აკაკი წერეთლის შედევრი

აკაკი წერეთლის შედევრიაკაკი წერეთლის კლასიკა – მიერ ჯერ კიდევ 1912 წელს დაწერილი პოემა “რაჭა-ლეჩხუმი” XXI საუკუნეშიც საოცრად აქტუალურია:

“რაჭა-ლეჩხუმში ავედი,
მინდოდა მათი გაცნობა,
სანახაობამ მომხიბლა
და დაიმონა მთლად გრძნობა!
ღმერთო, რა ვნახე?! სასიზმრო
და საარაკო მხარეა:
თუ თვით ედემი არ არის,
ედემის შესადარია!..
ცას მიბჯენია მთა და კლდე,
რაღაც თვალ-უწვდენელია!
ძირს ყვავილებით ნაქარგი,
სუნნელი მთა და ველია!..
შიგ და შიგ მდინარეები,
მოიკლაკვნიან ველადა,
მოჩუხჩუხობენ ხმა-ტკბილად,
რიონში ჩასართველადა.
ყოველ ნაბიჯზე წყაროა,
მგზავრი რომ გაახაროსა,
და მწყურვალს მოაგონებენ
„უკვდავებისა წყაროსა.“
სხვადასხვა აბანოები,
გულუხვად დანათესია,
თუმც „მჟავე-წყალი” ცნობილი,
ჯერ სხვებზე უკეთესია.
ჰაერსა სულის ჩამდგმელსა,
კეთილად შეზავებულსა,
ნელსაცხებელად მიუძღვნის,
დამაშვრალს სულსა და გულსა.
ნუ დაიჩემებს ნურავინ
სხვა უკეთესსა მხარესა!
ვარსკვლავი ყველგან ბევრია,
მაგრამ ვერ სწვდება მთვარესა!!.
ვინც აქ შობილა, გაზრდილა
მართლა რომ ბედნიერია!
კაცები თვალტანადები,
ქალები — მშვენიერია!
გაურჩეველად წოდების,
ხნოვანების და სქესისა
აქ ყველა ქართველებია,
მიმყოლი ძველი წესისა.
არ ჰკარგვენ, მამა-პაპებსა
რაც კარგი რამე ჰქონიათ;
არ ივიწყებენ, ძველებზე
რაც კარგი გაუგონიათ.
რაც მიუდგება მომავალს,
მას აფასებენ დიდადა,
და წარსულს, როგორც საფუძველს,
უდებენ გზად და ხიდადა.
შეუპოვარი ხალხია,
მარჯვე, გულ-გაუტეხელი…
ნუ ჰფიქრობთ, უკუღმართობამ
რომ შეუშალოს მათ ხელი!
სალი კლდე, მთები მაღალი,
მათ გულში ჩასახულია,
და ქართველობაც იმიტომ,
აქ უფრო შენახულია;
როგორც ფუტკარი სათაფლო
სიტკბოს დაეძებს სხვაგანა,
მოჰკრეფს და უბრუნდება ბოყვს,
შინა აქვს თაფლის მანქანა, —
ისე ეს ხალხიც შინ შრომობს,
სცხოვრობს შეძლების გვარადა,
თუ სხვაგან წავა სავაჭროდ
შრომის ოფლსა ჰღვრის ღვარადა.
და მოსაგები შემოაქვს
წმინდათ ახმარებს კერასა;
ნაუკუღმართი არ უნდა
და მადლობს ბედის წერასა.
საეროს ერსა ახმარებს,
საღმრთოს კი იხდის ღვთისთვისა,
და გზა და ხიდი მით გაჰყავს
პირდაპირ მომავლისთვისა.
აი, რა ვნახე! რა ხალხი?
ბოლოს დროს მოხუცებულმა
და სხვაგვარ ააფრთოვანა
მგოსანიც სულმა და გულმა.
მე დაქანცული სიამით,
ჩამოველ სოფლის ძირადა
და ქარის ამოსაღებად
მივდეგ რიონის პირადა.
მდინარე გაგიჟებული
იმღერდა სევდის ჰანგზედა;
შლეგივით მიიჩქაროდა,
ხტებოდა ქვიდან ქვაზედა.
— შესდეგ, მდინარევ, შევძახე,
რამ გაგამწარა, მეც მითხარ?
სიდან მოდიხარ გულფიცხად?
და ან საითკენ მიდიხარ?
