15 ნოემბერი, 2021

ულამაზესი მედეა ჯაფარიძის ულამაზესი ამბავი

მსახიობი მედეა ჯაფარიძე მისი ნიჭიერებისა და განუმეორებელი სილამაზის გარდა, ათასობით ადამიანს საოცარი სიკეთისა და გულისხმიერებისთვისაც უყვარდა. სწორედ ამიტომ მსახიობს უდიდესი პატივი მიაგეს – უკანასკნელ განსასვენებლამდე, დიდუბის პანთეონამდე ხელით მიაბრძანეს.

დიმიტრი ხვთისიაშვილი, რეჟისორი:

“1994 წლის 31 მარტს ქალბატონი მედეა გარდაიცვალა. ორწელიწადნახევარზე მეტი ვერ გაძლო რეზოს გარეშე. მაშინ რამხელა გვეჩვენებოდა. არადა, სულ რაღაც 71 წლის იყო. მიუხედავად იმისა, რომ იმ წლებში უამრავი ახალგაზრდა იღუპებოდა, ყოველდღე და თითქოს სიკვდილი გაუფასურდა, ქალბატონი მედეას დაკრძალვაზე ისეთი ჭყლეტა იყო, რომ პოლიციის დიდი ჯგუფების დამატება დაგვჭირდა.

და ერთი დეტალი არ მავიწყდება და არც არასოდეს დამავიწყდება ალბათ… თეატრიდან ქალბატონი მედეა მისმა კოლეგებმა გამოასვენეს, მათ შორის, ოთარ მეღვინეთუხუცესმა.

მარჯანიშვილის მოედნამდე გარდაცვლილი ხელით უნდა მიებრძანებინათ, შემდეგ კი აღმაშენებლის გამზირით დიდუბის პანთეონამდე. უცებ მოედანთან მიახლოვებისას ბატონმა ოთარმა ჩუმად თქვა კოლეგებთან – ბოლომდე ხელით მივაბრძანოთო, რაზეც მყისიერი თანხმობა მიიღო და იქვე უკვე ხალხშიც გაისმა აქა-იქ შეძახილები ხელით… ხელით…

აი, როგორც იდგა იმ ოთხ ადამიანს შორის ბატონი ოთარი ქალბატონი მედეას სასახლესთან მარჯანიშვილის თეატრიდან გამოსვენებისას, ასე შეუცვლელად ბოლომდე თვითონ მიაბრძანა ქალბატონი დიდუბის პანთეონამდე!!! ის მედეა იყო!!! მედეა ჯაფარიძე!!! ის ყველანაირ დაფასებას, პატივისცემასა და სიყვარულს იმსახურებდა!!!”