საოცარი გზავნილი ოთარ ჭილაძისგან

საოცარი გზავნილი ოთარ ჭილაძისგანოთარ ჭილაძის შემოქმედებაში საინტერესოა არა მარტო მისი ლექსები და რომანები, არამედ მისი ჩანაწერებიც.

“არტინფო” 1999 წლის ჩანაწერს გთავაზობთ:

“დამთავრდა ჩემი მწერლობა – რაც დავწერე, ნაგავია, რისი დაწერაც მსურდა, ვერ დავწერე! ბასტა! ამოიწურა მადანი, დაწყდა წყარო, დაილია სანთელი, გათავდა პური… მიიწურა სიცოცხლე, როგორც ეს ნოემბერი…

მწერლობა, ასე თუ ისე, კიდევ ამართლებდა ჩემ ამქვეყნიურ არსებობას. ნამდვილად უაზრობაა, ამ დღეში ვიყო და თანაც ვერაფერს ვწერდე…

რაღაც უნდა მოხდეს! აუცილებლად. დღითიდღე ვეფლობი უმოქმედობისა და უაზრობის ჭაობში…

წნევის გაზომვა და მაჯის დათვლა გამართლებულია, თუკი რამეს ქმნი, რაღაცისთვის გჭირდება ნორმალური წნევა და მაჯა. ამაზრზენი სანახავია საკუთარი მაჯის მთვლელი კაცი. საცოდაობაა!
არ მინდა ვიყო საცოდავი.
არ მინდა!

მაგრამ სიკვდილის რომ მეშინია? მერე რა?! ეს ცხოველური შიშია და მეტი არაფერი. მარტო სიკვდილის ხომ არ მეშინია?! მეშინია მიწისძვრისაც, ხანძრისაც, მთვრალი ხულიგნებისაც, ხუნაგისაც, გრიპისაც…

ღმერთმა იცის, რისი აღარ ეშინია კაცს, მაგრამ მაინც კვდება. ასე რომ, შიში დიდი დაბრკოლება არ არის. შიშს მოევლება. მთავარია… მთავარია არ გინდოდეს სიკვდილი. ამისთვის კი ბევრი რამ არის საჭირო, გარდა ჯანმრთელობისა, საქმე უნდა გქონდეს და აკეთებდე. ქალი უნდა გყავდეს და… მოკლედ, დროა, ჭკუას მოვუხმოთ და ერთხელ კიდევ გავიბრძოლოთ… სჯობს, ბრძოლის ველზე მოკვდე, ვიდრე წარმოდგენილმა ბრძოლების შიშმა მოგკლას ლოგინში ბოლოს…”