თითქოს ფიქრს უზიარებდა
ჩემს მოუსვენარ აზრებსა,
„ნიკორწმინდის“ და „ბრავალძის”
შეჰღაღადებდა ტაძრებსა:
„მაღალი მთების შვილი ვარ,
კლდეებმა ჩამჭრეს განები;
შავი ზღვისაკენ მივდივარ
დორბლის ყრით მივექანები.
უხსოვარ დროდან მოვდივარ,
როგორც რომ მათუსალაო;
ვილევი, მაგრამ არ შრება
ჩემი ღონე და ძალაო.
სწორედ, რომ ამირანი ვარ
კლდეებზე მიჯაჭვულიო,
სარკე ვარ საქართეველოსი,
მისი სული და გულიო.
დღეს მეძახიან „რიონსა“,
„ფაზისი“ მერქვა ძველადა;
ბევრი რამ თქმულა ჩემზედა,
მიხსენიებდა „ელლადა.”
მაშინ ეს ჩვენი ქვეყანა
„კოლხიდად” იწოდებოდა:
მსოფლიოს სახელმწიფოებს
უტოლდებოდა, სწვდებოდა.
ღვთის გაჩენილი ქვეყანა
სხვა და სხვისია სამკვიდრო.
მსოფლიო კანონის ძალით
ვის შერჩენია ერთი დრო?..
ვინ არ შეჰხარის ბუნებას
მომხიბლავ-სანეტაროსა?
„ერთი წავა და სხვა მოვა
ტურფასა საბაღნაროსა”.
კოლხიდაც დროთა მსვლელობამ
მეტად არ გააზვიადა,
მოსპო რა მისი ხსენება,
გარდაქმნა „ივერიადა”.
და „ივერიის“ სახელით
ის განაგრძობდა არსებას,
მოსაზღვრე ლიხის გადაღმა
არც წუნს იკლებდა, არც ქებას!
ბოლოს კი ორივე მხარე
იწოდა „საქართველოდა“
და ხალხი, ჭირის ამტანი,
კეთილ მომავალს ელოდა.
ჩემი ყურით ვარ გამგონე
და ჩემი თვალით მნახველი,
რომ ღირსეულად გაითქვა
ქართველმა მისი სახელი.
ყური დამიგდე, მოხუცო,
გეტყვი თავგადასავალსა,
თუ ვით იხდიდა ქართველი
ეროვნულ სესხსა და ვალსა.
იყო პატარა ქვეყანა
სიკეთე მიუწვდომელი,
და მისი ხელში ჩაგდების
მთელი ქვეყანა მდომელი,
ასურეთ-ბაბილონია,
არაბისტანი, სპარსეთი,
სუყველა ემტერებოდა,
არა ჰზოგავდა არცერთი.
ემტერებოდენ ბერძნები,
ხელს არ აღებდა რომიცა
და ბევრიც გადაიხადა
მან საგულისხმო ომიცა.
გაკაცცოტავდა საბრალო
ხალხთა შორისი ზვარაკი,
მაგრამ კი საისტორიოდ
დარჩება როგორც არაკი.
ვით ამირანი შორსმჭვრეტი,
კავკასის ქედზე მიკრული,
ქორისგან ამონაწიწკნი,
რომ ჰქონდა ღვიძლი და გული.
ისიც, ბედისგან დევნილი,
ზედ ეკრა კავკასიასა
და მიწაც, სისხლით მორწყული,
აძლევდა ვარდს და იასა.
ამ პაწაწინა სამეფოს
უხმობდენ „ივერიადა“.
ხალხმა ქცეულმა ფოლადად
სახელი გაიდიადა.
როდესაც მაჰმადიანთა
აიღეს ქრისტეს საფლავი,
მლოცველს პირობა დაუდვეს
ძნელი და გულის საკლავი:
იერუსალიმ ქალაქში
ვერ შევიდოდა ვერავინ,
თუ ფეხის ქირას საბაჟოდ
არ გადუხდიდა წინდაწინ.
არ ეხებოდა ქართველს კი
ეს უცნაური პირობა,
მას პატივობდა ბაჟისგან
მისი წარსული გმირობა.
და მართლაც გმირი ყოფილა
ქართველი კაცი წარსულში,
მაგრამ დღეს სადღა გამოჩნდეს?
ჩაცვენილია უფსკრულში.
მაშინ კი იდგა საზღვარზე,
მტერს იგერებდა მარადა.
ცეცხლსა და მახვილს ხმარობდა,
ყველასთან ფარის გვარადა.
უმკლავდებოდა ერთი ათს,
იცავდა საკუთრებასა;
რჯულის და ქვეყნის დაცვაში
ხედავდა ნეტარებასა!
