29 ნოემბერი, 2021

კონსტანტინე გამსახურდია გალაკტიონ ტაბიძეზე

კლასიკოსმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ გალაკტიონ ტაბიძემ ესსე მიუძღვნა.

“არტინფო” გთავაზობთ ამონარიდს უძლიერესი წერილიდან “გალაკტიონი”:

“მე წილად მერგო უბედურება – მუდამ ჩემთვის უსაყვარლესი მეგობრების გლოვა – ჩემი სიყმის მეგობრები დავიტირო…

მას შემდეგ, რაც გალაკტიონი დაგვეღუპა, იგი სიზმრებში მეცხადება ხშირად.

ჩვენს მეგობრობას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს.

1910 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიის მოწაფე გალაკტიონი ჩემთან მოვიდა, მთხოვა: ქართულ გიმნაზიაში მოწყობაში დამეხმარეო. ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. იგი ფიზიკურად ლამაზი იყო, სულით უმანკო და სათნო.

მე მისი სიჭაბუკის ლექსები წაკითხული მქონდა და დაუყოვნებლივ ვეახელი ჩემს პედაგოგებს: ქართული გიმნაზიის დირექტორს, იოსებ ოცხელსა და სილოვან ხუნდაძეს. მათ დიდი სიამოვნება გამოთქვეს ამის გამო და დამპირდნენ: მას გამოუცდელად ჩავრიცხავთო მეშვიდე კლასში.

გალაკტიონს ეს ვამცნე, მაგრამ მან რატომღაც აღარ ინდომა სკოლაში შესვლა. მე უცხოეთს გავემგზავრე, წასვლის წინ ქუთაისში ვეძიე ამაოდ.

მრავალი წელი გავიდა ამის შემდეგ. გალაკტიონს შევხვდი ტფილისში 1918 წელს. იგი შეხვედრისას მუდამ მკოცნიდა: შენთან მოვალო მპირდებოდა და ჩემს ბინაზე კი იშვიათად ყოფილა.

საკმაოდ უცნაური იყო ჩვენი ურთიერთობა.

ყოველი ჩემი წიგნის გამოსვლისას იგი დამირეკავდა და მომილოცავდა. მარწმუნებდა: სხვანიც რომ არ იყვნენ, ამ საუკუნეს მე და შენც ვეყოფოდითო. ძალიან სურდა ჩემთან ქეიფი, ჩემს სახლში ვიწვევდი, იგი რესტორნისკენ მიმეზიდებოდა.

ერთხელ ასეთი სკანდალიც მომიწყო: სახელგამის წინ მე ჩემს მირანდას ვუცდიდი. გალაკტიონი დამეძგერა – წამოდი, დავლიოთო, მე მწერალთა კავშირში ვიყავი წასასვლელი იმ დღეს და არ გავყევი.

იმჟამად ნადირობის დროს ფეხი მქონდა ნაღრძობი, ამიტომაც ჯოხს ვატარებდი, გამომტაცა ჯოხი და მიწაზე დაანარცხა…

ასეთი იყო გალაკტიონი თავის მეგობრების მიმართ.

დღესაც ვქირდავ კიდევაც ჩემს თავს, რომ მე ენერგიულად არ ჩავერიე მის ცხოვრებაში.

ცხოვრება სად ქონდა მას. გალაკტიონმა ედგარ პოს გადააჭარბა თავისი შესანიშნავი ლირიკით, მაგრამ მე მგონია, ედგარ პომ დიდი ზეგავლენა მოახდინა მის ცხოვრებაზე.

საქართველო მუდამ იამაყებს სამი დიდი ქართველის სახელით: ესენი გახლავთ რუსთაველი, ვაჟა-ფშაველა და გალაკტიონ ტაბიძე. მე ხანდახან აგრე მგონია, რომ ვერც რუსთაველი, ვერც ვაჟა გალაკტიონის უფაქიზეს ლირიულ შედევრებს ვერ დასწერდნენ.

მე პირადად, ასე თუ ისე, ვიცნობ მსოფლიო პოეზიას და გალაკტიონისთანა დიდი ვირტუოზი ლექსისა არც საქართველოს და არც ჩვენს პლანეტას არ მოეპოვება.

იგი ვირტუოზია არა მარტო ლექსისა, ქართული ენის დიდი შემოქმედიცაა. ქართული ენა მის ხელში მორჩილია, როგორც გადადნობილი ცვილი… არსად იგი ძალას არ ატანს ენას.

გოეტე ბრძანებდა: მწერლობა, პოეზია ენის მიმართ ძალდატანება არისო. გალაკტიონი ამას არ ჩადის. იგი სავსებით დამოუკიდებელია ჩვენი კლასიკოსებისაგან.

მისი ლექსი არის რაღაც უჩვეულო და გაუგონარი ფეერია, მისი პოეტური სახეები აროდეს ნახული შეუდარებელი და ბრწყინვალე ფეერიაა.”