ნომადი ბართაია შოთა რუსთაველზე

ნომადი ბართაია შოთა რუსთაველზეაღმოსავლეთმცოდნე-ირანისტი, პროფესორი და მწერალი ნომადი ბართაია შესანიშნავ წერილს გვთავაზობს, რომელიც შოთა რუსთაველსა და მის “ვეფხისტყაოსანს” ეხება:

“მცდელობა ქართული კულტურის დისკრედიტაციისა

თეირანში გამომავალ რუსულენოვან ელექტრონულ ჟურნალ „ქარავნის“ 2017 წლის 50-ე საიუბილეო ნომერში გამოქვეყნდა ისტორიკოს-აღმოსავლეთმცოდნის ფელიქს კურცვაილის პუბლიკაცია: „Шота Руставели талантливый переводчик персидской поэмы — «Витязь в тигровой шкуре», а не поэт“, სადაც ავტორი ვითომ ამტკიცებს, რომ შოთა რუსთველი მთარგმნელია და არა პოეტი, რამაც მაიძულა ამეღო ხელში კალამი და მემტკიცებინა, რომ რუსთველი პოეტია და არა – მთარგმნელი.

ავტორი ერთნაირად და თამამად იჭრება, როგორც ფილოლოგიის, ისე ლიტერატურათმცოდნეობის, ტექსტოლოგიის, ისტორიის, გეოგრაფიისა თუ სხვა სფეროებში.

საკითხები, რასაც ავტორი ეხება, დიდი ხანია დამუშავებულია რუსთველოლოგიაში, ბევრზე დამაჯერებელი პასუხებიც არის გაცემული. მათზე სათითაოდ გამოკიდება ამ შემთხვევაში ზედმეტად მიგვაჩნია. ერთ მათგანს კი ნამდვილად ვერ ავუვლით გვერდს, ეს არის მოარული ამბების დამუშავების საკითხი მხატვრულ ლიტერატურაში. პუბლიკაციის ავტორიც, ძირითადად, სწორედ მასზე ახდენს მანიპულირებას, რომ გამოაცხადოს „ვეფხისტყაოსანი“ სპარსულიდან ნათარგმნ ძეგლად, ხოლო მისი ავტორი – მთარგმნელად.

აი, რას წერს იგი: „Но дело в том, что сам Руствели пишет о персидском происхождении сказания. Во вступлении к поэме Руствели пишет, что он «…нашёл персидский рассказ и перевёл с персидского на грузинский язык и переложил его стихами, словно крупную жемчужину, переходящую из рук в руки…»
პუბლიკაციის ავტორი დამახინჯებულად უკეთებს ინტერპრეტაციას პოეტის სიტყვებს და წერს: რუსთაველმა „იპოვა სპარსული ამბავი და თარგმნა სპარსულიდან ქართულ ენაზე და გარდათქვა ლექსად“ („нашёл персидский рассказ и перевёл с персидского на грузинский язык и переложил его стихами“).

სინამდვილეში კი რუსთველი ამბობს: „ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები, ვპოვე და ლექსად გარდავთქვი“-ო…

სად გვეუბნება აქ პოეტი, რომ მას უთარგმნია სპარსული პოემა? ის ხომ გარკვევით ამბობს, რომ სპარსულიდან ნათარგმნი ამბავი გარდავთქვიო ლექსად.

სხვა ამბავია, რუსთველი, ამ შემთხვევაში, სიმართლეს ამბობს თუ თავს იწონებს სპარსული ამბით. სპარსული, როგორც სალიტერატურო ენა, მაშინ ხომ გაბატონებული იყო მთელ მახლობელ აღმოსავლეთში.

რუსთველს რომ ეთარგმნა რომელიმე სპარსული ამბავი, მაშინ ის იქნებოდა მთარგმნელი, მაგრამ, რადგან მან კი არ თარგმნა, არამედ სპარსულიდან ნათარგმნი ამბავი (არავინ იცის სინამდვილეში მართლა რა იყო) გალექსა, ამიტომ ის არის პოეტი.

გვეგონა, ისეთი ჩვეულებრივი რამ, როგორიცაა საერთო ამბების დამუშავება მხატვრულ ლიტერატურაში, წერა-კითხვის მცოდნისთვის ანბანური ჭეშმარიტება იყო, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა, რაშიც „ქარავანში“ გამოქვეყნებულმა ამ პუბლიკაციამ დაგვარწმუნა.

