ივანე ჯავახიშვილის ბედისწერად ქცეული ლექცია

ივანე ჯავახიშვილის ბედისწერად ქცეული ლექციათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის, ისტორიკოსის ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებაში 1940 წლის 18 ნოემბრის ლექცია ერთდროულად ყველაზე გამორჩეულიც და ყველაზე საბედისწეროც აღმოჩნდა.

გიორგი კალანდია, ისტორიკოსი:

“1936 წელს ივანე ჯავახიშვილი წერდა: “განახლდა ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა. რექტორმა კარლო ორაგველიძემ 3-საათიანი მოხსენება წაიკითხა უნივერსიტეტში, რომელშიც ყველა ჩემი ნაშრომის უვარგისობის დამტკიცებას ლამობდა, ბევრი შხამი პრორექტორმა გრიგოლ ჯანელიძემაც წამოანთხია… და ზოგმა ჩემ ყოფილ მოწაფეთაგანმაც თავი ისახელა… მე გადავწყვიტე, რომ ამის შემდგომ უნივერსიტეტში დარჩენა აღარ შეიძლებოდა, რადგან ეს ჩემი თავმოყვარეობის სრულ შელახვას უდრიდა…“

უნივერსიტეტის რექტორი და წითელი პროფესორი კარლო ორაგველიძე ჯავახიშვილს ფალსიფიკატორსა და ისტორიული ფაქტების გამყალბებელსაც ეძახდა…

მიუხედავად ამისა, დიდი ივანე მორალურად მაინც ვერ გატეხეს. უნივერსიტეტიდან გაძევებული და მორალურად უმძიმეს მდგომარეობაში ჩაყენებული მეცნიერის რეაბილიტაცია მხოლოდ მისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მოხერხდა…

სიცოცხლის ციკლი მუდამ სიკვდილით მთავრდება, სევდიანად წერს პროფესორი სერგო ჯორბენაძე: „ადამიანებს ერთხელ და თანაც დროებით ეძლევა სიცოცხლე“… ასე იყო ივანე ჯავახიშვილის შემთხვევაშიც. 64 წლის მეცნიერი 1940 წლის 18 ნოემბერს ხელოვნების მუშაკთა სახლში ლექციას კითხულობდა… დარბაზი გადაჭედილი იყო… ამბობენ: ბოლო წამამდე არ დაუკარგავს საკუთარ თავზე კონტროლი, არისტოკრატიული რაინდობით ებრძოდა სიკვდილს, თითქოს მსმენელის ერიდებოდა, თავის ჩაქინდრვა არ უნდოდა, ბოლოს მაინც სიკვდილმა აჯობა… მანაც იდაყვზე დაყრდნობით ხელისგულზე ჩამოდო თავი… ეს ივანე ჯავახიშვილის უკანასკნელი ლექცია იყო…”