27 ნოემბერი, 2021

ლაილაშის ბიბლიის საოცარი ისტორია

ლაილაშის ბიბლია – ქართული საგანძურის ერთ-ერთი ფასდაუდებელი მარგალიტია.

ისტორიკოსი გიორგი კალანდია ამ უნიკალურ გამოცემასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ამბავს გვიამბობს:

“ძველ ფოტოებს ვათვალიერებდი და არც კი ვიცოდი, რომ აწ განსვენებულ, ცხონებულ ქალბატონ ლამარა ქაჯაიასთან მქონდა ფოტო გადაღებული. ამ ძვირფასმა სურათმა ერთი საოცარი ამბავი გამახსენა – ცოტამ თუ იცის იმ ერთი გმირობის შესახებ, რომელიც ლამარა ქაჯაიამ უხმაუროდ ჩაიდინა და ამით ჩვენი ეროვნული საგანძური დიდი განსაცდელისაგან იხსნა: სამოქალაქო ომი ახალი დამთავრებული იყო, სიცივისაგან გათოშილ თბილისში ადამიანები კანტიკუნტად დადიოდნენ, არ იყო შუქი, ნავთის გაზქურებით თბებოდნენ.

სწორედ ამ პერიოდში ხელნაწერთა ინსტიტუტის თითქმის ყველა თანამშრომელი სამსახურში დადიოდა, იქ დავანებულ საუნჯეს ყველა შესაძლებელი ხერხით უვლიდა, მათ შორის სამაგალითო ლამარა ქაჯაია იყო. და, აი, ერთ დილას, ამ დარბაისელ ქალბატონს ინსტიტუტის კარებთან ერთი „მკვლევარი“ შეხვდა, რომელმაც არც თუ ისე ურიგო წინადადება შესთავაზა. ეს ე.წ. მკვლევარი მთავარ მცველს ლაილაშის საქვეყნოდ განთქმული ბიბლიის ინსტიტუტიდან გამოტანას ფურცელ-ფურცელ სთხოვდა, ყოველი მოპარული გვერდის ნაცვლად მთავარი მცველი ზუსტ ასლს და სოლიდურ გასამრჯელოს მიიღებდა…

თბილისში გაუსაძლისად ყინავდა, თვეობით გაუცემელი ხელფასები კი ინსტიტუტის თანამშრომლებს გარდაუვალ შიმშილს უქადდა… ლამარა ქაჯაიას დიდხანს არ უფიქრია, „მკვლევარს“ მოჩვენებითი თანხმობა მისცა, მომხდარი კი ინსტიტუტის დირექტორსა და სამართალდამცავებს აცნობა… ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მაშინ ქართველმა სამართალდამცავებმა სერიოზული ბანდფორმირება გამოვლინეს, რომელსაც ძვირფასი წიგნის საზღვარგარეთ გატანა ჰქონდა დაგეგმილი…

X საუკუნის უნიკალური ებრაულენოვანი ბიბლია დღეს ისევ საქართველოში ინახება და ჩვენი ეროვნული საგანძურის მარგალიტს წარმოადგენს, ამ სიძველისა და მნიშვნელობის ხელნაწერი ხომ მსოფლიოში სულ რამდენიმეა შემორჩენილი.”