საერთო თემების დამუშავების კუთხით, გადავავლოთ თვალი მსოფლიო ლიტერატურაში არსებულ მდგომარეობას (დაწვრილებით იხილეთ მაგალი თოდუას წიგნი „ვეფხვის ნახტომი ანუ რითი სჯობს რუსთველი შექსპირსა და გოეთეს“ და სხვა რუსთველოლოგთა ნაშრომები), ოღონდ დავკმაყოფილდეთ მხოლოდ სახელების ჩამოთვლით, რადგან მათზე სათითაოდ შეჩერება შორს წგვიყვანდა და ამჟამად არც რაიმე აუცილებლობას არ წარმოადგენს მტკიცება იმისა, რომ, მაგალითად, ჰომეროსის ორივე პოემა მითოლოგიურ ამბებზეა აგებული და ასე შემდეგ.

აი, მცირე ჩამონათვალი იმ ავტორთა და ნაწარმოებთა სახელებისა და სახელწოდებებისა, რომლებიც ნასაზრდოები არიან საერთო ამბებით:
ჰომეროსი, ჰესიოდე, არისტოფანე, ესქილე, სოფოკლე, ევრიპიდე;
კალიმაქე, აპოლონ როდოსელი, ვერგილიუსი, ოვიდიუსი და სხვა რომაელი ავტორები; „სიმღერა როლანდზე“, „რომანი ტროას შესახებ“, „რომანი ენეას შესახებ“, „ტრისტანი და იზოლდა“;
დანტე, ბოკაჩიო;
შექსპირი, „სიმღერა ნიბელუნგებზე“, გოეთე, თომას მანი…
ჩამოთვლა იწყება ჰომეროსიდან, ანუ ძველი წელთა აღრიცხვის VIII-VII საუკუნეებიდან და მთავრდება თომას მანით, ანუ მე-20 საუკუნით.

ახლა კი გადმოვინაცვლოთ აღმოსავლეთში და რამდენადაც რუსთველი დაკავშირებულია სპარსულ სამყაროსთან, დავასახელოთ რამდენიმე სპარსულენოვანი ავტორი, მცირე კომენტარებით:
ფირდოუსიმ შეაგროვა ირანელ მეფეთა შესახებ ხალხში მოარული ამბები, გამოიყენა საშუალო სპარსულ ენაზე დაწერილი – „ხვადაინამაკი“ („მეფეთა წიგნი“), დაყიყის „შაჰ-ნამე“… გადაამუშავა ისინი თავის შემოქმედებით ქურაში და ასე შეუქმნა, არა მარტო ირანს, არამედ მსოფლიო ლიტერატურას, ირანის მხატვრულ ისტორიად წოდებული, უკვდავი „შაჰ-ნამე“.

ასევე ნიზამი განჯელიმ მანამდე არსებული ამბები დაუდო საფუძვლად თავის ხუთივე უკვდავ პოემას, მაგალითად:
„ხოსროვსა და შირინს“ – „ირანული ქრონიკები“ და ფირდოუსის „შაჰ-ნამე“;
„ლეილი და მაჯნუნს“ – არაბული ამბავი ლეილისა და მაჯნუნის სიყვარულისა;
„ისქანდერ-ნამეს“ – აღმოსავლეთში ალექსანდრე მაკედონელზე მოარული ამბები.
„შვიდ მთიებს“, თავისი შვიდივე ამბით – მანამდე ცნობილი ბაჰრამ გურის შვიდი ამბავი;
„საიდუმლოებათა საგანძურს“ – აღმოსავლური არაკები.
ფახრ ედ-დინ გორგანელი პოემის შესავალშივე გვაუწყებს, რომ ვეისის და რამინის ამბავი ჩემამდე ფალაურ ენაზე ექვსჯერ იყო დამუშავებული, მე მხოლოდ ენობრივად გავმართეო.

ასეთი სურათია ასეულობით სხვა სპარსულ თუ არასპარსულენოვან აღმოსავლელ პოეტთა შემოქმედებაშიც, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ საერთო ამბების მხატვრულად გადამუშავებაში, რის შედეგადაც დღეს მსოფლიო ლიტერატურა დამშვენებულია უამრავი „ლეილი და მაჯნუნით“, „იოსები და ზოლეიხათი“, „ხოსროვი და შირინით“ და ასე შემდეგ.

