შესანიშნავი ამბავი ერეკლე მეორეზე

შესანიშნავი ამბავი ერეკლე მეორეზემეფე ერეკლე მეორეზე – პატარა კახზე შესანიშნავ ამბავს გვიზიარებს ისტორიკოსი გიორგი კალანდია:

“მეფე ერეკლეს შესახებ ევროპაში ყოველთვის ზეაღმატებული გამოხმაურება იყო. მისი პიროვნებით თვით ფრანგი განმანათლებელი ვოლტერიც დაინტერესდა. ეს უკანასკნელი 1772 წლის 1 იანვარს რუსეთის იმპერატრიცას ეკატერინე II-ს სწერდა: “…მე დიდად ვსწუხვარ, რომ თავადი ირაკლი არ იცნობს ჩვენებურ ბულვარულ სეირნობებს, ჩვენს საოცარ კომიკურ ოპერებს და არ იცის მენუეტის რიგიანად ცეკვა.”

ვოლტერის მსგავსად 1765 წელს მის შესახებ ბრიტანელი კორესპონდენტები წერდნენ: “ქართველთა პრინცის ჰერაკლიუსის სამხედრო ნიჭი წარმოსახვასაც აჭარბებს. მან თანამემამულეები დაუძლეველი მამაცობით შთააგონა, მან შექმნა ადგილობრივთაგან სათანადო ლეგიონები და მოამარაგა ისინი ძლიერი არტილერიით, ქვეყანაში ყველა გზა გამაგრებულია და შეესაბამება თანამედროვე საბრძოლო ხელოვნებისათვის საჭირო პირობებს. ამიტომაც, ფიქრობენ, რომ ქართველები თავიანთ თავისუფლებას სისხლის ბოლო წვეთამდე დაიცავენ.”

ამ აღტკინების საბაბი დასავლეთ საქართველოში ოსმალთა წინააღმდეგ ერეკლე II-ისა და სოლომონ I-ის ერთობლივი წარმატებული მოქმედება იყო. ცნობილია, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, სულთანმა 1765-1766 წლებში იმერეთის საბოლოოდ დაკავება ვერ შეძლო და ვერც ტყვეთა სყიდვა აღადგინა. 1766 წელს კი ერეკლესა და სოლომონის ელჩები სტამბოლს ჩავიდნენ და საკუთარი პირობებით შეთავაზებული ზავი გააფორმეს. ამით თურქეთმა მისთვის სირცხვილის მომტანი ხანგრძლივი ომი დაასრულა.

ქართველი მეფის ეს წარმატება პორტუგალიაში წიგნის დაწერისათვის საკმარისი აღმოჩნდა.

იმავე წელს ლისაბონში გამოქვეყნდა ბროშურა სახელწოდებით “ახალი ცნობა სახელოვან ბრძოლასა და ბრწყინვალე გამარჯვებაზე, რომელიც სახელგანთქმულმა ქართველმა მეფემ ერეკლემ მოიპოვა თურქეთის თავხედი სულთნის საშინელი ჯარის წინააღმდეგ.” ნაშრომი ქართველთა მეფის სამხედრო წარმატებებზე და კეთილგონიერებაზე გვიყვება…

ფოტოებზე: 1. პორტუგალიური გამოცემა მეფე ერეკლეზე 2. პატარა კახი. დანარჩენი ჩემს წიგნში “ქართველები მსოფლიო ისტორიაში.” ტომი 12″

შესანიშნავი ამბავი ერეკლე მეორეზე

შესანიშნავი ამბავი ერეკლე მეორეზე