7 ნოემბერი, 2021

სამაგალითო მერაბ კოსტავა

პოეტის, დისიდენტისა და უფლებადამცველის მერბა კოსტავას ცხოვრება თითოეული ქართველისთვის საამაყო და სამაგალითოა. მისი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი კონსტანტინე გამსახურდიამ გაგვახსენა:

“მერაბ კოსტავა, დისიდენტი, უფლებადამცველი, პოეტი (1939-1989) საბჭოთა საქართველოს ერთ-ერთი ელვარე ინდივიდუალობათაგანი, ზვიად გამსახურდიასთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის პროტაგონისტი, ვინც 10 წელიწადი საბჭოთა ლაგერებში გაატარა.

ირკუტსკის ლაგერში მან 13 თვეზე მეტხანს იშიმშილა, იმის ხარჯზე, რომ მას ხელოვნურად კვებავდნენ. ეს მის ვრცელ ლექსშიც არის ნახსენები, (ჰქვია “შიმშილობა”) რომელიც იქ ყოფნისას დაწერა: “და ხელოვნურად ვისაც კვებავენ, / შეუნელებელს განიცდის შიმშილს.” კვება კი ხდებოდა შლანგით, რომელსაც პირში სჩრიდნენ, თუ წინააღმდეგობას გაუწევდი, შესაძლოა კბილები დაზიანებულიყო, ამიტომაც არ ღირდა ეს. მერე კი მოშიმშილეს პირში ასხამდნენ ფქვილის, შაქრის, რძის და კვერცხის ცილის ნარევს.

სტრიქონები, რომელსაც აქ ვაქვეყნებთ, თავისი შინაგანი მუხტით ავთანდილის ლოცვის ამ სიტყვებს უტოლდება თითქმის – “მაგრამ ღმერთი არ გაწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.” ვერასოდეს ვკითხულობ ამას გულგრილად და ცრემლის გარეშე….

“გინდა მომკალ და გინდ დამარჩინე,
მასზე მეტი ვარ, ვიყავი რაცა,
გმადლობ უფალო, რომ გამაჩინე
აუხდენელი ოცნების კაცად.
……………………………………………
ფიქრთა ნაკადი იმედებს გისევს,
კვლავ დაიქუხებ, თუ ისევ მორჩი,
თუ ვეღირსები ნეტავი ისევ
იმ ჰარმონიას სულის და ხორცის,
გაშლილი გულით, ღიმილით პირზე
ისე, ქართველ კაცს ვით ეკადრება,
თუ მეღირსება ნეტავი ისევ
ამაყად დგომა ნაცნობ ჭადრებთან.
კოლხეთით ტკბობა რიონის პირზე,
მუხლის მოდრეკა ქართულ ტაძრებთან.
ეს თუ არ მოხდა, აღარ ვინაღვლი,
ჩემი ცხოვრება გავლიე სწორად;
მუდამ მთლიანი ვიჯექ ინახად,
არ გავთიშულვარ აროდეს ორად.
წილხვდომ სიკვდილს თუ ვუმზერდე ავად
მაშინ ნამუსის ქუდი გავთელო;
ჩემი სამშობლო ზეცაა თავად,
მერმედ ეს მიწა, და საქართველო.”

ამ სტრიქონების შემდეგ მერაბს საქართველოში ჩამოსვლა ეღირსა. დიადო სულო, დაე, გაიმარჯვოს შენმა საქართველომ, ვისთვისაც შენ სანთელივით იწვოდი და უდროოდ წახველ უკვდავთა საუფლოში.”