26 დეკემბერი, 2021

საბედისწერო 26 დეკემბერი რეზო ინანიშვილისთვის

მწერალ რეზო ინანიშვილის ცხოვრებაში საბედისწერო დღედ 1991 წლის 26 დეკემბერი იქცა – შემოქმედი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნინო ნატროშვილი რეზო ინანიშვილზე ძალიან საინტერესო წერილს გვთავაზობს:

“რევაზ ინანიშვილი
20 დეკემბერი, 1926 – 26 დეკემბერი, 1991
ძალიან, ძალიან რომ გაგიჭირდება ადამიანებთან,
მიდი მიწასთან ბარით და თოხით, გაუხსენი გული,
იმას ელაპარაკე, ის დაგიამებს სულის ტკივილს.

რეზო ინანიშვილი

„ჩემი სამშობლო სოფელი ხაშმია. ეს სახელი მაინცა და მაინც საამაყოდ არ ჟღერს, საბა მას „ავჰაეროვანსა და უმაშნოს“ უწოდებს.“ – ასე იწყებს ავტობიოგრაფიულ მოთხრობას. „დედაჩემი მშობიარობისთანავე ცუდად გამხდარა, ჩემთვის კიდევ რამდენიმე დღეს კი უწოვებია და დაწყებულა ჩემი ვაინაჩრობა, ხან ძალუაჩემი მაწოვებდა თურმე, ხან მეზობელი პატარძლები. მრავალთა ძუძუნაწოვს, მრავალთა სიყვარული ჩამინერგა ღმერთმა. დაცოლშვილებულსაც კი ისე მომეფერებოდნენ ჩემი უბნელი ნუცა ძალო, ვარა ძალო, ნინა ძალო და სხვანი, თითქოს ისევ პატარა ვყოფილიყავი. რა კარგები იყვნენ ეს გარჯასა და ჯაფაში თვალებდაქანცული ქალები! ვაი, რომ ვერავითარი სასიხარულოთი ვერ აღვნიშნე მათი ტკბილი ამაგი!.. ვერც მათი, ვერც სოფლისა.“

1936 წელს მამამისი პარტიიდან გარიცხეს და სამსახურიდან მოხსნეს. ოჯახმა თბილისში ერთ ქოხს შეაფარა თავი. 37-ის ზაფხულში მამა დაუპატიმრეს, დააპატიმრეს დედის მამა და ძმაც, სოფელში მსხმოიარე ვენახი გაუკაფეს. მაშინ 11 წლის იყო. შემდეგ მამას ერთხელ მოჰკრა თვალი, სასამართლოს კიბეზე ამავალს, მაგრამ ვერ იცნო და ყურადღება მხოლოდ იმიტომ მიაქცია, რომ ვიღაც დაპატარავებული და დაკოჭლებული კაცი თბილად უღიმოდა. ობლობისა და ომის საშინელ წლებს აღარ იხსენებდა, არც წერდა, უჩემოდაც ათასობით ადამიანს აქვს ნაამბობიო. ერთხელ ბიჭვინთაში ანა კალანდაძესთან მოიგონა თავისი მძიმე ბავშვობა, უამბო, როგორ იქცნენ ტროცკისტის შვილებად, ფეზეოში გაამწესეს და 31-ე ქარხანაში ამუშავებდნენ.

საავიაციო ტექნიკუმში სწავლობდა, მაგრამ არ დაუმთავრებია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე შევიდა და 1950 წელს სტუდენტურ ალმანახ „პირველ სხივში“ მოთხრობა „სახსოვარი“ გამოაქვეყნა. ხელმოკლეობის გამო იძულებული გახდა სწავლა მიეტოვებინა, სამგორის არხის მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა. უნივერსიტეტის რექტორმა ნიკო კეცხოველმა მოიკითხა, ნიჭიერი ბიჭი იყო და რა იქნაო? უთხრეს, სოფელში წავიდა და მუშაობსო. ხაშმში კაცი გააგზავნა, რეზო ინანიშვილი მოაძებნინა, ჩამოიყვანა და უნივერსიტეტში აღადგინა. სამი წლის შემდეგ მისი კრებული „პირველი მოთხრობები“ გამოვიდა. ფაქიზი ლიტერატული გემოვნების მკითხველი მაშინვე მიხვდა, რომ ამ პატარა მოთხრობების ავტორი რაღაცით განსაკუთრებული იყო.

