29 ნოემბერი, 2021

შოთა ნიშნიანიძის ძალიან ლამაზი ჩანაწერი

პოეტ შოთა ნიშნიანიძის შემოქმედება იმდენად უბრალო და ამავე დროს სუფთაა, რომ შეუძლებელია პოეზიის მოყვარულებში დადებითი ემოციები არ აღძრას:

“როცა მე გარდავიცვალე, იდგა აღდგომის სწორი,
ზღაპარში ხარი ატირდა, სახლში – შვილი და ცოლი,
შემიდგნენ არაგველები, თავის მგალობლის ცხედარს,
ფარებზე გადამაწვინეს და წამასვენეს მცხეთას.
– საით, ბიჭებო, – გავძახე…
მითხრეს: უფლისა ნებით,
იქ დიდი საქართველოა, იქ აღარავინ ვკვდებით…
მე ჩავუარე ბავშვობას, – ბურთს თამაშობდა მინდვრად,
ადგა და გამომეკიდა, ღვარღვარა ცრემლებს ღვრიდა.
გადავუფრინე ციხეებს,
მთალად საქართველოს სერებს.
– ისე იყავით, კარგებო, როგორც გხატეთ და გწერეთ…
რა კარგი იყავ, სიცოცხლევ, ვერ მოგიყირჭე ქებით,
მტრებიც კი მყავდნენ კარგები, არათუ მარტო ძმები.
მშვიდობით, ჩემო ქვეყანავ, ვეღარ გიხილავ ხვალე,
ფალავნების და მგოსნების სტუმართმოყვარე მხარე.
სულმა დავლოცე ცოლ-შვილი და პატიებაც ვთხოვე
ჩემი ცხოვრების სიხარულთ,
ჩემს ჯვარს და სვეტიცხოველს.
როცა მე გარდავიცვალე, იქ დავიბადე მყისვე,
ჩემი გვარის და სახელის ვიღაც ატირდა ისევ.
იტირე, ჩემო პატარავ,
გამახარე და მტანჯე,
ტირილით უთხარ მადლობა ჩვენს მარადიულ გამჩენს…”