დინა მირცხულავას საოცარი ჩანაწერი

დინა მირცხულავას საოცარი ჩანაწერინოველისტი დინა მირცხულავა თავის ერთგულ მკითხველებს ახალ-ახალი ნაწარმოებებით ყოველთვის ანებივრებს.

“არტინფო” ერთ-ერთ ნოველას გთავაზობთ, რომელიც ნამდვილად საოცარია:

“საჭირო დროს საჭირო ადგილას რომ მოსულიყო, ალბათ დავიტოვებდი.

პატარა, ყინვისგან დამზრალი ლეკვი ქურთუკში დაემალა ჩემს შვილს და კარებში იდგა.

– დე, არა?! – ტირილი შეერია ხმაში.
– არა!

იმ დღეებში ხასიათი მქონდა არეული.
ბოროტსა და ულმობელ სამყაროს ხელები წაეჭირა ყრონტში და მახრჩობდა.
სად მეცალა ლეკვისთვის ?!
მძიმე ნაბიჯები უკან-უკან გადადგა ჩემმა შვილმა და მხოლოდ თვალები დამამახსოვრდა, რომ ორივეს – ლეკვსაც და ბავშვსაც წენგოსფერი ჰქონდათ.
მთელი ის დღე გამებუტა ბავშვი, მაგრამ არ მეცალა.
ხომ გითხარით, ომი მქონდა გაჩაღებული.
ადამიანებს ვებრძოდი – “არავინ” და “არსაიდან” ადამიანებს, ძალიან ხმაურობდნენ.

მეორე ღამეს იმ წენგოსფერი თვალებით ამომხედა შვილმა.
– ძაღლის ლუკმას ვჭამთო, – მითხრა და კარაქიანი პური უკან გამომიჩოჩა.
– ბებომ მომიყვა, რომ ერთხელ ღმერთი ადამიანებზე ძალიან გაბრაზდა და პური აღარ მისცა.
ძაღლს წკმუტუნი დაუწყია, შეეცოდა ღმერთს და ერთი ნაჭერი გადმოუგდია.
მოჰქონდა თურმე ძაღლს და ადამიანს უყოფდა იმ ერთ ლუკმას.
– ბებოსთან აღარ წახვალ-მეთქი.
წენგოსფერი თვალები დახარა და ხმა აღარ გაუღია.

გათენებისთანავე მთელი სოფელი შემოვიარე, ლეკვს ვეძებდი.
ომიც წავაგე.
“არავინ” და “არსაიდან” ადამიანებმა მაჯობეს.
ასე ემართებათ ჩემნაირებს – რომ დამეტოვა, ლუკმა გამეყო, გამეთბო – უსათუოდ გამიშვებდა მახრჩობელა ხელებს სამყარო და ის “არავინ” და “არსაიდან” ადამიანებიც ჩემს გზებს აღარ ჩახერგავდნენ.
ალბათ შვიდი, რვა წელი გავიდა იმ დღიდან, მაგრამ იმ ორ წყვილ წენგოსფერ თვალებს – არასოდეს მივუტოვებივარ.

წუხელ ჩემი შვილისათვის ერთ-ერთი წარმატებული დღის დასასრულს – სხვათაშორისად ვკითხე.
– დიდი რომ გაიზრდები და დიდი ადამიანი გახდები, რას გააკეთებ-მეთქი.
– ძაღლების თავშესაფარსო, – ისე მიპასუხა, რომ მივხვდი, ბევრი ჰქონდა ნაფიქრი ამაზე.
დავპატარავდი – ოღონდაც ის ლეკვი და ის დღე არ გაიხსენოს-მეთქი.
გავბედე და თვალებში მივაჩერდი.
ღმერთო ჩემო, წენგოსფერი გახდომოდა, აგერ რამდენიმე წუთის წინ თაფლისფერი თვალები წენგოსფრად აკვესებდა.

როცა მე წავალ, როცა დიდ ადამიანს დავუტოვებ სამყაროს და ჩემი გასვლის გადაწყვეტილებას ერთად მივიღებთ მე და ღმერთი – ორ წყვილი წენგოსფერი თვალი გამაცილებს ამ სამყაროდან – ლეკვის და დიდი ბავშვის…”