ძალმომრეობით ვერავინ
ვერას აკლებდა… ვერასა!
და ვერ ანგრევდა ქართველის
მცირე და ღარიბ კერასა.
ჯერი რომ მიდგა რუსეთზე,
და გაძლიერდა ისიცა,
შეუპოვრობა ქართველის
მან იუცხოვა… იტკიცა.
„როგორ თუ გამიმკლავდება
პატარა საქართველოო.
იმ სუსხით უნდა დავაჭკნო
როგორც ზამთარში მდელოო.
თუ ვერას გავხდი მტრობითა,
მოყვრობით ვიგდებ ხელშიო
და მაშინ მე მთელ აზიას
ხელსაც წაუჭერ ყელშიო”.
ეს განიზრახა და კიდეც
საქმედ აქცია ყოველი.
და მოტყუებულ-შემცდარსა
გარს მოეხვია, ვით გველი.
ის, რაც პირობა დაუდვა,
არ აუსრულა არც ერთი:
გასტეხა ფიცი და მტკიცი
აღარ იწამა მან ღმერთი.
ხელში ჩაიგდო და ძველი
წესწყობილება დაშალა,
შემოიტანა თავისი
და მოაყოლა თან ძალა.
ქვეყნის გამყიდველს და ორგულს
უძღვნიდა „ქებათ-ქებასა”.
და ყოველ ბიჯზე სცდილობდა
მთელ ქვეყნის გარუსებასა.
და გარუსებას რა გვარად?
ენით და არა გულითა!
მაგრამ თუ ჭკუა არა სჭრის,
რა გაკეთდება ფულითა!
ვერც აისრულეს წადილი,
ხალხიც დაღუპეს ტყვილადა
და შედარებით წარსული
დრო მოაჩვენეს ტკბილადა.
ჯერ ეკლესიას ეძგერენ,
სთქვეს „აქ მარხია ძაღლიო!”
ჯერ ძირი გამოუთხარე,
თუ გსურს დაიქცეს სახლიო.
სანამდი სარწმუნოება
ქართველს ექნება ხელშიო
და არ მოკვდება ზნეობით,
— ხელს ვერ წაუჭერ ყელშიო.
ჯერ უნდა რჯული წავართვათ,
გავხადოთ უნამუსოთო
და მერე შევძლებთ ადვილათ
რომ კიდეც გავარუსოთო.
ეს სთქვეს და კიდეც მაშინვე
შეუდგნენ გარუსებასა,
და ქართველობის უარმყოფს
არ ამადლიდენ ქებასა.
კათალიკოსის სანაცვლოდ
დაგვისვეს ეგზარხოსები,
ისინიც ისე გვდევნიდნენ,
ვით ბაყათრობას ოსები.
ქართული წირვა და ლოცვა,
ქართული სახარებაო
მართალი არის, რომ დღეს ხალხს
ესმის და ეყურებაო,
მაგრამ კიდევაც ის არის,
რომ აღარ მოგვწონს ჩვენაო!
ღვთის სავედრებლად რას ვარგა
რაღაცა… ძაღლის ენაო?
არ სჯობს, რომ სულ გადარჯულდეს
ქართული ეკლესიაო?
და ვინც კი დაგვეხმარება,
ავნუსხოთ მათი სიაო!
და ამ განზრახვით გამართეს
მეჯლისი-სემინარია;
იმისმა მიმართულებამ
ხალხი სულ არივ-დარია.
გარდა ქართული ენისა
იქ ასწავლიდენ ყოლიფერს
და ამზადებდენ სამღვდელოდ
ქვეყნის ორგულს და ქვეყნის მტერს.
მღვდლად აკურთხებდენ მისთანას,
ვინც არ იცოდა ქართული
და მხოლოდ რუსულ ზღაპრების
კითხვაში იყვენ გართული.
ესეც რომ აღარ იკმარეს,
ჭირი დაურთეს ჭირზედა
და ვისაც სიტყვა შეეძლო
ხელს აფარებდენ პირზედა.
სასულიერო წოდებას
ძველ დროში ჰქონდა ქონება,
რომ მოეცალა საკუთრად
მრევლისთვის გრძნობა-გონება,
მრევლს არა სთხოვდა სასყიდელს,
რომ მით ცოლშვილი ერჩინა
და ეკლესია აძლევდა
რაც სჭირდებოდა მას შინა!
