30 დეკემბერი, 2021

ბესიკ ხარანაულის ორიგინალური შელოცვა

პოეტი ბესიკ ხარანაული ძალიან ორიგინალურ შელოცვას გვიზიარებს, რომელიც ახალ წელს ეძღვნება:

“ქორონიკონს ქრისტეს აქეთ, ორიათას ოცდაორსა

ახალწლის შელოცვა

ქორონიკონს ქრისტეს აქეთ, ორიათას ოცდაორსა,
ახალწელიწადს ვულოცავ, ქალსა, კაცსა, ცხენსა, ჯორსა,
სუყველას, ღვთისგან გაჩენილს, ეშმაკისგან განაშორსა,
ყველას, რასაც ჩრდილი ახლავს, რაც მიწაზე ბალახს ძოვსა,
რაც გზაზე დაიარება, რაც კლდიანზე უცემს ტორსა,
ახალჩასახულ სიცოცხლეს, საფლავებსა დანათოვსა,
წვიმიანსა, თოვლიანსა, ქარისაგან მოშლილ თქორსა,
აღმართსა და დაღმართსა და, ვაკესა და, მთა და გორსა,
ყველა სულდგმულს მასზედ მავალს, არ დავტოვებ ცაში ქორსა,
ახალწელიწადს ვულოცავ, კოცნას ვუძღვნი და ამბორსა,
საქართველოს შევეწიოთ, ჩვენგანამცა განაჭორსა,
იმათაც, ვინც მისჯილია სხვის ცას უბრად უყუროსა,
თავის მიწა გაახსენდეს, თვალზე ცრემლი იწუროსა,
ჩვენ კი, ვინაც სახლში ვსუფევთ, მტრობა დავიჭიროთ შორსა,
ცუდი მალე დავივიწყოთ, კარგი კიდავ არასდროსა,
შარშანდელს მადლი შევწიროთ, სახსოვარსა დანატოვსა,
კაცი მთელი გამოვიდეს, გუდა წყალმა წაიღოსა…
მორჩა, მეტი აღარ ვიცი, გაგრძელებას ნუვინ მთხოვსა,
მესტვირული ჩვეულია ისარსაც რომ გაასწროსა,
მტერს ისარი, ჩვენ მზისთვალი, მოტყორცნილი შორით-შორსა,
კაცს ხალისი თუ არა ახლავს, სხვისთვის მაინც ხალისობსა,
სხვა თუ არ ჰყავს, თავს შესცინებს, გაალხინებს დანაღონსა,
ამინს ეტყვის მაღლით ღმერთი, როგორც კაცი, სწორი-სწორსა,
ქორონიკონს ქრისტეს აქეთ, ორიათას ოცდაორსა,
საწერ-კალამი მიჭირავს, არც მაწვიმს და არცა მთოვსა,
სამ ჭიქას დავილოცები, ბევრს ვეღარ ვსვამ ბოლო დროსა.
ქორონიკონს ქრისტეს აქეთ, ორიათას ოცდაორსა.”