ლიტერატურაში ეს ხომ მიღებული ნორმა იყო.

როგორ მოვიქცეთ ახლა, ავდგეთ და ყველას ჩამოვართვათ პოეტობა და ჩამოვაქვეითოთ მთარგმნელებამდე, თუ მხოლოდ ქართველი პოეტი რუსთველი გავწიროთ საამისოდ?

თუმცა, რუსთველს, განსხვავებით ყველა სხვისგან, მანამ ვერ ჩამოვართმევთ პოეტობას, სანამ ხელთ არ გვექნება ის ნაწარმოები, საიდანაც თარგმნა ან ისარგებლა ქართველმა პოეტმა.

პუბლიკაციის ავტორი წერს, დამპყრობთა თავდასხმების შედეგად თუ როგორ ნადგურდებოდა ირანში კულტურა და ის, რომ არ შემორჩენილა პოემის ორიგინალი, ეს არაფერს არ ნიშნავს: „Не надо забывать, что Персия неоднократно подвергалась нашествие кочевых племен тюрок-сельджуков, в период правления которых в Персии погибло не мало учёных, поэтов от рук захватчиков, а так же были сожжены многие книги. Так вот, если грузинские ученые-литературоведы думают, что если в Иране где-то в библиотеке на полочке не лежит этот самый оригинал и это является доказательством «грузинского» происхождения поэмы, то они глубоко заблуждаются“.

საქმე ეხება თურქ-სელჩუკთა ბატონობის ხანას, როცა მახლობელ აღმოსავლეთში ელიტარული ენა იყო სპარსული და აი, რატომ:

თურქ-სელჩუკებმა დაპყრობილ ირანში სახელმწიფო და ლიტერატურულ ენად დატოვეს სპარსული, რასაც, მათი იმპერიის ზრდასთან ერთად, მოჰყვა სპარსული ენის სამოქმედო არეალის გაფართოება.

ამგვარად, მოხდა ისე, რომ თუ თურქ-სელჩუკებმა პოლიტიკურად დაიპყრეს ირანი, ირანელებმა კი კულტურულად მოიქციეს თავის გავლენის ქვეშ არა მარტო თურქ-სელჩუკები, არამედ, მთელი მათი იმპერია ანუ მთელი მახლობელი აღმოსავლეთი.

ეს პროცესი წარმატებით გაგრძელდა შემდგომ საუკუნეებშიც.

რაღა მაინცდამაინც თურქ-სელჩუკების დროს დაიკარგა ხელიხელსაგოგმანებილი მარგალიტი – „ამბავი სპარსული“, როცა ასეთ აყვავებას განიცდიდა სპარსული ლიტერატურა?

ვთქვათ და არ დაკარგულიყო „ამბავი სპარსული“, რომელიც ლექსად გარდათქვა რუსთველმა, რა დააკლდებოდა, ან რა მიემატებოდა ამით პოეტის სახელს?

ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მაშინ ქართველებისთვის ტერმინ – „სპარსი“-ს სემანტიკური ველი ვრცელი იყო და იგი, ეთნიკურთან ერთად, აღნიშნავდა ზოგადად მუსლიმს, აღმოსავლელს, კულტუროსანს და არ არის გამორიცხული „ესე ამბავი სპარსული“-ში სულაც, ზოგადად, აღმოსავლური ამბავი იგულისხმებოდეს.
თუმცა, არც ამ შემთხვევაში დააკლდებოდა ან მოემატებოდა რამე რუსთველის სახელს.

ახლა კი, რაც შეეხება კონკრეტულად რუსთველს:

ყველა დასავლელი პოეტი მხოლოდ დასავლელია, ხოლო ყველა აღმოსავლელი პოეტი – მხოლოდ აღმოსავლელი.
რუსთველი კი, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მდებარე ქვეყნის, ანუ ორი კულტურის შვილი – აღმოსავლელიცაა და დასავლელიც, რითაც არის იგი ორიგინალური.