პირიქით თვით პატრონობდენ
ქვრივ-ობოლ გაჭირვებულებს
და მუშაობდენ მღვდლებივე
საეკლესიო მამულებს.
ქონების შეუხებლობა
განამტკიცებდა კავშირსა,
სცხოვრობდნენ მამა-შვილურად
იყოფდენ ლხინსა და ჭირსა,
და ეს დაუჯდა ჭკუაში
რუსების მოტრფიალესა
და ეკლესიას ქონება
ხელიდან გააცალესა.
„ჩვენ ჩამოგართმევთ მამულებს,
ვიქნებით თქვენ მზრუნველადო!
არ მოხერხდება დღეს ის, რაც
ძველად გჭერიათ ხელადო!
მრევლს გაუკვირდა ეს საქმე;
რაღა მღვდლობაა მღვდლობაო,
თუ ხალხი უნდა გაგლიჯოს,
მღვდელმა დაიწყოს მგლობაო?!
ნუთუ ფეხს რამდენს გადადგამს,
სასყიდელს გთხოვდეს მღვდელიო?
მაშინ სჯობია რომ რჯულზედ
სულაც ავიღოთ ხელიო!..
ასტირდა იქით სოფელი
და აქეთ სამღვდელოება,
კისერზე აწვათ ორივეს
ეს უკუღმართი დროება..
გამოიტანეს, რაც იყო
საყდრებში სამკაულები
და სულ საჯაროდ გაჰყიდეს:
გვეჭირვებაო ფულები!..
დაუზოგავად გაძარცვეს
ყველგან მონასტრის ტაძრები
და იმ ნაძარცვით აავსეს
საუკუღმართო ბაზრები.
ხალხმა სთქვა: „ეს რა ყოფილა?
ხატს არ ჰქონია ძალაო,
თორემ თავისი გაგლეჯა
სხვას როგორ დააცალაო?
ასე რომ სძარცვენ და გლეჯენ,
რატომ არ მოსდით გულიო?
მოვტყუვდით, არა ჰქონიათ
თურმე მათ სასწაულიო!!.”
დღეს-ხვალიობით ცოტ-ცოტად
გადაუბრუნდა ხალხს გული:
აღარც ხატი სწამს, არც ჯვარი,
დაკარგული აქვს მას რჯული!
ჩვენთვის ერთია რა ენით
და როგორც უნდა სწირონო…
მშვიდობით, მადლო და ძალა,
მშვიდობით, წმინდა მირონო!..
ასრულდა მტრების განზრახვა:
რჯულს გაჰყვა ქართველობაცა
და სათვალთმაქცოდ გადიქცა
დღეს დღეინდელი მღვდლობაცა.
სხვა სარბიელიც იმავ დროს
გულდასმით რუსობანობდა,
ეგზარხოსების პროგრამას
ხმა ტკბილად მაღალ-ბანობდა.
სამასწავლებლო მზრუნველად
ნიშნავდენ იმისთანასა,
ვინც ქართველობას პირდაპირ
ყელზე აჭერდა დანასა.
ისიც მოძღვრებად ჰნიშნავდა
ქვეყნის მტერს, ქვეყნის ორგულსა,
მიტომ, რომ კუჭზე ფიქრობდენ
და ოცში იღებდენ ფულსა.
შკოლები მოსწავლეებსა
უსპობდენ დედა-ენასა,
ყურს არ უგდებდენ იმათი
მშობლების ცრემლთა დენასა.
წარსულს უგმობდენ თვისას კი
იხსენიებდენ ქებითა
და ჰპირდებოდენ მომავალს,
მხოლოდღა გარუსებითა.
პედაგოგიურ სიმართლეს
არ დაეძებდენ არადა,
მოსწავლის გრძნობა-გონებას
არ აფასებდენ ფარადა.
პოლიციაც და სამსჯავროც
ორივეს ეთანხმებოდა
და ქართველობა ამითი
ჩვენში დღითი-დღე ხმებოდა.
მოსამართლებად ჰნიშნავდნენ
ვიღაცა ოხერ-ტიალსა,
ენის და ხალხის უმეცარს
მურვან-ყრუ გადამთიელსა.
მათ მოსპეს სამსჯავროებში
ქართულ ენაზე ბაასი
და რუსულისა არ მცოდნეს
ჭირი დაერთო ათასი.
უნდა ეშოვნა სხვა ვინმე
მოლაპარაკე რუსულად,
რომ მისი ჭირი, ვარამი
მას გადაეცა მთლად სრულად.
