12 დეკემბერი, 2021

ძალიან კარგი წერილი “ჯარისკაცის მამაზე”

ფილმები, რომლებიც საქართველოს სამუდამოდ შეგაყვარებთრეზო ჩხეიძის “ჯარისკაცის მამა” ქართული კინემატოგრაფის ნამდვილი შედევრია.

მაკა მიდოდაშვილი ფილმთან დაკავშირებით ძალიან კარგ წერილს გვთათვაზობს:

“ყოველთვის მინდოდა ამ საოცარი ფილმის შესახებ რაღაც მეთქვა, რაღაც ისეთი, რაც ჩემს გულში უცნაურ ფიქრებად დაგროვილიყო და დღემდე ვერ შევძელი ამომეთქვა…

,,ჯარისკაცის მამა” არის შედევრი, იშვიათი მოვლენა მსოფლიო კინოხელოვნებაში. ეს არაა მარტოოდენ საბჭოთა არმიის ბრძოლა ნაცისტების წინააღმდეგ, არც მარტოოდენ ერთი მადლიანი ქართველი კაცის ტრაგედია, რომელიც საყოველთაოდ იქცა თითოეული ოჯახისთვის. ეს ფილმი იმაზე მეტია, ვიდრე ჩანს, მის მიღმაა მთავარი, რას და როგორ დაინახავ, რადგან ესაა ფილმი-ფილოსოფია, მთელი მოძღვრება, რომელსაც ან ხედავ, ან – ვერა.

აქ მოცემული რეალობა, თითქმის წარმოუდგენელი ფაქტების ჩვენებაა იმ ეპოქაში, რომელშიც გენიალურმა რეჟისორმა გადაიღო, რადგან ფილმში უდიდესი ოსტატობითაა ჩართული სახარებისეული პასაჟები.

დარწმუნებული ვარ, ამას თავის დროზე ბოლომდე რომ მიმხვდარიყვნენ კომუნისტები, იგი დღის სინათლეს ვერასდროს იხილავდა, სწორედ ჩემი საუბრის დასტურია მოცემული ეპიზოდი, რომელშიც მებრძოლი ჯარისკაცის მამა ვენახის დანახვისთანავე მომენტალურად იბრუნებს თავის ნამდვილ, კახელი გლეხკაცის სახეს.
ვაზის მოვლა-მოფერებასთან ერთად ისმის ქართველი მეფის მიერ დედაღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ქრისტიანული საგალობელი – ,,შენ ხარ ვენახი”, ეს ხომ წარმოუდგენელი რამ იყო იმ რეჟიმის პერიოდში, როცა აკრძალული იყო ასეთი სიწმინდეები, დიახ, გვესმის გალობა და ეს ბოლშევიზმის ზეობის ხანაში შეძლო ბატონმა ჩხეიძემ, ხოლო დაძაბულობა პიკს აღწევს, როცა რუს ჯარისკაცს ,,სტარიკმა” მახარაშვილმა ერთი გემრიელი ქართული ალიყური აჭამა ვაზის გადათელვისთვის, ეს ხომ პირდაპირი სილა იყო არსებული რეჟიმის წინააღმდეგ, რადგან ამ სცენის გამო ისეთი აჟიოტაჟი ატყდა კრემლის მაღალ ეშელონებში, თუ როგორ გაბედა ქართველმა გლეხმა დიადი საბჭოთა ჯარისკაცისთვის ასეთი ძლიერი სილა ეთავაზებინა… გაიცა ბრძანება ეპიზოდის ამოჭრაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ შეძლეს, პირიქით, დარჩა და სიტუაციას უფრო მეტად ამძაფრებს ის კადრი, როცა თავად ჯარისკაცის მამა ორაზროვნად მიუთითებს, რომ ესროლონ გერმანელ ბავშვებს.
იგი თვლის, რომ თუკი ვაზს, როგორც ცოცხალ მოვლენას, არ უნდა გაფრთხილებოდნენ, მაშინ ეს იგივე იყო, როგორიც კაცის კვლაა, ეს კი ერთ-ერთი მცნების ,,არა კაც ჰკლას” ხმამაღალი გაცხადებაა.

ასევე არანაკლებია ცეცხლმოკიდებული პურის ყანის ეპიზოდი და ჯარისკაცის მამის მიერ წარმოთქმული, ლეგენდად ქცეული ფრაზები – ,,ხლებ, ხლებ გარიტ”, ფრაზებს, რომლებიც გრძნობათა აპოგეას აღწევს და სიგიჟემდე მიჰყავხარ, რომ ასეთ სისხლისმღვრელ და შუაქარცეცხლის ომში, როცა მილიონობით ადამიანი საკუთარი გამოგონებისვე მსხვერპლი ხდებოდა, ამ დროს ქართველი გლეხკაცი საკუთარი ფარაჯით ცდილობს ცეცხლის ჩაქრობას…

ღმერთო, სიტყვები აღარ მყოფნის ამ ეპიზოდის ყურებისას, ათასჯერაც რომ ვნახო, ცრემლები მაინც ნიაღვარად მდის და რაღაც მარწუხები ყელში მიჭერს, ეს ხომ ,,პური ჩვენი არსობისაა”, რომელსაც ყოველდღე შევთხოვთ უფალს, რომ ჩვენი გადარჩენისთვის გვიბოძოს, მაშ, ვხვდებით, ამ ქმედებით, რის გადარჩენასაც ცდილობს ქრისტიანი კაცი, იგი უპირველეს ჭეშმარიტებას იცავს გამხეცებული არსებებისგან.

ეს მომენტი იყო ურწმუნოთათვის რწმენაში დაბრუნების საოცარი მაგალითი, ლოცვის – ,,მამაო ჩვენოს…” პირდაპირი გაცხადება და ეს ნამდვილი გმირობაა რეჟისორის მხრიდან, არანაკლები თავგანწირვა, ვიდრე იარაღით ბრძოლაა მტრის წინააღმდეგ, უფრო მეტი, რადგან ქართველ ჯარისკაცის მამას ერთ ხელში თვალხილულ ბრმათათვის დააჭერინა მომაკვდინებელი იარაღი და მეორე ხელში გონების თვალით მაცქერალთა იარაღი – ქრისტეს ჯვარი… მეტიც, მან, ბატონმა რეზომ, იმ რეჟიმის პირობებში საკუთარი სიცოცხლე ნებაყოფლობით გაუყენა გოლგოთის გზას… უბრალოდ, მათ, კომუნისტებმა, ჯვართ ვერ აცვეს, რადგან ჯვრის და ტაძრის ძალიან ეშინოდათ… მას დედაღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილს, უდიდესი მადლი ჰფარავდა…”