თამაზ ჩხენკელის გენიალური წერილი ვაჟა ფშაველაზე

თამაზ ჩხენკელის გენიალური წერილი ვაჟა ფშაველაზეპოეტმა და მწერალმა თამაზ ჩხენკელმა გენიალურ წერილი მიუძღვნა ვაჟა ფშაველას:

“დროის შურისძიება

საქართველოს “გასაბჭოების” შემდეგ ქართველმა მწერლებმა ზედიზედ გამოსცეს ვაჟა-ფშაველას კრებულები, რაკი სწორედ მის შემოქმედებაში ჭვრეტდნენ ფესვეულად ქართულ მსოფლგანცდას და მომავლისათვის ბრძოლის იმედის მომცემ პერსპექტივას. მაგრამ როგორ იყო ეს აღქმული მაშინდელი ხელისუფლების მიერ?

ტროცკის უბადრუკი მიმდევარი და ფანატიკოსი ბოლშევიკი პლატონ ქიქოძე (რა სახელს და გვარს ათახსირებს!) შავი სიტყვით იხსენიებს ვაჟა-ფშაველას შემოქმედების გამოცემისათვის მზრუნველ ქართველ მწერლებს, იმ ქართველ მწერლებს, რომლებიც თურმე “ამ ბოლო ხანებში მეტისმეტად ბევრს ლაპარაკობენ ვაჟა-ფშაველას გენიალობაზე. ჩემი აზრით კი, – განაგრძობს პ. ქიქოძე, – ვაჟას დემონსტრაციულად იმიტომ ებღაუჭებიან, რომ იგი მაჩვენებელია უმთავრესად ჩვენი უკულტურობისა და ნაციონალური პრიმიტივისა.” ცოტა ქვევით იგი წერს: “ნაციონალური კულტურის მებრძოლთათვის ვაჟა ეგნატე ნინოშვილზე უფრო ნაციონალურია, რადგან ვაჟა-ფშაველა პრიმიტივის, თანამედროვეობიდან უკან დახევის, უკულტურობის და სიბნელის “ნაციონალური” გმირია, რადგან იგი იდეალიზაციაა უკულტურობისა.” ამ გადაგვარებული, “დეგენერაციის გზაზე დამდგარი” (მისივე სიტყვებია) კაცის სტრიქონები 1924 წელს, საქართველოში ანტიბოლშევიკური ამბოხების სისხლში ჩახშობის წელს არის დაწერილი, როცა განახორციელეს სტალინის ცნობილი დირექტივა: допустить и проучить, და надо перепахать Грузию вдоль и поперек… იმ წელს, როცა ქართველი ხალხის პათოლოგიურმა ნაბიჭვარმა სერგო ორჯონიკიძემ დაახვრეტინა ვაჟა-ფშაველას უფროსი ვაჟი – ლევანი. საგულისხმოა, რომ შალვა დადიანის მეთაურობით ორჯონიკიძესთან მისულ ქართველ მწერლებს, რომელთაც სურდათ გამოეხსნათ ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის მებრძოლი ლევან რაზიკაშვილი, მას უპასუხია: ვაჟას შვილს კი არა, ვაჟა რომ იყოს ცოცხალი, იმასაც დავხვრეტდითო… ასეც იზამდნენ, ილიას მკვლელები ვაჟასაც დახვრეტდნენ. საოცარია, რომ თავის ბოლოდროინდელ ლექსებში ვაჟას აღწერილი აქვს მომავლის ეს სისხლიანი ბაკხანალია: “მამა ვაჟს მწვადად შესწვავდა, დედა – ბატარას ქალასა”, ან “დავცურავ სისხლის მორევში” და სხვა, სადაც დაუნდობელი შემუსვრისა და კაციჭამიობის სურათებია დახატული.

მაინც, საიდან მოდიოდა 20-იანი წლების ქართველი ბოლშევიკების გააფრთებული სიძულვილი ვაჟასადმი, ან შემდეგდროინდელი ქართველი კომუნისტების მიერ ვაჟას შემოქმედების ერთგვარი უგულებელყოფა?

გავიხსენოთ თუნდაც 1961 წელს უფერულად ჩატარებული ვაჟას დაბადების 100 წლისთავი!

პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ყოველგვარი ეროვნული კულტურის უარმყოფელ პროლეტარულ იდეოლოგიასთან, რომელიც არ სცნობს არც კულტურას როგორც ასეთს, და არც მით უმეტეს, არავითარ მითოსს, გარდა საკუთარი – ფილოსოფიური და რელიგიური თვალსაზრისით ღატაკი, გამოფიტული და ფუყე, ანტიჰუმანური “პროლეტარული მითოსისა”. მეორე შემთხვევაში ყველაფერი ცხადია: სტალინის ინიციატივით და დავალებით უარყოფილი იყო ვაჟას შემოქმედება საქართველოში და ეს სახელმწიფოებრივი ღონისძიების დონეზე იქნა ჩატარებული. ამბობენ, თითქოს ვაჟას შემოელახა ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატი ჯუღაშვილი. არ არის გამორიცხული! ვაჟას წიხლით დაუგორებია გაზეთ “დროების” კიბეებზე პეტერბურგიდან ჩამობრძანებული ვინმე აშინოვი, ე.წ. თავისუფალ კაზაკთა ატამანი, რომელიც იქადდა: ჩემი ხანჯლის წვერზე მივართმევ რუსეთს თეირანსო, და ახალგაზრდა ჯუღაშვილის გალახვა არ გაუჭირდებოდა. და მაინც, რატომ არ უყვარდა რუსთაველის ერთი სტროფის რუსულად მთარგმნელს, ილიასა და აკაკის “დამფასებელ” სტალინს ვაჟას პოეზია? იმიტომ ხომ არა, რომ აღიზიანებდა ვაჟას ღრმა მითოსი, მისი უნივერსალური მსოფლმხედველობა და პირწმინდად ქართული მსოფლშეგრძნება, რაკი თვითონ ქმნიდა თავის უბადრუკ, კომუნისტურ ფსევდომითოსს და ლოკალურ ფსევდოფილოსოფიურ მატერიალიზმს?

საქართველოში, როგორც ყოველთვის, ამაზრზენი გულმოდგინებით განახორციელეს სტალინის მითითება. მე მახსოვს ეს გულისამრევი კამპანია, რომელსაც “მთელი საქართველო” გამოეხმაურა. ვაჟა დასახეს ძმათამკვლელი ომების მეხოტბედ, ქართული ენის რეგრესიულ გზაზე დამყენებლად, ლამის ქართული ენის გამრყვნელად. ამას აკეთებდნენ თანამემამულეთა სისხლში ხელგასვრილი ქართველი ბოლშევიკების დეგენერაციული ბანდის პოხიერ ნეხვზე აღმოცენებული “განათლებული” კომუნისტები, რომელთა პოლიტიკური ძალაუფლება ისევე უსაზღვრო იყო, როგორც მათივე უმეცრება და მორალური იდიოტიზმი.

ვაჟამ სძლია დროს!

მან გაიმარჯვა იმ ეპოქაზე, რომელსაც რუსული ბოლშევიზმისაგან დანათლული სახელი ერქვა, სახელი იმ “ხვლიკისთავიანი” კაცისა, ვისაც სახეზე გამუდმებით ეკერა ვაჟას სილაქი.

ასე აღსრულდა დროის შურისძიება!”