16 ნოემბერი, 2021

გენიალური მუხრან მაჭავარიანი

პოეტ მუხრან მაჭავარიანს თავისი გულწრფელი და განუმეორებელი პოეზიის გამო, ნამდვილად შეგვიძლია გენიალური ვუწოდოთ. ის ნამდვილად არაჩვეულებრივი შემოქმედია თუნდაც ლექსის “გოდება ცოტნესი” – (უკვე ღრმად მოხუცისა) დაწერის გამო:

“ეს რაი გვიყავ?! –
ეს ვის ხელში ჩაგვყარე ზენავ?!
– გვრიტ არს ამათთან შედარებით თვით ყრუ მურვანი!
კაცი დავბერდი,
მე ამათი გავიგე ვერრა;
ჩვენი ამ რეგვენთ
არამარტო არ მოსწონთ ენა,
ასე განსაჯე,
გვიწუნებენ ზოგჯერ პურმარილს.
თავი თვითეულს ისე ყინჩად უჭირავს ჩვენში, –
თითქოს ის ჩვენთან კი არ იყოს,
ჩვენ ვიყოთ მასთან…
ასი წელია სულსა ღაფავს ქართლი მათ ხელში
და კიდევ ასე,
ღმერთმა იცის, – რამდენხანს გასტანს.
კი, მაგრამ, ღმერთი აღარაა?! –
სადაა?! – თუა?! –
ასე აბუჩად შეიძლება აგდება ერის?!
ბედი ქართლისა გადაწყვიტა ვინც ორწყალშუა,
ჩვენი უმტრესი ის გამოდგა დაბოლოს მტერი.
რაც მოვითმინეთ, მოთმინებად, მე მგონი, კმარა! –
დროა მივბაძოთ გმირთა ძველთა, –
კაცთა უწინდელთ!
ცოტნეს თავისი წელზე ერტყას დადიანს ხმალი
და საქართველოს, მამულს მისას, ასე უჭირდეს?!
კი, მაგრამ, ღმერთი აღარაა?! –
არადა როა!?
ვაი დედასა! – რა უბრალოდ წავაგეთ ჭკუა!
ვის შევეყარეთ! –
ეს ვინცხაა, მურვანზე ყრუა!
როგორც ვიყავით,
ვიმყოფებით კვლავ ორწყალშუა!”