5 ნოემბერი, 2021

საშა გველესიანის ულამაზესი ჩანაწერი

მსახიობი და პოეტი საშა გველესიანი ერთგულ მკითხველს ულამაზეს ლექსს უზიარებს, რომელიც მამას ეძღვნება:

“მამა…

მამა ღმერთს ჰგავდა, თეთრი იყო,
უცხო და თბილი,
თვალებით (სადღაც ცასთან ახლოს)
ჩემი სჯეროდა
და იყო ცოტა, თითებზეღა
იყო დათვლილი,
მზე ყოველ დილას ითენებდა
მამის ჩეროდან.
რამდენი დღეა უგანგებო
და ნამიანი,
რამდენი ღამე – კიდევ ერთხელ
გადასალახი,
როდესაც კიბეს ავიწყდება
ადამიანი
და საფეხურზე ჩამოჯდება
მწვანე ბალახი…
მტრედებს მარცვლები დავუყარე
ცისკრის წამიდან,
მოვალ და მძინარს, ლოცვასავით,
გეამბორები,
მერე, გამიშვი – მამაჩემიც
ასე წავიდა,
მხრებში მოხრილი და ჭაღარა
მეტაფორებით…
…და ამ მოხრილ მხრებს,
ჰორიზონტთან,
სიკვდილი ჰქვია,
ჩემნაირ სახეს შემოდგომა
უხმოდ, რომ ტოვებს…
მერე, ვთოხნიდი ნავენახებს,
ნიადაგ ქვიანს,
მე და თოხს, მიწა გვაკვნესებდა,
სიმაღლით ტოლებს.
რატომღაც ყველამ წასასვლელი
გზები მასწავლა,
უმისამართოდ, უსაგზლოდ
და სიტყვაც – ,,მშვიდობით..”
,,ნახვამდის” – არა,
ერთჯერადი ვარ მაწანწალა
და ბავშვობიდან ვერთობოდი
მხოლოდ დიდობით.
რამდენჯერ, ყინვა შემომიწვა
– თეთრი წაწალი
და ნამთვრალევზე ვალაგებდი
თავში რა დომხალს,
მტრედებს მარცვლები დავუყაროთ,
გზას თუ მასწავლი,
თორემ მასწავლეს წასასვლელი
გზები, რატომღაც…
ვიღიმებოდი – არ ვიცოდი
როგორ მეტირა,
რა ვქნა, ღიმილი მეძალება
ვეღარ დავმალე
და მამის ღიმილს ვიმეორებ…
კიდევ, მეტი – რა..!
– სხვა ტკივილია ამ ტკივილის,
ალბათ, წამალი…
ქარი ჭადრების ხეივანში
დადის ზმორებით,
ზამთარს ფოთლების ჩამოცვენის,
ვგრძნობდი წამიდან,
ღმერთს ჰგავდა მამა, ცასთან ახლო
მეტაფორებით,
მტრედებს მარცვლები დაუყარა…
მერე – წავიდა…”