ეთერ თათარაიძის გულითადი თხოვნა

ეთერ თათარაიძის გულითადი თხოვნაფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე თხოვნით მიმართავს თანამედროვეებს, კარგად ჩაუღრმავდნენ ქართულ ფოლკლორს:

“ფოლკლორი – ეს არის ჩვენი სული, ჩვენი მარტივი ფიქრი დედამიწაზე, ფილოსოფიაზე, ეს არის ჩვენი გულწრფელი ფიქრი ჩვენს ყოფნაზე, წუთისოფელზე, აღარყოფნაზე. ეს არის ძალიან შორი და ღრმა ფილოსოფია, ეს არის მთელი ჩვენი ფესვები და მწვერვალები.

ასე ვიტყოდი – ამაზე ცივილური დედამიწაზე არც არაფერია. როგორ შეიძლება ბაიაშვილს, რომელმაც წუთისოფელზე შექმნა გენიალური ქმნილებები, ვინმე 900 დიპლომიანი გაუტოლდეს. ან ივანე წიულაურს, რომელმაც ამოთქვა, “რამ დამაბერა ის მკითხა”, ვინმე ოქსფორდდამთავრებულმა რამე უთხრას ამ დარგში, ან ფილოსოფიაზე, ან ყოფნაზე, ან არყოფნაზე, ან გამოცდილებაზე, ან ცხოვრებაზე. ვერავინ მათ ვერ შეედრება. ეს არის ხალხური სიბრძნე.

აბა, რისთვის ვიკლავთ თავს, იმისთვის, რომ სიტყვების რახარუხი მოვაგროვოთ? ჩვენს თანამედროვეებს დრო აღარ აქვთ, რომ იმას ჩაუღრმავდნენ, რაც ჩასაღრმავებელი აქვთ და მერე დააშენონ 30 ენა. თუ ასე მოიქცევიან, ჩვენზე ბედნიერი არავინ იქნება. ჯერ შენი უნდა იცოდე და მერე უნდა ისწავლო რაც შეიძლება მეტი ენა. შენი თუ არ იცი, რამდენიც გინდა ისწავლე. როგორც ღამურას დაემართა და ძალიან ინანა ის ფრთები, ეგეთი ფრთები იქნება სხვების ენის სწავლა და თავისის დაკარგვა. სულ ღამურას მდგომარეობაში ყოფნა მოუწევთ.

ვაფრთხილებთ სულ ყველას – ჯერ თავისი ენა ისწავლონ, მის შესაძლებლობებს ჩახედონ და მერე ძალიან ბედნიერები იქნებიან, ამით ჩვენი ქვეყანაც იქნება ბედნიერი, რომ მაგრად ეცოდინება ინგლისური და 30 უცხო ენა. სულ პოლიგლოტებად აქციოს ღმერთმა საქართველო, მაგრამ ჯერ ქართული უნდა ვიცოდეთ. ეს არის თხოვნა, იმიტომ რომ ეს ისეთი შესაძლებლობის ენაა, რომელსაც არც საზღვარი აქვს და არც მთავრდება, უფსკეროა, უძიროა და უკიდეგანოა, არსად არ მთავრდება. ეს დიდი საჩუქარი გვაქვს უფლისგან. როგორც კი ამას გაებუტები, მაშინვე დაისჯები.”