპატრონობით გაბერწდა ძროხა,
ვერ ჩამოვყარე მთებიდან თივა,
თხის ქონით დამსკდარ თითებსა ვპოხავ
და წელიც ისე საშინლად მტკივა…
დაღლითაც მალე ვიღლები, შვილო,
ბინდიც მგლისფერად ჩამიდგა თვალში,
არც გულისცემის არ მომწონს კილო,
არც აღარავინ მაკითხავს სახლში…
ვარ ბეჩაობით… ჩემთვის ვყრანტალებ…
ვიფარებ ზურგზე დაძენძილ ფარდაგს…
რა გითხრა,
ისევ ისე მაწამებს,
ზამთრის გრძელ ღამით ხშირ-ხშირი შარდვა…
გაძლება უნდა…
ვო, ამ გაძლებას…
მირჩევენ, სხვისთვის რჩევას რა უნდა,
ვერ მიხვდებიან აძაგძაგებულს
გულს, ვიდრე ხონჩით წინ არ დაუდგამ,
თუ, არ აწუხებთ, ვერ გაამტყუნებ,
მათ ასე სჯერათ,
ასე ასწავლეს,
სახლში ნაკლებად ვმასპინძლობ სტუმრებს,
საკუთარს
თვითონ ვღეჭავ ნაწლავებს…
ჰო,
კიდევ მართლა, რა უნდა მეთქვა,
ა,
გამახსენდა, გეტყვი ახლავე,
ჩემს გამოსვლაზე რას ფიქრობს ღმერთი?!
აქ ყოფნას ნუღარ გამისაფლავებთ…
მაშ, დავიჯერო, არ გიჭირს, ბიჭო?!
თოვლს
და ეს თოვლი შენ არ გაცვივა…

***

მწუხრზე მთვარის მოდგა ჩრდილი,
ქარის მოიყოლა გმინვა,
ხომ არ დამისველდი, შვილო,
ხომ არ წამოგაფრთხო წვიმამ…
სადღაც ხმაურია ფოთლის,
ნისლებს ცივი მოაქვთ სიო,
ხომ არ შეგაწუხე მოთქმით,
ხომ არ დამეღალე, შვილო…
მიდევს სასთუმალი სველი,
თალხი მაფარია ზეცა…
ხომ არ დაგამძიმე ცრემლით,
ჩემო ტკივილო და კვნესავ…
ბნელი გაეყარა სერებს,
დილა სასთუმალთან მოდგა,
მორჩა ღამეული ცრემლი,
მორჩა ღამეული ბოდვა…
მზეო, შენთან შეყრას ვცდილობ,
შენთან მომენატრა როკვა,
როგორ ძნელი გახდა შვილო,
შენი ნატერფლების ლოკვა.

***

ბექას…
წვიმის წვეთებში შენს თვალებს ვეძებ,
რა გინდა, შვილო, ამ მწვანე გზებზე?!
შენ უნდა ცათა ბილიკეს აჰყვე,
აქ ქარი,
ქარი ყველაფერს არყევს.
შენს სულს ცის ლურჯი ფერი უხდება,
მიწა დასცდის და შემოუწუხდება.
ცისკენ,
ჰო, ცისკენ ფრენა ისწავლე –
მიწას ბევრი აქვს წვა და სიმწარე.
ხედავ ჩემს სახეს – როგორ დაღარა?!
როგორ დამდრიკა დაუდრეკელი,
ჩამომიზოლა შუბლის კედელი…
მე მიწა ვარ და – მიწა ვერ დავთმე…
შენ, შვილო, ცისთვის გიმზადებ საფრენს!..
იქ მზე თავისთან გიყოლებს ახლო,
მზე იყოს შენი საყდარი – სახლი.

***

მამულს, ძნელ მოსავლელს, შენ ემატე,
შენს გათენებაში შევედ ბნელი.
ბედკრულ საქართველოს შეემატე,
დაუმიწე დაღმაშენებელი.
ფრთები გაიმაგრე საარწივო,
ჩემი საცხოვრისი მოისამხრა,
ოღონდ მტერი არ გააცინო,
გახსოვდეს – ვისი გორისა ხარ!

***

შვილო, ვზამთრდები,
შენ ზაფხული ახლა გეწყება…
ხშირად წაფრთხები,
როგორც შველი ქარის ქროლვაზე…
შენ მწვანე ძოვე,
მე იოლად გავალ ნეკერით
და არ ინაღვლო
მამის ყვითელ შემოდგომაზე…
შუადღე ჩემი გარდავიდა,
მზე იწვერება,
ძვლები მიდნეს და გადამიდნეს
ჟამთამწერლებმა.
დროა, რომ ბარგი ავიკრიფო
და ლოცვად მივდგე,
საკურთხევლიდან ვუთვალთვალო
შენს გათენებას…
ოღონდ ამაყად,
შვილო – როგორც ჯილაგით
მოგვდგამს,
თავდახრით მიხვალ,
დილის ნამით პირს დაუბან მთებს,
იმ ბილიკებით,
სადაც მამა ქარივით ქროდა.
ძალად ნათელის
და თვინიერ სიბნელის ქრობად.
შენ იცი… ჩემს ცას რანაირად გაუგუმბათებ…
შვილო – ვზამთრდები,
ვიყინები,
მივდივარ ლპობად.

***
გიკვლევ –
შენში ჩემს თავს ვიჭერ,
შენში ჩემს სახეს ვლანდავ.
ოცდაერთის ხარ ბიჭო,
შენსას მოვესწარ გაზრდას.
საულვაშეზეც მხოლოდ
დღეს შევამჩნიე ღინღლი,
ისეთ სივრცეში ვცხოვრობთ,
წლები არაფრად გვიღირს.
ჩემი ასაკის თრთვილო,
თვალებზე ჭირხლის აშლავ,
ოცდაერთის ხარ, შვილო,
მე ისევ გთვლიდი ბავშვად.
მზე სისხლს მიშრობს და მალღობს,
მხრებზე მაწყვია წლები…
შენ უნდა დაჰფლო, ბალღო,
ჩემი ხნიერი ძვლები.
როდის ასტეხავ ბღავილს,
სწორფერს გაუხმობ ნისლში,
შენში იღვიძებს მამრი,
მძლავრი, ველური სისხლი.
დაიგეშები თვითონ,
წვრთნა არავისგან გინდა,
ჩემო ამაყო ჯიშო,
შეურყვნელო და წმინდავ.
მე მიმდგარი ვარ მწვერვალს,
მე გამოვყარე კვალი.
ვპარპაშებ, როგორც ძერა,
შენს გზაზე მქონდეს თვალი.”