29 ნოემბერი, 2021

ეთერ კაკულიას ორიგინალური თავგადასავალი

მომღერალი ეთერ კაკულია სიცოცხლის ბოლო წუთამდე ცდილობდა თავისი ტკივილით არავინ შეეწუხებინა. მუდამ მხიარული და ხალისიანი არაერთხელ აღმოჩენილა სასაცილო მდგომარეობაში. გამონაკლისი არც აზერბაიჯანული გასტროლი აღმოჩნდა:

“ერთხელ სამთავრობო დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანში წავედით რამდენიმე კაცი კონცერტი უნდა ჩაგვეტარებინა. ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა და ძალიან კარგი ბანკეტი გაგვიმართეს.

თამადა აზერბაიჯანელი კაცი იყო, დიდი ულვაშები ჰქონდა. ძალიან კარგად განეწყო ჩემ მიმართ – ეთერ ხანუმს მეძახდა. ოთხი კაცი გამოაგზავნა წინადადებით – მეოთხე ცოლად არ წამომყვებაო? მერე სასტუმროში მომაკითხა დიდი თაიგულით.

ეს კაცი არ იცინოდა და ძალიან დამაინტერესა, რატომ არ იცინოდა. რაღაცეებს ვუყვებოდი რუსულად, მინდოდა, გაეცინა, მაგრამ ვერაფრით ვერ გავაცინე. როგორც იქნა რაღაც ამბავი მოვყევი, რომელზეც გაეცინა და ოცდათორმეტივე კბილი ოქროსი ჰქონდა. რა დამემართებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ?!”