როგორც პირუტყვი, ერთი რამ
უბრალო ძაღლი, გოშია,
იდგა უსიტყვოდ მსაჯულთან
ქართველი სამსჯავროშია.
იქ სრულდებოდა ფორმები,
სხვას რას დასდევდა მსაჯული?..
სულ ერთი იყო!.. ჩალა-ბზედ
მიაჩნდა ხალხი ტანჯული.
სულ ყოველ გვარსა სარბიელს
რუსობა ჰქონდა სახეში
და ამგვარ მოსაზრებითა
კიდეც გააბეს მახეში.
გაირყვნა ხალხი ზნეობით,
დაეცა გრძნობა-გონება
და მიენიჭა ცოცხალ-მკვდარს
ხალხს პირუტყვული მონება.
ხმის ამომღები სად იყო.
ყველას აგლეჯდენ ენასა
და ერს უფსკრულში ჩავარდნილს
უშლიდენ აღმაფრენასა.“
—:—
— კმარა, რიონო, რაცა სთქვი,
ეს ვის არ გაუგონია?
სუყველას შეგნებული აქვს,
შენ კი ახალი გგონია?..
მე კი სხვას გკითხავ და შენგან
პასუხსაც სხვაგვარს მოველი:
აწმყო და მომავლისათვის
დღეს რაღა არის ქართველი?
„რა მოგახსენოთ მაგისი…
ვგონებ, რომ არაფერია:
მხოლოდ აჩრდილი წარსულის
წინაპრის ფეხთა მტვერია!!
თუ წინაპრები სისხლს ღვრიდენ,
რომ ხელი ვერვინ გვახლოსა,
დღეს კი ქართველი ოფლსა ღვრის,
რომ სხვების ხელში გვნახოსა.
ადგილ-მამულის გაყიდვას
სცდილობენ ყველგან გულითა
და რაც ფარ-ხმალმა დაიცვა,
ის იკარგება ფულითა.
მოზღვავებულან უცხონი,
თავისკენ გაჰყავთ მათ არხი
და მოკლე ხანში ქართველებს
აღარ ექნებათ სამარხი.”
ეს შემომბღავლა რიონმა
გულსაკლავ სევდის ხმაზედა.
და ცივი წყალი დამასხა
მხურვალე გულისთქმაზედა.
– არა, რიონო! ყოფილხარ
ყოველთვის ქვეყნის ერთგული
და აწმყომ გამრუდებულმა
ვით გაგიტეხა ეს გული?
რომ ჰფიქრობ, მაგრე არ არის!
მიჰყევ სხვა მოსაზრებასა
და ჰნახავ მომავლისაგან
უმაღლეს ნეტარებასა.
ხანდახან ცეცხლი გაქრება
და გაცივდება კერაცა,
გგონია სახლი იღუპვის
და მისი ბედის წერაცა;
მაგრამ რომ გაჰქექ ცივ ნაცარს
და გამოუჩხრეკ მას გულსა,
იქ ნახავ ობოლ ნაკვერცხალს
მიმალულს, მივიწყებულსა;
და იმ ნაკვერცხლით ხელახლა
ააგუზგუზებ კერასა.
სახლი გათბება და ბნელიც
ნათელს ვერ აკლებს ვერასა.
ასეა ეროვნებაცა:
ზოგჯერ ის შელახულია,
მაგრამ სიცოცხლის ნიშანი
სადღაც კი შენახულია.
მოძებნა უნდა იმ ნიშანს
და ქვაკუთხედად დადება:
ის აკვანია წარსულის,
მყობადი დაიბადება.
ჩვენი ხეც ეროვნებისა
დღეს ვხედავთ სჭკნება და ხმება…
გრძნობას ჰგონია, მაგრამ კი
გონება არ ეთანხმება.
ხეს რა გაახმობს თუ მისი
ფესვები კიდევ ვარგია?
და ზედაც მისი წარსული
უტყუვრად მონაქარგია.
—:—
რაჭა-ლეჩხუმში მოვნახე
ის „ფესვი” „ნაკვერცხალითა“
და წარმომიდგა მე კერა
გაჩაღებული ალითა.
ის ალი ჰფენდა ნათელსა
საერთოდ იმერ-ამიერ
და ერიც ხმა-შეტკბობილად
იმღერდა: „მრავალ-ჟამიერ.“
„მრავალ-ჟამიერ! ჟამიერ!”
დასძახა მდინარემაცა
და ხმა შეუწყვეს გიჟმაჟმა
მაღალმა მთამ და კლდემაცა…”