გურამ ქართველიშვილის ძალიან კარგი წერილი

გურამ ქართველიშვილის ძალიან კარგი წერილიისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი ძალიან კარგ წერილს გვთავაზობს:

“გადარჩენა განათლებაშია

რაც მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეთა მიჯნაზე ვახტანგ მეექვსემ ურთულეს გეოპოლიტიკურ პირობებში უდიდესი საგანმანათლებლო მოძრაობა ააღორძინა საქართველოში, მას აქეთ ქართული საგანმანათლებლო და იდეოლოგიური პროცესი არ შეწყვეტილა, მიუხედავად მუდმივი საგარეო საფრთხეებისა და სისხლისმღვრელი ასწლეულებისა.

ვახტანგის ეპოქის საქართველო მართალია სამეფო სამთავროებად იყო დაყოფილი და ვახტანგის ხელისუფლება მხოლოდ ქართლის სამეფოზე ვრცელდებოდა, მაგრამ მისმა ფართო საგანმანათლებლო მოღვაწეობამ ყველა სამეფო-სამთავრო მოიცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხარში დგომის შედეგად.

სწორედ სწავლულ კაცთა ვახტანგისეული კომისიის და მონასტრების მეშვეობით იქმნებოდა და ვრცელდებოდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმ დროს თბილისში მოქმედ სტამბაში დაბეჭდილი და მონასტრებში, ბერების თაბუნებში (გადამწერთა და წიგნის ამწყობ ბერთა მონასტრული საძმოები) გადაწერილი საღვთისმეტყველო, საერო წიგნები, თუ საყმაწვილო სახელმძღვანელოები.

არადა სწორედ სწავლულ კაცთა ვახტანგისეული კომისიის უაქტიურესი წევრი და ისტორიკოსი ბერ ეგნატაშვილი ახალ ქართლის ცხოვრებაში წერდა, თუ რარიგ გადაგვარებული იყო უკვე მაშინდელი მოწინავე ქართველი საზოგადოება. მისი ვრცელი გოდება ზნეშერყეულ ქართველობაზე ასეთი წინადადებით იწყება: – ,,და იწყო გარდაცვალებად ქართულმა წესმა და რიგმა….”

სწორედ ამ სულიერ და ეროვნულ გადაგვარებას აღუდგა წინ ვახტანგისეული დიდი საგანმანათლებლო მოძრაობა და მიუხედავად ქვეყნის დაშლილობისა, საქართველომ კვლავ ქართული იდეოლოგიისკენ იწყო დაბრუნება. ასეთმა მოძრაობამ სახელმწიფოებრივი აზროვნება აამოქმედა ქართველ არისტოკრატიაში და მიუხედავად ვახტანგის ხელისუფლების დამხობისა ირან-ოსმალეთის აგრესიის შედეგად, მისმა საგანმანათლებლო საძირკველმა ერეკლე მეორეს და სოლომონ პირველის თავდადებულად მებრძოლი საქართველო შვა.

ვახტანგის ჩაყრილმა უდიდესმა საგანმანათლებლო ღვაწლმა პოლიტიკურად დანაწევრებული საქართველო იდეოლოგიურად გააერთიანა, მეთვრამეტე საუკუნეში საგანმანათლებლო საქმე საქართველოში კვლავ ეკლესიამ ითავა კათალიკოს ანტონ პირველის (ერისკაცობაში თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელი) მეცადინეობით, რომელმაც ვახტანგისეული სტამბა აღადგინა და მონასტრებში ისევ შექმნა წიგნის გადამწერ-ამწყობთა თაბუნები.

იმ უმძიმეს ეპოქებში ქმნიდნენ შეუძლებელს საქართველოს ეს მესვეურები, რამაც შედეგად გადაგვარების ხახაში ჩავარდნილი ქართველობა ქართული ცხოვრების წესზე დააბრუნა და ქართული აზროვნება კვლავ პოპულარული გახადა. მეცხრამეტე საუკუნეში საგანმანათლებლო მოძრაობით შემოაბრუნეს გარუსების გზაზე შემდგარი ქართველობა ილია ჭავჭავაძემ, იაკობ გოგებაშვილმა და ქართველი ნაღები ინტელიგენციის დიდმა დასმა (სამოციანელებმა) უმძიმესი წინააღმდეგობის ფონზე და მათი ესტაფეტა მეოცე საუკუნეში გადაიბარა ივანე ჯავახიშვილის მიერ დაარსებულმა უნივერსიტეტმა, სადაც დაირწა ქართული სამეცნიერო სკოლების აკვანი. ბოლშევიზმის უმძიმეს ეპოქაში შეძლეს ჯავახიშვილის გუნდმა და მათმა მოწაფეებმა საქართველოში განათლების დონის არნახულად ამაღლება, რამაც შედეგად ქართული კულტურა და აზროვნება რენესანსულ სიმაღლეებამდე აიყვანა საბჭოთა ეპოქის პირობებში.

დღეს კი, როცა ასე აშკარად მიმდინარეობს ქართველი ერის აზროვნებიდან ყოველგვარი ქართულის წაშლა საქართველოში და ვახტანგის, ილიას, ივანეს და მათი მოწაფეების საუკუნეობით ნაღვაწი წყალში იყრება, არ აღმოჩნდა საქართველოში ძალა, (არც ინტელიგენციაში, არც ბიზნეს წრეებში და არც ეკლესიაში) ან თუნდაც ერთი მძლავრი ორგანიზებული ჯგუფი ქართული საგანმანათლებლო და იდეოლოგიური ცენტრის შესაქმნელად, რომელიც დაუცხრომელი მოღვაწეობით შეძლებდა ნეოლიბერალური, გადამგვარებელი რეჟიმის პირობებში ერის აზროვნების ჩიხიდან გამოყვანას.

არადა, თუ წინაპრების მიერ წარმატებით ნაცად გადარჩენის საგაბმანათლებლო გზას და ხერხს არ დავუბრუნდით სათუოზე სათუოა ქართველები როგორც ერი გადავრჩეთ ასეთ გაუსაძლის ქართველთმოძულე სახელმწიფოში, რომელიც ქართული სულის და სახელმწიფოებრივი აზროვნების მკვლელობის პოლიგონად ვაქციეთ თვითონ ქართველებმა…

P.S. იფიქრეთ ამაზე ძლიერნო ამა ქვეყნისანო (ერო და ბერო) ვისაც ქართველობა შეგრჩათ და კი ნუ გადამემტერებით სიმართლისთვის, არამედ გაითვალისწინეთ ერთი მოკვდავის აზრი, რომელიც საუკუნეთა გამოცდილებაზეა დამყარებული. თუ არადა ქართულ საქმეს მე ცოდვილი მარტოც კი ვაკეთებ, ოღონდ ეს ზღვაში წვეთია.

შევქმნათ ,,ძლიერნო” ერთი ქართული საგანმანათლებლო და იდეოლოგიური ცენტრი, ტელევიზიით, სტუდიებით, აუდიტორიებით და, რაც მთავარია, ქართულად საღად მოაზროვნე ინტელექტუალებით (სანამ ჯერ კიდე გვყვანან) გაძლიერებული ორგანიზაცია.

ვწერ მაინც, იქნებ ვინმეს შეუღიტინოს მემკვიდრეობითმა მოვალეობამ და სინდისმა.”