„უნივერსიტეტის დერეფანში მეგობარმა მითხრა: აი, ეს არის რეზო ინანიშვილიო. აჟივჟივებულ, ჭრელაჭრულებში გამოწყობილ გოგო-ბიჭებს შორის მოაბოტებდა (სწორედ ასე!) მზით გარუჯული ვაჟკაცი, რომელსაც მოკლე, მუშური „ტელოგრეიკა“ ეცვა, ხელები ირიბად აჭრილ ჯიბეებში ეწყო, ხოლო შარვალი სალდათურ ჩექმებში ჰქონდა ჩატნეული. მისმა გამორჩეულმა გარეგნობამ და თავისუფლებამ ერთგვარი შური აღმიძრა.“ – იგონებდა მწერალი თემო მაღლაფერიძე.

დიდხანს სახლში წერის პირობები არ ჰქონდა, საჯარო ბიბლიოთეკაში მიდიოდა, ჯდებოდა და იქ წერდა. წერდა ფანქრით, გასაოცრად მწობრად, ლამაზად, თუ რამე არ მოსწონდა, საშლელით შლიდა და ასევე ლამაზად ასწორებდა. ზოგჯერ რომელიმე ზუსტ სიტყვასა თუ ფრაზას რამდენიმე დღე ეძებდა.

ხატვაც ძალიან უყვარდა, გამუდმებით ხატავდა, განსაკუთრებით სამსახურში თათბირებსა და სხდომებზე, ხატავდა პეიზაჟებს, ხეებს, მომავალი ფილმისა თუ მოთხრობის გმირებს. არ უყვარდა ლოდინი, ხანგრძლივ თათბირებზე ჯდომა, სიტყვით გამოსვლა. წუხდა, როცა დროს უაზროდ აკარგვინებდნენ.

მეგობრობდა მწერლებთან, მხატვრებთან, რეჟისორებთან, კომპოზიტორებთან. ეს არ იყო ბოჰემური მეგობრობა, ხმაურიანი შეხვედრები და ხალხმრავალი ნადიმები. თუმცა მუდამ ჰქონდა თითო ჭიქა ღვინო და სიამოვნებით იწვევდა ხოლმე მეგობარს სახლში.

ვახუშტი კოტეტიშვილთან და თენგიზ მირზაშვილთან ერთად საქართველოს მთიანეთი ფეხით ჰქონდა მოვლილი. ხალხში გაგონილ ლექსსა თუ ამბავს იმახსოვრებდა და ხშირად იმეორებდა. სოფლისა და მიწასაგან არასოდეს მოწყვეტილა. უჯარმაში ჰქონდა სოფლური სახლი და არა აგარაკი, ეთესა კარტოფილი, ლობიო, ედგა ხეხილი.

წერდა პატარა მოთხრობებს, თითქოს უმნიშვნელო, სხვისთვის შეუმჩნეველ ამბებსა და ადამიანურ თვისებებზე. აკაკი ბაქრაძემ ინანიშვილის მოთხრობებს „სულის პური“ უწოდა. ჭაბუა ამირეჯიბი ამბობდა: რეზომ თვითონაც არ იცის, როგორი დიდი მწერალიაო. თამაზ ჭილაძე ასე ახასიათებდა: „თითქოს იმავე თიხით იყო მოზელილი, რითიც მთელი კახეთი, ოღონდ, ცეცხლში კი არა, მზეში იყო გამომწვარი. ლაპარაკობდა დინჯად, მოზომილად, თითქოს უხილავ კრამიტებს აწყობდა ჩვენ ზევით, უხილავ სახურავზე. მის სიტყვას მართლაც კრამიტის სიმძიმე და საიმედოობა ჰქონდა.“

რეზო ინანიშვილის დაკრძალვის დღეს, 1991 წლის 31 დეკემბერს, რუსთაველის პროსპექტზე ომი იყო გაჩაღებული და ქარს დიდუბის პანთეონთან მიჰქონდა დამწვარი ქალაქის მჭვარტლი და სუნი. მეგობრები და ჭირისუფლები იმით იმშვიდებნენ თავს, რომ გაასწრო და ამ უბედურებას თვალით ვეღარ ნახავს.”