25 დეკემბერი, 2021

კატო ჯავახიშვილის დიდებული წერილი

პოეტი კატო ჯავახიშვილი დიდებულ წერილს გვთავაზობს ადამიანებისთვის ძალაუფლების მინიჭებაზე:

“მიეცით ადამიანს ძალაუფლება და უბრალოდ დააკვირდით, ნელ-ნელა როგორ დაეჭიმება კისრის ძარღვები, როგორ ამაყად აწევს მერე ამ საწყალ კისერს ცისკენ, როგორ შეეცვლება ხმის სტრუქტურა და გამომეტყველება და ამ ოდესღაც მშიერი თვალებიდან როგორი დიდი ნაყროვანებითა და სიამაყით გასცემს სატრიბუნე თანაგრძნობას.

მიეცით ძალაუფლება იმას, ვინც გინდათ, გაიცნოთ. ზოგჯერ სულ პაწაწინაც საკმარისია. მთავარია, მნიშვნელობა მიანიჭოთ, დაიჯეროს, გადაწყვეტილებების და განკარგულებების გაცემის უფლება მისცეს თავს. თუ კარგად დააკვირდებით, შეიძლება ისიც კი აღმოაჩინოთ, რომ ჩვენი შეცდომებიდან და ბავშვობიდან კი არა, ყველანი დიადი ბელადების უკანალებიდან დავიბადეთ, არადა მთელი ცხოვრება საპირისპიროს მტკიცებაში გავიდა.

ძალაუფლებაში შემთხვევით ჩავარდნილ ერთ ადამიანზე ვფიქრობდი და ნეტაი, კისერზე სახლები არ აშენდებოდეს, გზები არ გაიკვალებოდეს, მინდვრები არ აბიბინდებოდეს – იმსიგრძეა, ანდა ნეტაი, გზა ორად არ მოიკეცებოდეს კისერჩავარდნილი ადამიანების გადასარჩენად.

რას გაიგებ. სასაცილო კია, მაგრამ სასაცილოც არაა, ისეთი აბსურდია. კისერაწვდილებისა და კისერჩავარდნილებისა ვთქვი, განა რამე…”