1 დეკემბერი, 2021

გივი სიხარულიძის ყველაზე გულწრფელი წერილი

მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ყველაზე გულწრფელ წერილს გვიზიარებს:

“სულის სიმარტოვე

მამა გადასახლებული მყავდა. დედასთან და ბებიასთან ვიზრდებოდი. ვხედავ, ქალს ერთი შეუხედავი, მდიდრულად მოკაზმული ძაღლი ქუჩაში სასეირნოდ გამოუყვანია. იქვე, გვერდზე კი უპატრონო ძაღლები შეკრებილან. ერთ-ერთი მათგანი ისეთი ლამაზი იყო, ადამიანი გულგრილად გვერდს ვერ ჩაუვლიდა.

– საცოდაობა არ არის, ასეთი ლამაზი ძაღლი უპატრონო იყოს და ამ მახინჯ ძაღლს მდიდარი პატრონი ჰყავდესო? – ლაპარაკობდნენ გამვლელები.

ამ ფაქტმა ჩემი კლასელი, ნახევრად სომეხი ომარი გამახსენა, რომლის მამაც ბაზარში მესასწორედ მუშაობდა და მისი დღიური შემოსავალი 100 მანეთი იყო. ეს იმ დროს, როცა დამსახურებული მასწავლებლის ხელფასი თვეში 100 მანეთს შეადგენდა. ერთხელ ომარს ვთხოვე, ველოსიპედზე დამსვი-მეთქი. უარი მითხრა, მშობლები გამიბრაზდებიანო. გული დამწყდა.

ამის გარდა, კიდევ უამრავი მეგობარი მყავდა, რომელთა უმეტესობაც კარგად ცხოვრობდა. მშობლების წყალობით, მდიდრულად ჩაცმულ-დახურულნი დადიოდნენ. მათგან განსხვავებით ჩემი კაზმულობით არასდროს გამოვირჩეოდი. მიუხედავად ამისა, ქმარ-შვილიანი ქალები პატარა, ლამაზ ბიჭს რომ მხედავდნენ, გულში მიკრავდნენ და მეფერებოდნენ. ამას არა მარტო ჩემი გარეგნობა აკეთებინებდათ, არამედ მათი შინაგანი ხასიათიც. თბილები და ესთეტები იყვნენ.

ახლა, როცა უკვე ამხელა კაცი ვარ და ვხედავ, მდიდარნი ამა ქვეყნისანი ისევ ასეირნებენ ზღაპრულად მოკაზმულ მახინჯ ძაღლებს, ისევ ქუჩაში დგას უპატრონო ლამაზი ძაღლი, – მწარედ ჩავფიქრდი, გადავხედე ჩემ მიერ განვლილ გზას და დავასკვენი, რომ ჩემი ცხოვრება თავიდან ბოლომდე იმ ყველასგან გამორჩეული, ლამაზი, უპატრონო ძაღლის ცხოვრებას ჰგავს, იმ დროს გამოკლებით, როცა მეუღლე გვერდით მყავდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, მიუხედავად იმისა, რომ უფლის შეწევნით, შესაშური ცხოვრებით ვცხოვრობ და არაფერი მაკლია, მყავს საუკეთესო შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები და მათგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ, ცხოვრებამ მთავარი – ალერსი დამაკლო.

რამდენჯერმე, როცა საკუთარ კარზე ზარს ვრეკავდი, ჩემს თავზე ვბრაზობდი, რადგან მახსენდებოდა, რომ კარის გამღები არავინ უნდა ყოფილიყო. ჰოდა, ასე დავმეგობრდით ალერსს მოკლებული მე და მისი უდიდებულესობა – სულის სიმარტოვე.

თუკი რამ კარგი მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ეს მხოლოდ უფლის ძალით იყო. ამიტომაც ეს სტრიქონები მივუძღვენი ღმერთს: – გმადლობთ, გმადლობთ ყველაფრისთვის, მეხმარები? – არაფრისთვის!”