პუბლიკაციის ავტორს, თავისი მიზანმიმართული განცხადებების საბოლოოდ წერტილის დასასმელად, მოჰყავს ამონარიდი ამავე ჟურნალის 43-ე ნომერში გამოქვეყნებული ქართველ ირანისტების – ჯემშიდ და ელენე გიუნაშვილების სტატიიდან: «Витязь в тигровой шкуре» Шота Руставели в Иране» და ასე ვთქვათ, საზეიმოდ აცხადებს: „Впервые в истории, грузинские ученые-литероведы открыто написали, что персидская поэма «Витязь в тигровой шкуре» переведена с персидского на грузинский язык. Правда здесь приводятся оговорки, что мол она «переведена или переложена», но это не меняет суть. Как бы качественно она не была бы переведена, с сохранением канонов грузинской словесности, рифмы, перевод всегда останется переводом, а Шота Руставели, отличным знатоком грузинского и персидского языков и, естественно, всего лишь качественным талантливым переводчиком.“

ამონარიდში მივაქციოთ ყურადღება წინადადებას: „Правда здесь приводятся оговорки, что мол она «переведена или переложена», но это не меняет суть“.

სწორედ რომ ცვლის არსს, რადგან «переведена» და «переложена» სხვადასხვა სემანტიკური დატვირთვის მქონენი არიან.

ახლა კი ტერმინ თარგმანთან დაკავშირებით.

ძველ ქართულ ენაში ტერმინი თარგმნა, ფართო შინაარსის შემცველი იყო და, გარდა დღევანდელი გაგებით თარგმნისა, ნიშნავდა: გადატანას, გადაკეთებას, კომენტარს, განმარტებას, ახსნას, ინტერპრეტაციას.
ასე მაგალითად, ქართულში სპარსულიდან შემოსული ძეგლებიდან ფახრ ედ-დინ გორგანელის (XIს.) „ვისი და რამინი“ – «переведена», ხოლო ფირდოუსის (Xს.) „შაჰ-ნამე“ – «переложена» (შეიძლება სხვა ტერმინიც ვიხმაროთ, მაგალითად, გადაკეთება, ოღონდ არა – «переведена»), რადგან „ვისი და რამინი“ მიჰყვება დედანს, „შაჰ-ნამე“ კი შერჩეული თავების გადატანის, გადაკეთების და ვერსიების სახით არის შემოსული ქართულ ლიტერატურაში.

ვთქვათ, ერთ მშვენიერ დღეს, ერთმა და ორმა ქართველმა კი არა, მთელმა მსოფლიოს მეცნიერებმა შეჰკრეს პირი და „აღიარეს“, რომ რუსთველი არის მთარგმნელი და არა პოეტი. მერე რა, დაუსაბუთებელი განცხადებით განა რეალობა შეიცვლება?

დიახ, წერილის ავტორის, ასე ვთქვათ, მარგალიტებიდან, მხოლოდ ერთ მათგანზე შევაჩერეთ ყურადღება და თუ ეს საკმარისი არ იქნება, მაშინ სათითაოდ მოგვიწევს პუბლიკაციაში გამოტანილ ყველა მათგანზე, თავიანთი ფაქტობრივი უზუსტობანით, ყურადღების შეჩერება, უფრო სწორედ, დროის ამაოდ ხარჯვა და მტკიცება იმისა, რომ ორჯერ ორი ოთხია, რომ რუსთველი პ ო ე ტ ი ა და არა მთარგმნელი.

ამ პუბლიკაციის პათოსიდან გამომდინარე, არ გამიკვირდება, მისმა ხელმომწერმა, ასე ვთქვათ, ასეთივე წარმატებით, მთარგმნელობაც კი ჩამოართვას რუსთველს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ირანელებსაც კი, რომლის სამყაროსაც უკავშირებს ქართველი პოეტი თავის პოემას, აზრად არ მოსვლიათ, რუსთველისთვის ეწოდებინათ მთარგმნელი და არა პოეტი. მათ ორჯერ თარგმნეს სპარსულად „ვეფხისტყაოსანი“ (ფარშიდ დელშადმა 1998წ., მოჰამად ქაზემ იუსეფ-ფურმა 2000წ.), როგორც ქართველი პ ო ე ტ ი ს ქმნილება.

ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო ისეთი დონის ელექტრონული ჟურნალისგან, როგორიც „ქარავანია“, იმ სახის პუბლიკაციის გამოქვეყნება, სადაც, თანაც ღიმილისმომგვრელად, იქნებოდა მცდელობა ქართველი ერის კულტურული წარსულის დისკრედიტაციისა.”