22 ნოემბერი, 2021

ვახტანგ მაჭავარიანმა “ღამის სერენადების” ფარგლებში მასტერკლასი ჩაატარა

მსოფლიოში ცნობილმა მაესტრომ ვახტანგ მაჭავარიანმა მიზანდარის სახელობის ხელოვნების ნომერ 1 სკოლაში ფესტივალ “ღამის სერენადების” ფარგლებში მასტერკლასი ჩაატარა.

მასტერკლასში მონაწილეობა მიიღეს თბილისის ბავშვთა კაპელამ და ბავშვთა კაპელის ხელმძღვანელმა გელა ფარჩუკიძემ.

ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში დაგეგმილ მასტერკლასს მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანთან ერთად დაესწრო ფესტივალის გენერალური დირექტორი ნინა ცაგარელი.

შეგახსენებთ, რომ ფესტივალი “ღამის სერენადები” ტრადიციულად ქალაქ ბათუმში გაიხსნა. კონცერტში მონაწილეობა მიიღო იტალიელმა ბანდონეონისტმა მარიო სტეფანო პიეტროდარკმა, დირიჟორმა და კომპოზიტორმა ნიკოლოზ რაჭველმა, მომღერალმა სოფო ხალვაშმა, კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანმა კვარტეტმა – კონსტანტინე ეროიანის ( I ვიოლინო),  დავით აკოფიანის ( II ვიოლინო),  ეკატერინე გარდავაძის (ალტი), გიორგი ნადარეიშვილისა (ვიოლონჩელო) და მიხეილ ქართველიშვილის (კონტრაბასი) შემადგენლობით.

კონცერტის ფარგლებში მსოფლიოში ცნობილ კინოშედევრებთან ერთად ნიკოლოზ რაჭველმა პრემიერა წარადგინა, რომელიც მაესტრომ პანდემიის პიეველი ტალღის დროს ყველაზე მეტად დაზარალებულ იტალიელ ხალხს მიუძღვნა.