20 დეკემბერი, 2021

გიგა ლორთქიფანიძე თენგიზ აბულაძეზე

რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე თავის კოლეგაზე – თენგიზ აბულაძეზე უდიდესი პატივისცემით საუბრობდა:

“მონანიება” უბრწყინვალესი ფილმია, მაგრამ მის ასეთ წარმატებაში კონიუნქტურამაც ითამაშა როლი. ეს იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა, ამის გაბედვა მხოლოდ თენგიზ აბულაძეს შეეძლო. მე მახსოვს ის ამბავი, როდესაც თენგიზმა „მონანიების” სცენარი ედუარდ შევარდნაძეს მისცა წასაკითხად. ჩვენ განებივრებულები ვიყავით, რომ ედუარდი პასუხს ორ-სამ დღეში გვაძლევდა, როცა რაღაცის გადარჩენა იყო საჭირო, ან ფული გვჭირდებოდა რამის გასაკეთებლად.

გავიდა ორი თვე და პასუხი არ ისმის. თენგიზმა რეზო ჩხეიძეს უთხრა: მე მგონი, ედუარდს უჭირს გადაწყვეტა, შეუძლებელია, ამ ფილმის გადაღება და უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩავაყენებთ. ვეტყვი, რომ მე სხვა თემაც მაქვსო. რეზო დაეთანხმა. დაურეკა მთავრობის ტელეფონით და გადასცა თენგიზის ნათქვამი. მან მეორე დღესვე დაგვიბარა და იქ უთხრა ედუარდმა: მე წავიკითხე ეს გენიალური სცენარი, მაგრამ უნდა მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ. მოსკოვი ამას არ მიიღებს, არც კინოკომიტეტი, არც ტელევიზია. ამიტომ, ასეთი რამ მოვიფიქრე, აქაურ ტელევიზიას გადავაღებინოთ, მაგრამ სცენარი არავის წააკითხოთო.

„მონანიების” ბედი შევარდნაძემ გადაწყვიტა. ამიტომ, თენგიზს თავი მოვალედ მიაჩნდა, მხარში ამოსდგომოდა ედუარდს. უკვე ავადმყოფი, ძალიან გამხდარი და შეცვლილი მოდიოდა პარლამენტის სხდომებზე, ბოლომდე იჯდა და ამით გამოხატავდა მადლიერებას შევარდნაძის მიმართ.

ხშირად ამბობენ, თენგიზის ფილმები სხვისას ჰგავსო. არაფერს რომ არ ჰგავს, იმან იკითხოს, თორემ კარგს უნდა ჰგავდეს, აბა, რა? თენგიზი ხომ ყველაფრით ინტერესდებოდა და შეუძლებელია, რამეს გავლენა არ მოეხდინა მასზე…

მე შევსულვარ თენგიზის გადაღებაზე. ის არ იყო მკაცრი, მაგრამ საოცარი წესრიგი სუფევდა იქ. რაც ჩვენ ნერვების გლეჯვის, ყვირილის ფასად გვიჯდებოდა, ის ამას სიმშვიდით აღწევდა. ბევრი მსახიობი გიჟდება მასზე, თუნდაც ოთარ მეღვინეთუხუცესი…

„ნატვრის ხე” შედევრია, მხატვრული აზროვნების თვალსაზრისით საოცრებაა. ეს დამაგვირგვინებელი ფილმია.”