19 ნოემბერი, 2021

იერუსალიმში უკვალოდ გამქრალი დისკოს ამბავი

იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერში უკვალოდ გაქრა ლითონის ცნობილი დისკო, რომელსაც ამშვენებდა წარწერა “დექით მამანო მტკიცედ და შეურყევლად”!

ისტორიკოსი გიორგი კალანდია ერთ-ერთი უკანასკნელი მკვლევარია, რომელმაც ის ცნობილი დისკო უგზო-უკვლოდ გაქრობამდე ნახა:

“მე ვიყავი ერთ-ერთი უკანასკნელი ქართველი მკვლევარი, ვისაც მერგო პატივი იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერში მენახა ლითონის ის ცნობილი დისკო, რომელიც ამ ეკლესიის იატაკის ცენტრში იყო ჩამაგრებული. მასზე ეწერა “დექით მამანო მტკიცედ და შეურყევლად”!

თითქოს მოწოდებაა, შეგონება, ჩვენი სახელოვანი წინაპრების მოძახილია საუკუნეებიდან! დიახ, ჩვენ ქართველები უნდა ვიდგეთ მტკიცედ და შეურყევლად, არ უნდა შევუშინდეთ არცერთ დროებას, არანაირ გამოწვევას! მაშინ ამ წარწერის დანახვამ გამახსენა ირაკლი აბაშიძის ერთი ამაღელვებელი ჩანაწერი:- “დექით მტკიცედ და შეურყევლად“…

ჟრუანტელმა ამიტანა. ამ პატარა ლითონის დისკომ თითქოს ქვემოდან ამწია და ჰაერში შემისროლა. თითქოს იატაკიდან ამოვარდა გუგუნი თავგანწირულთა მოწოდებისა, თუ მახვილდაკრულთა ხმაჩახლეჩილი ძახილი, სადღაც საუკუნეების გაღმიდან. რითი არა ჰგავს ეს ძველი ქართული ახალს: „არც ერთი ნაბიჯი უკან!“….

სამწუხაროდ, წლების შემდეგ ეს წარწერა იერუსალიმში დაიკარგა, უკვალოდ გაქრა….. მე კი შემომრჩა დიდებული მოგონება და ჩემს მიერ ამ წარწერიდან გადაღებული ლამაზი კალიგრაფიით შესრულებული ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა “მტკიცედ”! ჰოდა, ქართველებო, “მტკიცედ”…

დანარჩენი ჩემს წიგნში “ქართველები მსოფლიო ისტორიაში” ტომი მე-15.”