გოგი ხარაბაძის ძალიან კარგი წერილი

გოგი ხარაბაძის ძალიან კარგი წერილიმსახიობი გოგი ხარაბაძე წლებია არც თეატრის სცენაზე და არც კინოში არ გამოჩენილა, რაც მის ერთგულ მაყურებელს გულს სტკენს.

“არტიფნო” გთავაზობთ გოგი ხარაბაძის წერილს, რომელიც ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეულია:

“თელავში ვიყავით! ჩემმა მეგობარმა სიტყვა თქვა (სუფრაზე), რომელიც ე.წ. “ბანალურ ჭეშმარიტებათა” კატეგორიას მიეკუთვნება. თემა სიკვდილ-სიცოცხლეს ეხებოდა. ეს თემა ბოლო წლებია ტვინს მიბურღავს. ვეძებ სულიერ სიმშვიდეს ამა თუ იმ ფილოსოფიურ მოძღვრებაში. ეს სიტყვა კი დაახლოებით ასეთი იყო – ჩვენა ვართ დროებით მოლაპარაკე, მოქმედი და მოძრავი საქართველოს მიწა! ჩვენი ამგვარი ყოფა დიდი დიდი 80 წელი გასტანს. მერე კი სამუდამოდ მიწა ვიქნებით და განა უბრალო, ჩვეულებრივი მიწა – არა, საქართველოს კურთხეული მიწა! და როდესაც ვინმე (ისევე დროებითად მოქმედ-მოლაპარაკე) დაიფიცებს თავის მიწას, თავის ქვეყანას, თავის სამშობლოს, ის მე და შენ ვიქნებით, ჩემო გოგი. ე.ი. მე საქართველო ვიქნები!

ათი წლის წინ ჩემი მეგობრის ნათქვამი ეს სიტყვა შემახსენა “ლიტერატურულ საქართველოში” დაბეჭდილმა ტარიელ ჭანტურიას ერთმა ლექსმა. ისიც ამ ჭეშმარიტებას იმეორებს. ეძახე ახლა შენ ამას “ბანალური ჭეშმარიტება”. მთავარი ისაა, რომ ჭეშმარიტება ყოველთვის ჭეშმარიტებაა და მე – საქართველო ვარ და ვიქნები!”