მთავარი გზავნილი ბესიკ ხარანაულისგან

მთავარი გზავნილი ბესიკ ხარანაულისგანბესიკ ხარანაული – შესანიშნავი პოეტი და მწერალი მთავარ გზავნილს გვიგზავნის:

“რომ ვერ დალაგდა შენი ქვეყანა

სიმღერა

გახედავ ზეცას – იქვეა ზეცა,
ყოველი ნივთიც, თავის ხარისხით,
ისევ იქა დგას ფეხმოუცვლელად,
– დაკარგულია მარტო ხალისი.
ბლუზი ის არის,
კარგი კაცი რომ ცუდად არის,
სიმღერა არის,
კარგი კაცი რომ დაკარგავს ხალისს.
ცოცხალს ცხოვრებას რომ დაუნგრევ
მომავლისათვის –
სიბრძნე ის არის!
ხალისი, თითქოს ყველასია
და არავისი,
სიტკბოებისაც მარილია და სიმწარისიც.
თავსაც ვერ იკლავ, თუ არ იქნა შენში ხალისი,
ამ საახალწლოდ ველოდებით,
ან სამაისოდ,
არ გვეშინია,
ჩვეული ვართ გაის-გაისებს,
უხალისოდაც ვიახალწლებთ
და ვიმაისებთ…
ბლუზი ის არის,
კარგი კაცი რომ ცუდად არის,
სიმღერა არის,
კარგი კაცი რომ დაკარგავს ხალისს.
დროს თუ პოეტი არა ჰყავს,
ის რაღა დროა,
დროს თუ ხალისი არა ახლავს,
უსამართლოა.
დაღალა კაცი
პოლიტიკის
სოლო კონცერტებმა,
როდემდის გაუძლებს ცა,
მიწას
როდის მობეზრდება?
ლიქნი, უწესობა,
ქვეყნის მობეზღება…
წაგვართვეს სივრცე
მუსიკოსებს, პოეტებს,
წაგვართვეს ჰაერი,
ვეღარც ვაპროტესტებთ.
ათასი სხვადასხვა
თავს დაგვტრიალებს,
თუ არ დავკოდეთ,
გაგვატიალეს!
მითხარ, სამშობლოვ,
შენმა ვენახმა
რა მოისხა და
რა იმტევანა?
ასეთი ჭირი რა შეგეყარა,
რომ ვერ დალაგდა
შენი ქვეყანა?
ეს მასხარების თეატრი არის,
თასში ჩაღვრილა
იმათი დორბლი,
გადავიცლიდით,
რომ იყოს ჟანგი,
მოვიშორებდით,
რომ იყოს ობი,
მაგრამ ლანდია
და ძილის ბანგი,
შეგუებული ხალხისგან წლობით:
ეს პოლიტიკის თეატრი არის,
იყო პოეტის
და მსახიობის.
აგავსებს რისხვა
და დაიდუმებ:
რადგან სხვებია პირ-ართხმულები.
სამშობლოს იტყვი,
და, დაიდუმებ:
რადგან სხვებია დანაუფლები,
არასრულები,
გაბასრულები,
სამშობლოს ტყავში
გადაცმულები.
დროს თუ პოეტი არა ჰყავს,
ის რაღა დროა,
დროს თუ ხალისი არა ახლავს,
უსამართლოა.
ამდენი წელია
ადგილი არა გვაქვს,
როგორც ხელს ვერ ატევს
მაძღარი ქამარში,
ვეღარსად იმღერებ,
ვეღარსად იცეკვებ,
ხელებსაც
ვერ გაშლი.
დროს თუ პოეტი არა ჰყავს,
ის რაღა დროა,
დროს თუ ხალისი არა ახლავს,
უსამართლოა.
ამდენი წელია,
ამ საქართველოში,
პოეტს გაეყინა
ნერწყვი
საყელოში.
ისღაა ხალისი,
კურკას რომ გაისვრი…”