24 ნოემბერი, 2021

თამარ მეფის შესანიშნავი ამბავი

მეფეთა-მეფე თამართან დაკავშირებით არაერთი ისტორიაა ცნობილი.

ისტორიკოსი გიორგი კალანდია საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ ამბავს მოგვითხრობს:

“1203 წლის ზაფხულში, კერძოდ 17-18 ივლისს ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი დაიკავეს… ამავე პერიოდში საქართველოში დაიწყო მზადება სამხედრო ექსპედიციისათვის.

მეფეთა-მეფე თამარმა საბაბად გამოიყენა ბიზანტიის კეისრის, ალექსი III-ის მიერ ბიზანტიაში მოღვაწე ქართველ საეკლესიო მსახურთა გაძარცვა და ამის საპასუხოდ მოაწყო ლაშქრობა ბიზანტიის ტერიტორიებზე.

თამარის ისტორიკოსი ასე გადმოგვცემს ამ ამბავს: „განრისხნა მეფესა ზედა ბერძენთასა, წარგზავნა მცირედი ვინმე ლიხთ-იქითნი და წარუღეს ლაზია, ტრაპიზონი, ლიმონი, სამისონი, სინოპი, კერასუნდი, კოტიორა, ამასტრია, არაკლია და ყოველნი ადგილნი ფებლაღონისა და პონტოსანი, და მისცა ნათესავსა თჳსსა ალექსის კომნიანოსსა, ანდრონიკეს შვილსა, რომელი იყო მაშინ თჳით წინაშე თამარ მეფისა შემოხუეწილი“.

ტრაპიზონის სამეფოს „ქრონიკის“ ავტორი მიქელ პანარეტოსი კი ამ ამბავს შემდეგნაირად წერს: „მოვიდა დიდი კომნენოსი უფალი ალექსი, რომელიც წამოსული იყო დიდებულ ქალაქ კონსტანტინეპოლიდან, ხოლო გამოილაშქრა კი იბერიიდან მისი მამიდის, თამარის, გულმოდგინებითა და ღვაწლით, და 22 წლისამ დაიპყრო ტრაპიზონი აპრილში, მე-7 ინდიქტიონს“.

ქართველთა ზურგამაგრებულმა კომნენოსებმა 1204 წლის აპრილში დაიკავეს ქალაქი ტრაპიზონი. არსებობს ცნობა, რომ როდესაც ალექსი ქართული ჯარით ტრაპიზონს მიადგა, ქალაქის მმართველმა ნიკიფორემ მას ციხე უბრძოლველად გადასცა. ეს სავარაუდოდ კონსტანტინოპოლის საიმპერატორო ხელისუფლების წარმომადგენელი დუკა ნიკიფორე პალეოლოგოსი უნდა ყოფილიყო…

დანარჩენი ჩემს წიგნში “ქართველები მსოფლიო ისტორიაში”. ტომი მე-14. ფოტოზე: მეფეთა-მეფე თამარი ქართულ ლაშქარს ტრაპიზონში გზავნის. მხატვარი: კახაბერ თოფჩიშვილი.”